top of page

კრიპტო საინფორმაციო ვებ-გვერდი ფუნქციონირებას წყვეტს


კრიპტოვალუტების საინფორმაციო ვებ-გვერდი CCN.com ფუნქციონირებას წყვეტს მობილურით შემომსვლელთა რაოდენობის 71%-იანი ვარდნის გამო, რაც გუგლის საძიებო სისტემის განახლებამ გამოიწვია. საიტის დამფუძნებლის, იონას ბორჩგრევინკის, განცხადებით:


„CCN 2013 წლის ზაფხულში დაარსდა სახელით CryptoCoinsNews (კრიპტოვალუტების სიახლეები). ჩვენ ექვსი წელია, რაც ვფუნქციონირებთ და მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე მეტი მომხმარებელი გვყავს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული სიახლეების საიტებს შორის მიუხედავად იმისა, რომ CoinDesk-ი და CoinTelegraph-ი ჩვენი მეგობრული კონკურენტები არიან.“


მართლაც, CCN-ს ყოველთვის ბევრი მომხმარებელი ჰყავდა, მაგრამ გუგლის საძიებო სისტემის განახლებამ საიტს საშინელი შედეგები მოუტანა. როგორც ამას თავად ccn-ის ვებ-გვერდზე წერენ, გუგლში მათი ხილვადობა განახევრებულია - ის 1.2-დან 0.6-მდე დაეცა.


ეს პლატფორმისთვის პირველად არ ხდება, თუმცა ამჯერად ვითარება მაინც უფრო რთულადაა:


„ალბათ იტყვით, რომ ამის გამო პრობლემები არ უნდა შეგვექმნას, რადგან უფრო დაბლაც ვყოფილვართ მომხმარებელთა რაოდენობის მხრივ, მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ გუნდში ბევრი ახალი ადამიანი გვყავს დამატებული როგორც სრულ, ისე ნახევარ განაკვეთზე. გუნდის შემცირება არ გვინდა, ასე მხოლოდ მათ შემართებას შევამცირებთ. ასე რომ გუგლის მიერ გამოწვეულ ამ ცვლილებას ძლიერი ზეგავლენა აქვს ჩვენზე - მცირე ზომის დამოუკიდებელ საინფორმაციო ორგანიზაციაზე, რომელსაც არასოდეს მიუღია გარე დაფინანსება. ის ფული, რაც რეკლამებით შემოდიოდა, პირდაპირ გუნდის გაზრდას ხმარდებოდა.“ - ვკითხულობთ ccn-ის ვებ-გვერდზე.


როგორც აღმოჩნდა, გუგლის უმნიშვნელო განახლებას საიტის დღიური შემოსავლის 90%-იანი შემცირება მოჰყვა, რის გამოც ისინი იძულებულები არიან, ფუნქციონირება შეწყვიტონ.


წყარო: ccn.com

bottom of page