top of page

ფრთხილად, თაღლითები!


ბლოკჩეინის მრავალ დადებით თვისებას თან ახლავს თაღლითობის მაღალი რისკი, რადგან თუ დაუფიქრებლად გადაიხიდი ბიტკოინს, ვერ შეძლებ მიმართო რამე სტრუქტურას ან ორგანიზაციას ფულის უკან დასაბრუნებლად.


ამ ბლოგში მოგიყვებით ყველაზე გავრცელეული თაღლითობის სქემების შესახებ.


Ponzi სქემები: Ponzi სქემები, იგივე არანორმალურად მაღალ შემოსავლიანი ინვესტიციების შესაძლებლობები, შენს ყურადღებას იმაზე მაღალი საპროცენტო შემოსავლით იპყრობს, ვიდრე რეალური საბაზრო შემოსავალი შეიძლება იყოს (მაგალითად 1-2% დღეში). რეალურად კი, ისინი შენს ფულს ქურდის საფულეში უშვებენ. ისინი ხშირად იცვლიან სახელებს, რათა საკუთარი თავი დაიცვან. თავი შორს დაიჭირე ისეთი კომპანიებისგან, რომლებიც ჩვეულებრივი გადასახადის გამტარებლების, როგორიცაა BitPay, ან Coinbase, ნაცვლად პირდაპირ ბიტკოინის მისამართს გაძლევენ თანხის გადასარიცხად. ასეთი თაღლითობის შემთხვევაში, როგორც წესი, ბევრი მომხმარებლის მისაზიდად, გულუბრყვილო ინვესტორების პირველი (ან რამდენიმე) ნაკადი რეალურად იღებს ინვესტიციაზე დღიურ 1-2% შემოსავალს. როდესაც თაღლითები შეაგროვებენ საკმარისად დიდ თანხას, ისინი გაქრებიან და საკუთარ ფულს ვეღარასდროს ნახავ. ხოლო თანხის უკან დასაბრუნებლად ვერც მათ იპოვი და ვერც სასამართლოში უჩივლებ

​​ეჭვობენ, რომ Bitconnect-იც ერთ-ერთი ასეთი Ponzi თაღლითობაა. ამ მოსაზრებას მხარს უჭერენ ნოვოგრაცი, ჩარლი ლი და ეთერიუმის დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი.


მსგავსი პრინციპით მუშაობს MLM თაღლითობები, ანუ მაღალი დონის მარკეტინგული თაღლითობები. ისინი გთავაზობენ პროდუქტში, ან სერვისში ინვესტირებას, რომელიც, რეალურად, არ არსებობს.

უსაფრთხოებისთვის კარგად გაეცანით, რას გპირდებიან ინვესტიციის შემდეგ და არიან თუ არა მისი პროვაიდერები თავისი საქმის პროფესიონალები. ძირითადად, კომპანიები, რომლებიც დიდ თანხას გპირდებათ თქვენი ინვესტიციისთვის, გატყუებენ, რადგან ინვესტიციის სამყაროში გარანტიები არ არსებობს.


ბიტკოინის მაინინგის თაღლითობები: ასეთი კომპანიები გთავაზობენ ბიტკოინების უზარმაზარი რაოდენობის მაინინგს. ამისათვის შენ მათ უნდა გადაუხადო, რის შემდეგაც კი შენს ფულს ვეღარც ნახავ. ასეთი თაღლითობები ძირითადად ქლაუდ მაინინგის შემოთავაზებაა ხოლმე. ქლაუდ მაინინგის დროს, კომპანიები მომხმარებლებისგან მცირე საკომისიოს იღებენ, რათა შემდეგ მათ შეძლონ ვალუტების მოპოვება და ჯილდოს მიღება სპეციალური დანადგარების შეძენისა და ენერგიის გადასახადების გარეშე.

თაღლითები მომხმარებელს ხშირად დაბალი საკომისიოებით იზიდავენ, თუმცა არიან უფრო მოხერხებული თაღლითებიც, რომლებიც ასეთ მარტივ შეცდომას არ უშვებენ. ვებ ან Facebook გვერდზე ნაჩვენები აქვთ კომპიუტერული მოწყობილობების ფოტოები, მმართველი გუნდი და ა.შ.

მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, რამდენად რეალურია მითითებული მმართველი გუნდი და რამდენად დიდი ხანია კომპანია ბაზარზე. წაიკითხეთ მომხმარებლების კომენტარები, შეამოწმეთ მენეჯმენტის ვინაობა, რადგან თუ შეცდები, შენს ფულს ვერასოდეს დაიბრუნებ.


ბიტკოინის ცრუ ბირჟები: ასეთი თაღლითობისას შენ გთავაზობენ ისეთ მომსახურებებს, რომლებიც ჩვეულებრივ საფულეებს არ გააჩნია, როგორიცაა ფეიფალის, ან საკრედიტო ბარათის დამუშავება, ან უკეთესი გადაცვლის კურსი. არც არის საჭირო იმის თქმა, რომ ისინიც სხვებივით შენს ბიტკოინებს იპარავენ.

არასოდეს გამოიყენო ელექტრონული საფულე, რომელიც არ არის ბაზარზე აღიარებული, როგორც წინა შემთხვევებში, გამოყენებამდე აუცილებლად შეამოწმე კომპანიის რეალურობა და ნუ გამოიყენებ არასტანდარტულ სერვისებს.


მატყუარა საფულეები: მატყუარა საფულეები ონლაინ საფულეებს გავს, მაგრამ არსებობს ერთი განსხვავება - ისინი შენ ფულს გთხოვენ. თუ ქურდებს შენი ფინანსური მდგომარეობა მოეწონათ, საკუთარ ბიტკოინს (ან სხვა კრუპტოვალუტას) ვეღარც იხილავთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მისამართი, რომელიც შენი გგონია, რეალურად მათ ეკუთვნით და მასზე გადარიცხული ფული შენს მაგივრად მათთან მიდის.


ხალხის მოსატყუებლად თაღლითები ქმნიან ისეთ საფულეებს, რომლებიც სახელით და ლოგოთიც კი ძალიან გავს არსებულ და პოპულარულ ციფრულ საფულეებს, როგორებიცაა, მაგალითად, coinbase ან mycelium. კიდევ ერთი მეთოდია მომხმარებლებისთვის მაღალი კონფიდენციალურობის შეთავაზება, თითქოს მათი საფულეების მოხმარებით ხალხი სრულიად ანონიმურად აწარმოებს ტრანზაქციებს. ასეთი თაღლითობებისგან თავის დასაცავად გირჩევთ, ციფრული საფულე იმ ლინკიდან გადმოწეროთ, რომელიც მითითებულია მაღალი რეპუტაციის მქონე ბიტკოინის საფულეების მწარმოებელ საიტებზე.


Phishing თაღლითობები: თაღლითი ადამიანებს უგზავნის იმეილებს, სადაც წერია, რომ მათ მოიგეს ბიტკოინების გარკვეული რაოდენობა, მაგრამ იმისათვის, რომ ჯილდო მიიღონ, ისინი უნდა შევიდნენ თავიანთ საფულეში მეილში მითითებული ლინკიდან. ეს ლინკი, რეალურად, თაღლითების გაკეთებულია და მასში მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანისას, საფულე იბლოკება, თანხას კი იპარავენ.


ყურადღებით იყავით მსგავსი იმეილების მიღებისას და არ შეხვიდეთ ისეთ ლინკებზე, რომელთა უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული არ ხართ.


ბიტკოინის დონაციის თაღლითობები: თაღლითებმა კარგად იციან, როგორ მოახდინონ ადამიანებით მანიპულაცია. ისინი აკეთებენ ვებსაიტებს, სადაც გთხოვენ, დაეხმაროთ ვინმეს, მაგალითად, ორლანდოს ტერორისტული შეტევის შემდეგ, თაღლითებმა შექმნეს ყალბი ვებ-საიტი, სადაც ხალხს დახმარებას თხოვდნენ, რეალურად კი, ჩარიცხულ ბიტკოინებს თავად იღებდნენ.




bottom of page