top of page

რა არის Ripple?


დღესდღეობით უკვე ცნობილია უამრავი ინვესტორი, რომელიც ICO-ებში დაბანდებითა და სხვადასხვა ალტკოინების შეძენით გამდიდრდა. ყველას სურს, მათ კვალს მიჰყვეს და თავადაც ჩაერთოს მსგავს ინვესტიციებში. იმისათვის, რომ ინვესტორებმა მაღალი მოგება ნახონ, ისინი, პირველ რიგში, კარგად უნდა ერკვეოდნენ კრიპტოვალუტებში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რუბრიკის სახით სხვადასხვა ალტკოინებზე საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღევანდელი რუბრიკა ეხება კრიპტოვალუტა რიპლს (XRP).


რიპლი ბაზარზე მხოლოდ 2012 წელს გამოჩნდა, მაგრამ როგორც ჟურნალი Bitcoin Magazine იტყობინება, კომპანია ჯერ კიდევ 2004 წელს, ბიტკოინამდე დაარსდა. ვალუტა არ გამოქვეყნებულა მანამ, სანამ საჭირო გუნდი არ შეიკრა კრის ლარსენისა და ჯედ მაკქალების წინამძღოლობით.

რიპლი არის ქსელიც (Riplenet) და ვალუტაც (XRP). ის თანამშრომლობს ბანკებთან და თავისი ქსელის მეშვეობით საშუალებას აძლევს მათ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმართონ ტრანზაქციები უფრო იაფად და სწრაფად. თუ ეთერიუმის ტრანზაქციის დადასტურების საშუალო დრო ორი წუთია, ბიტკოინის - ერთი საათი, ხოლო ტრადიციული ფულის - სამი დღე, რიპლი მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში ფულს 4 წამში აგზავნის. მსხვილი ბანკებისა და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ვალუტა საკმაოდ მისაღებ ფასებში იცვლება. ამასთან, ის აგვარებს მასშტაბურობის პრობლემასაც და წამში 1500 ტრანზაქციას იტევს (ბიტკოინის მაჩვენებელი დროის იგივე მონაკვეთში მხოლოდ 7 ტრანზაქციაა).

მიუხედავად მისი ასეთი წარმატებისა, ბევრი ამ ვალუტით უკმაყოფილოა. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ, ზოგის აზრით, რიპლი კრიპტოვალუტების იდეას უპირისპირდება. თუ ბიტკოინს სურს, ჩაანაცვლოს ტრადიციული ფული, ხოლო ეთერიუმის მიზანია, ამოაგდოს შუამავალი ინსტიტუტები, რიპლის ქსელი ბანკებთან თანამშრომლობს. ამასთან, სხვა კრიპტოვალუტებისგან განსხვავებით, რიპლი სრულად დეცენტრალიზებული არ არის: კომპანიამ წინასწარ შექმნა მილიარდობით მონეტა და მის დიდ ნაწილს თავად ფლობს, ანუ აქ ადგილი არ აქვს მაინინგს. კომპანია არ აპირებს, ერთბაშად გამოუშვას მათ ხელში არსებული ჟეტონები, ისინი ყოველთვიურად გარკვეულ რაოდენობას უშვებენ ბაზარზე, რითიც ფასის სტაბილურობას ინარჩუნებენ და ინვესტორებს აძლევენ იმის გარანტიას, რომ XRP-ის ღირებულება მოულოდნელად არ დავარდება.


რიპლის კონსენსუსის ალგორითმი


რიპლის კონსენსუსის ალგორითმი განსხვავდება ბიტკოინისა და ეთერიუმისგან. ამ ალგორითმით (RPCA – proof of correctness) ნოდები ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ ადასტურებენ ტრანზაქციებს, რათა ქსელმა სწორად და შეთანხმებულად იმუშაოს. დავთარზე (სადაც ინახება ყველა მომხმარებელზე ინფორმაცია) კონსენსუსის მიღწევის შემდეგ, ის მიიჩნევა „დახურულად“ და განიხილება, როგორც ყველაზე ახალი, დადასტურებული დავთარი. ის გადანაწილებელია ქსელში ჩართულ ყველა პირზე, ანუ ნოდზე.

RPCA ციკლური სახისაა. თითოეულ „რაუნდში“ ნოდები არჩევენ ტრანზაქციებს და ადასტურებენ მას. საჭიროა ხმათა უმრავლესობა, რათა ტრანზაქცია ვალიდურად ჩაითვალოს. ხმათა 80%-ის მოპოვების შემდეგ, კონკრეტულ დავთარში მოქცეული ტრანზაქციები დასტურდება, დავთარი იხურება და იხსნება ახალი, რომელიც მომდევნო, ანუ ახალ ტრანზაქციებს შეიცავს. და ასე დაუსრულებლად.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რიპლში მონეტების მოპოვება არ ხდება, რადგან ისინი წინასწარაა გამოშვებული. ნოდები, რომლებიც ტრანზაქციებს ადასტურებენ, ფულად ჯილდოს არ იღებენ. მათი მთავარი მოტივაცია სწრაფი და უსაფრთხო ქსელის შენარჩუნებაა.

მიუხედავად ამისა, თითოეული ტრანზაქცია იძულებულია, გადაიხადოს საკომისიო, მაგრამ ის საკმაოდ მცირეა (დაახლოებით 0.1 დოლარი). ამ გზით, თითოეული ტრანზაქცია ანადგურებს მონეტების გარკვეულ რაოდენობას, რათა შენარჩუნდეს ფასის სტაბილურობა. საკომისიო ნელ-ნელა იზრდება, რისი მეშვეობითაც ის უზრუნველყოფს, რომ ქსელი ტყუილად არ გადაიტვირთოს უაზრო ტრანზაქციებით და, კიდევ ერთხელ, შენარჩუნდეს ფასის სტაბილურობა. დავამატებთ, რომ რიპლი არ არის შექმნილი ყოველდღიური გამოყენებისთვის, მისი მთავარი მიზანია, უფრო სწრაფი და იაფიანი გახადოს გლობალური გადარიცხვები ბანკებთან შუამდგომლობით.

bottom of page