top of page

ბიტკოინი vs ბიტკოინ ქეში


მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ყველასათვის ცნობილი ბიტკოინია. მისი შექმნის მთავარი იდეა ფულადი ტრანზაქციების სწრაფი და იაფი გატარება იყო, მაგრამ სწორედ მისმა ასეთმა პოპულარობამ კრიპტოვალუტას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ვინაიდან უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი იყენებს ბიტკოინს, ტრანზაქციების დადასტურების დრო საგრძნობლად გაიზარდა და მასთან ერთად გაიზარდა საკომისიოებიც. ეს პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ბლოკის ზომა ფიქსირებული 1 მეგაბაიტია. ამის გამო, ის ვერ იტევს დიდი ოდენობით ტრანზაქციებს. დეველოპერებისა და ინვესტორების ჯგუფმა გადაწყვიტა, ამ პრობლემებისთვის ბოლო მოეღო და სწორედ ამის შემდეგ წარმოიქმნა ე.წ. მყარი ორკაპი - ბიტკოინ ქეში.


მთავარი, რითიც ბიტკოინ ქეში ბიტკოინისაგან განსხვავდება, არის მისი ბლოკის ზომა - 8 მეგაბაიტი. ეს რვაჯერ მეტია ბიტკოინის ბლოკის ზომაზე და უზრუნველყოფს ტრანზაქციების გატარების სისწრაფესა და დაბალი საკომისიოების დაწესებას. რეალურად, დღესდღეობით ბიტკოინის მყარი ორკაპი უფრო მეტად ეხმიანება კრიპტოვალუტის მთავარ იდეას - სისწრაფესა და სიიაფეს - ვიდრე თავად ბიტკოინი. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა ბიტკოინ ქეშის მზარდი პოპულარობა გამოსვლის დღიდან და ის, ბიტკოინისა და ეთერიუმის შემდეგ, საპატიო მესამე ადგილს იკავებს.


მაგრამ, პრობლემების მოგვარებასთან ერთად, ექსპერტების აზრით, ბიტკოინ ქეშმა ახალი პრობლემა წარმოშვა, კერძოდ - უსაფრთხოების პრობლემა. მიიჩნევენ, რომ ბლოკის ზომის გაზრდამ შეიძლება ის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახადოს თაღლითებისთვის, ვიდრე ბიტკოინი.


რაც არ უნდა იყოს, ეს ორი ვალუტა ერთმანეთს ხელს არ უშლის არსებობაში და თუ ერთს ერთი უპირატესობა გააჩნია, მეორე სხვა მახასიათებლითაა უკეთესი. მრავალი ექსპერტის აზრით, ბიტკოინი ვალუტისგან საკმაოდ შორსაა და ის, თავისი ნიშან-თვისებებით, უნდა განვიხილოთ, როგორც აქტივი მაშინ, როდესაც ბიტკოინ ქეში უფრო გამოყენებადია სხვადასხვა პროდუქციისა და სერვისის შეძენისას. ინვესტორმა თავისი ფინანსები ამ ორიდან ერთ-ერთისკენ იმის მიხედვით უნდა მიმართოს, თუ რომლის მახასიათებლებია მისთვის საინტერესო და არა იმის მიხედვით, თუ რომელია უკეთესი.


bottom of page