top of page

BitTorrent -მა 7 მილიონი დოლარის მონეტები გაყიდა


28 იანვარს BitTorrent-მა Binance Launchpad-ის პლატფორმის მეშვეობით 50 მილიარდი მონეტა გაყიდა და 15 წუთზე ნაკლებ დროში $7.1 მლნ. მიიღო. აღნიშნულის შესახებ Binance-მა ოფიციალურად განაცხადა.


BitTorrent-ი ინტერნეტში ფაილების გასაზიარებელი პროგრამაა. მისი მეშვეობით მომხმარებლები ინტერნეტში ავრცელებენ ისეთ ფაილებს, როგორიც არის მუსიკა ან ვიდეორგოლები.


BitTorrent-ის მონეტა Tron TRC-10-ზეა დაფუძნებული და BitTorrent-ის კლიენტებსა და სხვა მონაწილეებს შორის ქსელში ფაილების ეფექტურად გაცვლის მიზნით გამოიყენება.


BitTorrent-მა მონეტების გაყიდვა Binance Launchpad-ზე ორ, ერთდროულად მიმდინარე სესიაზე განახორციელა. ერთ სესიაზე მონეტები განკუთვნილი იყო იმ მყიდველებისთვის, რომლებიც Binance-ის ეროვნულ მონეტას ანიჭებდნენ უპირატესობას, ხოლო მეორე მათთვის, ვინც Tron (TRX)-ს იყენებს. Binance-ის ვებ-საიტის თანახმად, თითოეული მონეტის ღირებულება $0.00012-ს შეადგენდა.


Tron-ის გენერალურმა დირექტორმა, ჯასტინ სანიმ, შემდეგი ტვიტი დაწერა: "ოფიციალურად: BNB-ის სესიაზე, 13 წუთსა 25 წამში 23,76 მილიარდი BTT გაიყიდა. ამავე დროს, TRON-ის სესიაზე ყველა 35,64 მილიარდი BTT 14 წუთსა და 41 წამში გაიყიდა".


Binance-ის გენერალურმა დირექტორმა, ჩანგპენგ ჟაომ აღნიშნა, რომ გაყიდვები კიდევ უფრო მალე დასრულდებოდა, რომ არა ტექნიკური პრობლემები. 03:20-ზე ჟაომ დაწერა: "ორივე სესია დასრულებულია. დაახლოებით 18 წუთი გაგრძელდა, სისტემის ტექნიკური პრობლემა რომ არა, 18 წამი დასჭირდებოდა. მოთხოვნა ასტრონომიული იყო" .


სისტემა BitTorrent Speed, რომლის მეშვეობით BTT მონეტები ინტეგრირებული იქნება პოპულარულ Torrent Windows client-ში, სავარაუდოდ მიმდინარე წლის ზაფხულში ჩაეშვება.


წყარო: cointelegraph.com

bottom of page