top of page

რატომ უნდა ვისარგებლო ბლოკჩეინით?

როდესაც ხალხმა ამ გამოგონების მნიშვნელობა, მეტნაკლებად, გააცნობიერა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ირგვლივ დიდი მღელვარება წარმოიშვა.

ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ძალზე მარტივია ზედაპირულად წარმოვიდგინოთ, თუ როგორ და რაში შეიძლება მისი გამოყენება. უამრავმა ადამიანმა და ორგანიზაციამ გადაწყვიტა, ღრმად შეესწავლა ეს ტექნოლოგია. შესაბამისად, მილიონობით დოლარია დახარჯული ბლოკჩეინის საკვლევად ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე. უამრავი კვლევაა ჩატარებული სხვდასხვა სიტუაციაში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების მართებულობასთან დაკავშირებით.

ბლოკჩეინ ტექნოლოგია გვთავაზობს ისეთ ახალ საშუალებებს ციფრულ სამყაროში იდენტიფიკაციისა და ავტორიზაციისთვის, რომლებიც თავიდან გვარიდებს ცენტრალიზებულ კონტროლს. შედეგად, ყალიბდება ახალი ციფრული ურთიერთობები.

ახალი ციფრული ურთიერთობების ჩამოყალიბებითა და უსაფრთხოების უზრუნველყოფით ბლოკჩეინ რევოლუცია წარმოგვიდგება, როგორც ხერხემალი ინტერნეტ ტრანზაქციებისა და ფასების ურთიერთკავშირისთვის.  

ბევრს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ არის ბლოკჩეინი ინტერნეტ ტრანზაქციების ხერხემალი. თუმცა, ამის მიუხედავად, ბლოკჩეინი, პირადი კრიპტოგრაფიული გასაღები და კრიპტოვალუტები ყოველთვის არ არის გამოსავალი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

სხვადასხვა ჯგუფებმა შექმნეს არა ერთი ცხრილი, რომლებიც ეხმარება პიროვნებას ან ორგანიზაციას არჩევანის გაკეთებაში ბლოკჩეინსა და სტანდარტულ, ტრადიციულ სისტემას (მონაცემთა ბაზას) შორის. ქვემოთ მოკლედაა განხილული რამდენიმე ფაქტორი, რომელიც მნიშვნელოვანია ძველი და ახალი მეთოდების შედარებისას:

არის თუ არა მონაცემები დინამიური შემოწმებად ისტორიასთან მიმართებით?

ქაღალდი, თავისი ბეჭდით ან სხვა ვიზუალური თავისებურებით, რთული გასაყალბებელია. ქაღალდის დოკუმენტები, გარკვეულწილად, მუდმივია ქვაზე გრავიურის მსგავსად.

თუ მონაცემები მუდმივად იცვლება, ტრანზაქციები კი რეგულარულად და ხშირად ხორციელდება, მაშინ ქაღალდი ჩანაწერთა სისტემისათვის ნაკლებად გამოგვადგება. მონაცემების მექანიკურად, ადამიანის მიერ შეყვანასაც აქვს ლიმიტი.

ვინაიდან, მონაცემები და მათი ისტორია მნიშვნელოვანია ციფრული ურთიერთობების დასამყარებლად, ბლოკჩეინი გვთავაზობს მოსახერხებელ ტევადობას მათ შესანახად. იგი საშუალებას იძლევა, მრავალმა სხვადასხვა მონაწილემ შეიტანოს ახალი მონაცემი ჩანაწერთა სისტემაში, რომელსაც მართავს ბევრი სხვა მფლობელიც.

შესაძლებელია მონაცემების ცენტრალური ხელისუფლების მიერ გაკონტროლება? უნდა ხდებოდეს თუ არა ასე?

მაინც რჩება ბევრი მიზეზი, თუ რატომ უნდა არეგულირებდეს მესამე პირი გარკვეულ იდენტიფიკაციებსა და ავტორიზაციებს. არსებობს შემთხვევები, როდესაც მესამე პირის მიერ კონტროლი სავსებით მისაღები და ხელსაყრელია. თუ მონაცემთა კონფიდენციალობა ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, არის ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის გზები ქსელთან დაკავშირების გარეშე.

თუ ანგარიშებისა და სისტემაში შესასვლელი IT ინფრასტრუქტურა არაა საკმარისი ციფრული იდენტურობის უსაფრთხოებისთვის, მაშინ პრობლემა შეიძლება ბლოკჩეინ ტექნოლოგიამ გადაჭრას.

როგორც სატოში ნაკამოტომ თავის პირველად ნაშრომში ("Bitcoin: A Peer-to-Peer Electronic Cash System" ნაშრომის თარგმანი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე) დაწერა: „გამყიდველები ფრთხილად უნდა იყვნენ მომხმარებელთან, უნდა შეაწუხონ ისინი და მიიღონ მეტი ინფორმაცია, ვიდრე რეალურად სჭირდებათ, რადგან თაღლითობის გარკვეული ალბათობა გარდაუვლადაა მიჩნეული.“     

პირადი გასაღების კრიპტოგრაფიით შესაძლებელია ე.წ. „push“ ტრანზაქციების განხორციელება. ეს არ მოითხოვს ცენტრალიზებულ სისტემებს და დამუშავებულ ანგარიშებს, რომლებიც გამოიყენება ციფრული ურთერთობების დასამყარებლად. ვინაიდან მცირე ზომის ფინანსური ტრანზაქციების უსაფრთხოებისთვის ასეთი მონაცემთა ბაზა მილიონობით დოლარს საჭიროებს, გამოსავალი სწორედ ბლოკჩეინი შეიძლება იყოს.

არის თუ არა ტრანზაქციის სიჩქარე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი?

მოითხოვს თუ არა ეს მონაცემთა ბაზა მილიწამებში მაღალეფექტურად შესრულებულ ტრანზაქციებს? (ეს საკითხი უფრო დეტალურად განხილულია ჩვენს გზამკვლევში - რითი განსხვავდება ბლოკჩეინი და მონაცემთა ბაზა?)

თუ  მაღალ დონეზე მილიწამებში შესრულებული ტრანზაქცია გჭირდებათ, ტრადიციულ ცენტრალიზებულ სისტემას მიმართეთ. ბლოკჩეინი, როგორც მონაცემთა ბაზა, ნელია და ინფორმაციის შენახვისთვის გარკვეული საფასური არსებობს - ჯაჭვის თითოეული ბლოკის გადამუშავება (მაინინგი). სამომხმარებლო სერვერის მოდელზე დამყარებული ცენტრალიზებული მონაცემთა სისტემები უფრო სწრაფი და იაფია... ჯერჯერობით.

მოკლედ, ჯერ კიდევ არ ვიცით სრულყოფილად ბლოკჩეინის შესაძლებლობები და ლიმიტები. დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გზები, რომლებმაც გაიარა შემოწმება, ეხებოდა ციფრული ურთიერთობების, როგორც ჩანაწერთა სისტემის ნაწილის, მართვასა და უსაფრთხოებას.

წყარო: Coindesk.com

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page