top of page

წითელი დღე კრიპტო ბაზრებზე


უკვე მეორე დღეა, კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. აღსანიშნავია, რომ მთლიანი კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 7 იანვარს 800 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა, წერის მომენტში კი 481 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. ვალუტების აბსოლუტური უმრავლესობა უფასურდება, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს მოხდა ისაა, რომ ბიტკოინი 10,000 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. (იხ. დღევანდელი გრაფიკი)

უკანასკნელ დღეებში არ წყდება საუბარი მიზეზებზე, რომელთაც ასეთი ვარდნის გამოწვევა შეეძლოთ, თუმცა ზუსტი და ერთადერთი მიზეზის დასახელება შეუძლებელია.


ერთი ვერსიით, ეს უბრალოდ კრიპტოვალუტის ფასის ციკლის შემადგენელი ნაწილია, რადგან წლის განმავლობაში ბაზრის ყველაზე მცირე კაპიტალიზაცია წარსულშიც სწორედ იანვრის შუა რიცხვებში დაფიქსირდა: 2015 წელს - 15 ინავარს, 2016 წელს - 16 იანვარს, 2017 წელს - 12 იანვარს.


ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, ტრეიდერები, რომელთაც სჯერათ კრიპტოვალუტების მომავლის, ცდილობენ მინიმალურ ფასად იყიდონ კრიპტოვალუტა, ხოლო გამოუცდელი ინვესტორები ანალიზის გარეშე ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად მოიშორონ თავიდან მათ ხელთ არსებული ვალუტები, რაც ფასს კიდევ უფრო ამცირებს.


მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ამცირებდეს კრიპტოვალუტების ფასს, არის მაიკ ბელის - JP Morgan-ის გლობალური ბაზრის სტრატეგის განცხადება, რომელიც მან Bloomberg-თან საუბარში გააკეთა. მისი თქმით, სახელმწიფოები აუცილებლად მოახერხებენ რეგულაციების ქვეშ მოაქციონ კრიპტოვალუტები. მაგრამ JP Morgan-ის მიერ კრიპტოვალუტის ბაზრით მანიპულირების პრეცედენტი უკვე გვაქვს, როდესაც მისმა დირექტორმა, ჯემი დაიმონმა, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინი თაღლითობაა. მაშინ ბაზარზე ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში დაახლოებით 30%-ით დავარდა და 3,000 დოლარიან ნიშნულამდე ჩამოვარდა.

არსებობს, გონივრული ეჭვი, რომ ფასების ასეთი შემცირება ხელოვნურია და კეთდება იმისათვის, რომ მსხვილმა მოთამაშეებმა მოახერხონ სასურველი ინვესტიციის დაბალ ფასად გაკეთება - თუმცა ამ ფაქტის არც დადასტურება და არც უარყოფა ჩვენ არ შეგვიძლია.


აღნიშნულ პრობლემებს ემატება BItconnect-ის "ჩავარდნა", რომლის შედეგადაც ინვესტორებმა საკუთარი ინვესტიციის 95%-მდე დაკარგეს. ეს მთლიანი კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ მომხმარებლის ნდობას ამცირებს, მიუხედავად იმისა, რომ Bitconnect-ის თაღლითბაზე თითქმის მთელი კრიპტოსამყარო ჯერ კიდევ ერთი თვის წინ თანხმდებოდა.


და დღევანდელი დღის მთავარი კითხვა - სადამდე შეიძლება შემცირდეს ბიტკოინის ფასი ან/და მთლიანი კრიპტოვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია?


ცხადია, ამ კითხვაზე არ არსებობს ზუსტი პასუხი, ჩვენ კი არ გვსურს, ჩვენი მოსაზრება თავს მოვახვიოთ ჩვენს მომხმარებელს, რადგან რადიკალური საბაზრო ვითარების დროს ყოველთვის დიდია ინვესტიციის დაკარგვის რისკი. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი აზრით, ეს კრიპტოვალუტის ბაზრის დასასრული ნამდვილად არ არის!



bottom of page