Montecrypto - თამაში, რომლის პრიზიც ერთი ბიტკოინია
Gem Rose Accent-მა Montecrypto-დ წოდებული თამაში გამოუშვა, რომლის გამარჯვებულიც ერთი ბიტკოინით დასაჩუქრდება.
თამაში კრიპტოვალუთასთან და ბლოკჩეინთან არანაირ კავშირშია, თუ არ ჩავთვლით პრიზს. ეს ჩვეულებრივი ლაბირინთია, სადაც მოთამაშეებმა 24 თავსატეხი უნდა ამოხსნან. მასში ჩადებულია საფულის პირადი გასაღები, რომლის 24-ნიშნულიან პაროლსაც იგებს მოთამაშე თამაშის დასასრულს. ის, ვინც პირველი ამოხსნის ყველა თავსატეხს, ერთ ბიტკოინს გადაიტანს საკუთარ საფულეში, დანარჩენები კი უბრალოდ ცარიელ საფულეს აღმოაჩენენ.
მიუხედავად იმისა, რომ თამაში ერთკაციანია, მომხმარებლებს შეუძლიათ, ერთმანეთს მინიშნებები დაუტოვონ. საინტერესოა, ითანამშრომლებენ ისინი ერთმანეთთან, თუ ამ მახასიათებელს სხვებისთვის თავგზის ასაბნევად გამოიყენებენ. სწორედ ამის გამორკვევა უნდათ თამაშის დეველოპერებს.
„Montecrypto: ბიტკოინის ენიგმა ექსპერიმენტს ატარებს მოთამაშის გადაწყვეტილებასა და კოოპერაციაზე ისე, როგორც სხვა არცერთი თამაში, ისეთი პრიზით, რომელიც არა მხოლოდ თავის მოსაწონებლადაა, არამედ რეალურად გამოსადეგია. რამდენის გაზიარებას ისურვებენ მოთამაშეები, რამდენს დათმობენ ისინი და ვინ გახსნის Montecrypto-ს მთავარ გასაღებს?“ - ვკითხულობთ თამაშის Steam-ის გვერდზე.
საინტერესოა, რომ ეს თამაში პირველია, რომელსაც Gem Rose Accent უშვებს. დეველოპერების ვინაობა უცნობი დარჩება, სანამ ერთი ბიტკოინის მფლობელი არ გამოცხადდება.
თამაში გამოქვეყნდება Steam-ზე და ხელიმისაწვდომი იქნება ყველასათვის, ვინც 1.99 აშშ დოლარს გადაიხდის. შეგახსენებთ, რომ ბიტკოინის ფასი წერის მომენტში 10,900 აშშ დოლარს შეადგენს და ნამდვილად მიმზიდველ ჯილდოს წარმოადგენს.
ჩვენ ვაპირებთ, მონაწილეობა მივიღოთ თამაშში, რომელიც ხვალ, 20 თებერვალს, გაიხსნება. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩაერთოთ ამ გასართობ თავსატეხში, გისურვებთ წარმატებებს! Montecrypto-ს შეძენა შესაძლებელია ამ ბმულზე გადასვლით.
გთავაზობთ თამაშის ვიდეოს:
წყარო: ccn.com