top of page

რითი განსხვავდება ბლოკჩეინი მონაცემთა ბაზისგან?

განსხვავება ტრადიციულ მონაცემთა ბაზას და ბლოკჩეინს შორის, პირველ რიგში, სტრუქტურაშია, ანუ ბლოკჩეინი სხვა ტექნოლოგიით არის მოწყობილი. ეს განხილულია ჩვენს გზამკვლევში - „რა არის ბლოკჩეინი“.

მსოფლიო ქსელში ჩართული მონაცემთა ბაზა, უმეტესად, სამომხმარებლო სერვერის მოდელზეა დამყარებული.

უფლებამოსილ მომხმარებელს თავისი ანგარიშით შეუძლია შეცვალოს მონაცემები, რომლებიც ინახება ცენტრალიზებულ სერვერზე. თუ დედანი შეიცვალა, მომხმარებელი თავისი კომპიუტერით ქსელში შესვლისას, მიიღებს უკვე განახლებულ მონაცემებს. მონაცემთა ბაზის კონტროლი ადმინისტრატორის ხელშია, რაც საშუალებას აძლევს ცენტრალურ ძალაუფლებას, შეინარჩუნოს წვდომა გარკვეულ ინფორმაციაზე.

ბლოკჩეინის სტრუქტურა სრულიად განსხვავებულია. 

ბლოკჩეინის მონაცემთა სისტემაში თითოეული მომხმარებელი თავად იღებს, გადაამუშავებს და ანახლებს ბაზაში შესულ ცვლილებებს. ქსელში ჩართული ყველა პირი ერთობლივად მუშაობს ერთი შეთანხმების მისაღებად, რათა ქსელის უსაფრთხოება უზრუნველყონ. 

ამ განსხვავების გამო ბლოკჩეინი გარკვეული ფუნქციებისთვის უფრო შესაფერი ჩანაწერთა სისტემაა, ხოლო ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა კი გამოსადეგია სხვა მახასიათებლების გამო.

დეცენტრალიზებული კონტროლი

ბლოკჩეინი საშუალებას აძლევს სხვადასხვა პირებს, რომლებიც ერთმანეთს არ ენდობიან, გააზიარონ ინფორმაცია ცენტრალური ადმინისტრატორის გარეშეც. ტრანზაქციები გადამუშავდება ქსელში ჩართული მომხმარებლების მიერ კონსესუსის მიღწევით, ისე, რომ ყველა წევრი ერთდროულად ქმნის გაზიარებულ ჩანაწერთა სისტემას.

დეცენტრალიზებული სისტემის ღირსება ისაა, რომ თავიდან გვაცილებს ცენტრალიზებული კონტროლის რისკს. ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში საკმარისი წვდომის მქონე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გაანადგუროს ან შეცვალოს ინფორმაცია. ამის გამო, მომხმარებლები დამოკიდებულები არიან ადმინისტრატორზე. უმეტესად, ადმინისტრატორს თქვენი ნდობა დამსახურებულიც აქვს. მაგალითად, ბანკებში ხალხის მიერ შეტანილ ფულს არ იპარავენ, უბრალოდ ინახავენ მას პირად მონაცემთა ბაზაში. არსებობს ლოგიკური მიზეზებიც, თუ რატომ უნდა გინდოდეთ ცენტრალიზებული კონტროლი. ცენტრალიზებული კონტროლის სისტემა ქმნის სპეციალობას, ის შეიძლება ადამიანის საქმნიანობა გახდეს.  

თუმცა, ცენტრალიზებული ძალაუფლება, როგორიცაა ბანკი, ხარჯავს მილიარდობით დოლარს მონაცემთა ბაზის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა ჰაკერებმა ვერ მოახერხონ ბანკის კლიენტების დაზარალება. თუ ცენტრალური ადმინისტრატორები, რომლებსაც ვანდობთ ჩვენს პირად ინფორმაციას, ვერ შეძლებენ მის დაცვას, დავკარგავთ ქონებას. 

ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზის ისტორია

ცენტრალიზებული ბაზების უმეტესობაში, ინფორმაცია გარკვეულ მომენტში განახლდება ხოლმე და ინახება. ანუ, ისინი, მეტნაკლებად, დროის რაღაც მონაკვეთში დაფიქსირებული  ფაქტებია.

ბლოკჩეინის ბაზები კი საშუალებას გვაძლევს, ინფორმაცია მუდამ ახლდებოდეს და თან განახლებამდე არსებული მთელი ინფორმაციაც ინახებოდეს. ბლოკჩეინ  ტექნოლოგიით შეიძლება მონაცემთა ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც საკუთარი ისტორიის შენახვაც შეუძლია. ისინი წარმოდგენილია, როგორც საკუთარი ისტორიის ზრდადი არქივი, რომელიც, პარალელურად, გვიჩვენებს მდგომარებას მიმდინარე დროში.

ამ მონაცემთა ბაზების შესაცვლელად საკმაოდ დიდი ხარჯები იქნებოდა საჭირო, ამიტომაც, ხალხი ბლოკჩეინის სისტემის დანერგვას უკვე გარდაუვლად თვლის. ეს შეგვიძლია მივიჩნიოთ მონაცემთა ბაზის ჩანაწერთა სისტემის გარდაქმნის დასაწყისად.

შესრულება

მართალია, ბლოკჩეინების გამოყენება შეიძლება ჩანაწერთა სისტემად და იდეალურია ტრანზაქციების პლატფორმისთვის, მაგრამ ტრანზაქციების ისეთ ციფრულ ტექნოლოგიებთან შედარებით, როგორებიცაა Visa და PayPal, ბლოკჩეინი ნელია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ თვალსაზრისით ბლოკჩეინის დახვეწა შესაძლებელია, მისი ტექნოლოგია მოითხოვს, გარკვეულწილად, სისწრაფის დათმობას. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გადანაწილებული ქსელები არ გულისხმობს გადამუშავების ენერგიის გაზიარებას და გაერთიანებას.  მასში ჩართული ყოველი პირი დამოუკიდებლად მუშაობს ქსელში, შემდეგ ჯამდება თითოეულის მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგები და მიიღწევა შეთანხმება, რომ გარკვეული ფაქტი ნამდვილად მოხდა.

მეორეს მხრივ, ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები უკვე ათწლეულების მანძილზე არსებობს. ისინი უფრო და უფრო ვითარდებოდა ციფრული სამყაროს იმ ინოვაციურ ფორმულასთან ერთად, რომელსაც „მურის კანონი“ ჰქვია.

 

კონფიდენციალობა

ბიტკოინის შემთხვევაში, ინფორმაციის წაკითხვა და შეტანა არ კონტროლდება. ყველას შეუძლია ჯაჭვში ბლოკის დამატება და ყველას შეუძლია მისი წაკითხვა.

შეიძლება ისეთი ბლოკჩეინიც შეიქმნას, რომლის შემთხვევაშიც ბლოკების დამატება და მათი ნახვა გაკონტროლდება მონაცემთა ცენტრალიზებული ბაზის მსგავსად. ანუ, ქსელი, ან პროტოკოლი, შეიძლება ისე აეწყოს, რომ მხოლოდ უფლებამოსილ მომხმარებლებს მიუწვდებოდეთ ხელი ინფორმაციაზე.

თუ კონფიდენციალობა ერთადერთი მიზანია და ნდობის ფაქტორი პრობლემას არ წარმოადგენს, მაშინ ბლოკჩეინის სისტემას არანაირი უპირატესობა არ ექნება ცენტრალიზებული ბაზის მიმართ.

ბლოკჩეინზე ინფორმაციის დამალვა დაკავშირებულია კრიპტოგრაგიულ სირთულეებთან და ქსელში ჩართული პირებისთვის დამატებით შრომას გულისხმობს. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა მონაცემების მთლიანად პირად ბაზაში შენახვაა, რასაც ქსელთან დაკავშირებაც კი არ სჭირდება.

გაიხსენეთ ყველა მონაცემთა ბაზა, რომლებიც ეთან ჰანტმა ფილმში, „შეუსრულებელი მისია“, გატეხა და შეგექმნებათ წარმოდგენა პირადი ბაზების კონფიდენციალობაზე.

 

წყარო:

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი, ანა მიქატაძე

bottom of page