top of page

დეში


კრიპტოვალუტა Digital Cash (DASH/დეში) ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. ის ერთი შეხედვით ძალიან გავს ბიტკოინს - შეიძლება მისი ყიდვა, შენახვა და გაყიდვა, სხვადასხვა პროდუქციასა თუ სერვისში გადაცვლა, მსოფლიოს მასშტაბით გაგზავნა და ის დეცენტრალიზებულია. მაგრამ მას გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რომლებიც ბიტკოინის გარკვეულ პრობლემებს აგვარებს.


არსებითად, ბიტკოინის შემდეგ შექმნილი ვალუტათა უმრავლესობა უპირველესი კრიპტოვალუტის გაუმჯობესებას და ახალი მახასიათებლების დანერგვას ცდილობს, სწორედ ასე უწევენ ისინი ბიტკოინს კონკურენციას. დეშიც მათ რიგს განეკუთვნება.


პირველ რიგში, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესება სისწრაფე და საკომისიოებია. დეში გამოირჩევა ტრანზაქციების დადასტურების მოკლე დროით - დაახლოებით 4 წამი - და საგრძნობლად დაბალი საკომისიოებით. რა თქმა უნდა, მონეტაზე მოთხოვნის გაზრდისას გაიზრდება საკომისიოებიც, მაგრამ ამჟამინდელი მონაცემებით ეს საკითხი პრობლემას არ წარმოადგენს.


ამასთან, ვალუტას ე.წ. სახელისუფლებო სტრუქტურა გააჩნია. უკეთ რომ ავხსნათ, ბიტკოინს არ შეუძლია, მნიშვნელოვანი ცვლილებები მყარი ორკაპის გარეშე განახორციელოს, დეშის შემთხვევაში კი, პლატფორმა იძლევა საშუალებას, რომ ხმის მიცემის გზით გადაწყდეს სხვადასხვა საკითხი და, უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ორკაპის გარეშე დაინერგოს ცვლილებები.


აღსანიშნავია ისიც, თუ როგორ ნაწილდება მოპოვებული ჟეტონები - მათი 45% ჯილდოს სახით გადაეცემა მაინერს, რომელმაც პირველმა დაადასტურა ტრანზაქცია; 45% ნაწილდება მასტერნოდებზე, ხოლო 10% დეშის პლატფორმის განვითარებას ხმარდება. აქედან გამომდინარე, ვალუტა თავად აფინანსებს საკუთარ თავს, რაც სამომავლო განვითარებაში ეხმარება მას.


რაც შეეხება მასტერნოდებს, ისინი ჩვეულებრივ ნოდებზე მაღლა დგანან. დეშის შემქმნელების თანახმად, ბიტკოინის სრულ ნოდთა (ნოდები, რომლებიც ქსელზე გარკვეულ ინფორმაციას აწვდიან ჩვეულებრივ ნოდებს) რიცხვი ნელ-ნელა კლებულობს და ამის მიზეზი მათი საქმის შესრულების ინტერესის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, დეშმა შეიმუშავა მასტერნოდების კონცეფცია. მასტერნოდები არიან ისეთი ნოდები, რომლებიც ეხმარებიან ქსელის სხვა თანამონაწილეებს სხვადასხვა სამუშაოს შესრულებაში და უზრუნველყოფენ ქსელის სინქრონიზაციასა და მდგრადობას. იმისათვის, რომ მომხმარებელმა მასტერნოდის სტატუსი მიიღოს, პირველ რიგში, იგი უნდა ფლობდეს 1,000 დეშს. ამ მოთხოვნით, მასტერნოდების სივრცე დეცენტრალიზებული რჩება და მინიმუმამდეა დაყვანილი ერთი მომხმარებლის მიერ ქსელის 50%-ზე ძალაუფლების მოპოვება: მომხმარებელს ამ შემთხვევაში მოუწევდა 2,300,000 დეშის ყიდვა, რაც, იმის გათვალისწინებით, რომ ფასი საგრძნობლად აიწევს, შეუძლებელია.


დეშის პლატფორმის ასეთი სტრუქტურიდან გამომდინარე, ის ორი ტიპის მტკიცებულებას მოიხმარს - სამუშაოს შესრულების მტკიცებულებას და წილის მტკიცებულებას. მასტერნოდების სისტემა მოქმედებს წილის მტკიცებულების პრინციპით, რადგან აუცილებელია, მათ ჰქონდეთ გაყინული 1,000 დეში და, შეცდომის შემთხვევაში, ისინი კარგავენ საკომისიოს, რომელიც წესით უნდა აეღოთ; მომხმარებლები მათ ირჩევენ ერთი საერთო ავზიდან და არასდროს იციან, რომელი მასტერნოდი ემსახურება მათ. მაინერები კი, ჩვეულებრივ, სამუშაოს შესრულების მტკიცებულებით მუშაობენ ჟეტონების მოპოვებისთვის.


წყაროები: androidauthority.com; White Paper.

Related Posts

See All
bottom of page