რა არის Electroneum?
Electroneum-ის ვალუტას ETN ეწოდება. ის ყველა სხვა კრიპტოვალუტის მსგავსად ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ელექტრონეუმი შეიქმნა 2017 წელს ლონდონში CEO რიჩარდ ელსის მიერ. 2017 წლის სექტემბერში კომპანიამ წინასწარ მიჰყიდა ETN მონეტები ინვესტორებს, რათა შემდეგი განვითარებისთვის საჭირო დაფინანსება მიეღოთ.
Electroneum-ის საფულის აპლიკაციით მონეტების მიღება და გაგზავნა საკმაოდ მარტივია. საფულე მაქსიმალურადაა მორგებული მომხმარებელზე და ადვილად გამოყენებადია დამწყებებისთვის. ამასთან, საფულის შენახვა შესაძლებელია ქსელგარეშე (offline) რეჟიმში, რაც ზრდის უსაფრთხოებას.
თუ ბიტკოინის შემთხვევაში შესაძლებელია სხვის საფულეში არსებული ბიტკოინების რაოდენობისა და ტრანზაქციების ისტორიის ნახვა, ელექტრონეუმი ამ ინფორმაციას ფარავს, რისი წყალობითაც ის უფრო მეტად ანონიმურია. საჯაროდ ხელმისაწვდომია მხოლოდ ტრანზაქციის ჰაშები, რაც საჭიროა ამ ტრანზაქციების დადასტურებისთვის.
გარდა ასეთი დაცულობისა და ანონიმურობისა, ვალუტას სხვა უპირატესობაც გააჩნია. ელექტრონეუმის შემქმნელების თანახმად, მალე შესაძლებელი იქნება ვალუტის მობილური ტელეფონებით მოპოვება. აპლიკაციას „მობილური მაინინგის გამოცდილება“ (Mobile Mining Experience) ეწოდება. ეს არის ნამდვილი მაინინგის სიმულაცია, რომელიც მომხმარებლებს მონეტების მოპოვების საშუალებას მისცემს. რიჩარდ ელსის თანახმად, აპლიკაცია არ გამოიყენებს დიდი რაოდენობით მონაცემთა ბაზას, მონაცემები საჭირო იქნება მხოლოდ სერვერთან დასაკავშირებლად, რათა მომხმარებლებმა შეამოწმონ ბალანსი და მიიღონ ან გადაგზავნონ მონეტები. ამასთან, მაინინგისთვის საჭირო არ იქნება დიდი ენერგია, შესაბამისად, მობილურები არ გადახურდება და არც დიდ ბატარეის ენერგიას წაიღებს. ელექტრონეუმის CEO-ს თქმით, აპლიკაცია იმდენად მარტივი იქნება, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებიც შეძლებენ მისით სარგებლის მიღებას.
მაინინგით მოპოვებული ვალუტების ოდენობა დამოკიდებული იქნება ალგორითმზე, რომელიც განისაზღვრება მსოფლიოში წარმართული ელექტრონეუმის ტრანზაქციებითა და მსოფლიოში არსებული მაინერების რაოდენობით. წარმოდგენისთვის, ვალუტის დამფუძნებელი ამბობს, რომ Samsung Galaxy S8 მობილურით შესაძლებელი იქნება დღეში დაახლოებით 70 მონეტის მოპოვება ამჟამინდელი გამოთვლების მიხედვით.
რა თქმა უნდა, კომპიუტერით მოპოვება ბევრად უფრო მომგებიანია თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ გუნდმა უკვე გამოუშვა მარტივი მაინინგის პროგრამები სხვადასხვა სახის კომპიუტერული მოწყობილობებისთვის, რომელთა გადმოწერაც მათი ვებ-გვერდიდანაა შესაძლებელი.
აპლიკაციას ექნება თამაშიც, რომელიც უფრო მეტ მოტივაციას მისცემს მომხმარებელს, გადავიდეს კომპიუტერით მაინინგზე. ამჟამად გაშვებულია მობილურით მაინინგის ბეტა ვერსია, რაც ხელს შეუწყობს სისტემის დახვეწასა და გაუმჯობესებას.
წერის მომენტში ETN-ის ფასია 0.15 აშშ დოლარი. ბოლო 24 საათში მისი ღირებულება 5%-ით შემცირდა. ბაზრის კაპიტალიზაცია 764 მილიონი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 6.3 მილიონი დოლარი. ელექტრონეუმის მონეტების მაქსიმალური რაოდენობა იქნება 21 მილიარდი, ამჟამად კი ბრუნვაში თითქმის 5 მილიარდი ETN-ია.