top of page

ბლოკჩეინი, ეჭვგარეშეა, რომ გენიალური გამოგონებაა - სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილი ადამიანის (ან ადამიანების ჯგუფის) შემოქმედება. მაგრამ ამის შემდეგ, ის საკმაოდ განვითარდა და მთავარი კითხვა, რაც უკვე თითქმის ყველას უჩნდება, შემდეგია: რა არის ბლოკჩეინი?

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ახალი ინტერნეტის მთავარი ღერძია, რომელიც ციფრულ ინფორმაციას საშუალებას აძლევს გავრცელდეს, მაგრამ არ იყოს კოპირებული. ის თავდაპირველად ციფრული ვალუტის, ბიტკოინისთვის, შეიქმნა, მაგრამ ამჟამად ბლოკჩეინი  სხვა გამოყენების გზებსაც ეძებს.

ბიტკოინს ციფრულ ოქროსაც უწოდებენ და საკმაოდ საფუძვლიანადაც. დღევანდელი მონაცემებით, ვალუტის ჯამური ღირებულება 180 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღემატება, ბლოკჩეინს კი შეუძლია, სხვა ტიპის ელექტრონული ვალუტის შექმნაც. ინტერნეტის (ან თუნდაც მანქანის) მსგავსად, შენ არ გჭირდება იცოდე, თუ როგორ მუშაობს ბლოკჩეინი იმისათვის, რომ მისით ისარგებლო. მიუხედავად ამისა, ამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ მცირე ინფორმაციაც კი გვაჩვენებს, თუ რატომაა ის რევოლუციური. იმედი გვაქვს, ისიამოვნებ ამ სტატიით, სადაც ბლოკჩეინის შესახებ უფრო დეტალურად შეიტყობ.

რა არის ბლოკჩეინი?

ფართოდ გავრცელებული მონაცემთა ბაზა

წარმოიდგინეთ ცხრილი, რომლის ათასობით ეგზემპლიარიც მთელს კომპიუტერების ქსელსაა მოდებული. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ეს ქსელი მუდმივად ანახლებს ჩვენს ცხრილს და შენ ბლოკჩეინის შესახებ ზოგადი წარმოდგენა უკვე გექნება.

ბლოკჩეინზე ჩაწერილი ინფორმაცია არსებობს, როგორც გაზიარებული და ერთმანეთთან შეთანხმებული მონაცემთა ბაზა.

ბლოკჩეინის მონაცემთა ბაზა არ არის ერთ ადგილას შენახული, რაც ნიშნავს, რომ ყველა მასში შემავალი მონაცემი ნამდვილად საჯაროა და ადვილად შემოწმებადი. არ არსებობს ამ ინფორმაციის ცენტრალიზებული ვერსია, რომელშიც ჰაკერს შეუძლია შეაღწიოს. ის ერთბაშად მილიონობით კომპიუტერს მასპინძლობს და მისი მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის, ვისაც ინტერნეტი აქვს.

იმისათვის, რომ საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ გუგლის ცხრილის ანალოგიის მოშველიებით, გთავაზობთ შემდეგ მონაკვეთს ბლოკჩეინის სპეციალისტისაგან:

ბლოკჩეინი როგორც "Google Docs"

„დოკუმენტების გაზიარების ტრადიციული მეთოდია ვორდის ფაილის მეორე პირისთვის გაგზავნა და თხოვნა, რომ ფაილს გადახედოს და კომენტარები დაურთოს. მთავარი პრობლემა ისაა, რომ შენ უნდა დაელოდო, სანამ დოკუმენტის ასლს გადმოგიგზავნიან, რადგან არ შეგიძლია მისი ნახვა ან შესწორება, სანამ მეორე ადამიანი თავის საქმეს არ მორჩება. დღეს, მონაცემთა ბაზები ასე მუშაობს. ორ მფლობელს არ შეუძლია ერთდროულად ერთ ფაილზე მუშაობა. ასე ინარჩუნებენ ბანკები ფულისა და გადარიცხვების ბალანსს; ისინი ბლოკავენ წვდომას, სანამ გადარიცხვას აწარმოებენ, შემდეგ  ანახლებენ მონაცემებს და კვლავ ხსნიას წვდომას.

ბლოკჩეინის იდეის გასაგებად მოვიშველიოთ Google Docs-ი, რომელიც ზემოთ ხსენებულ ორივე ადამიანს (მასზე წვდომა აქვს) საშუალებას აძლევს დოკუმენტი დაამუშაონ ერთდროულად - პარალელურ რეჟიმში, ორივე მათგანს შეუძლია მონაცემები შეცვალოს და ორივე მათგანისთვის ხილულია ეს დოკუმენტი.

ახლა წარმოიდგინე ის იურიდიული დოკუმენტები. იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს გადააწოდონ მონაცემები, თავგზა აერიოთ ამდენ ვერსიებში და განახლებული საბუთი გამოეპაროთ ან დაკარგონ, რატომ არ შეიძლება ყველა ბიზნეს დოკუმენტი იყოს განაწილებული და არა ხელიდან ხელში გადაცემული? რამდენი კონტრაქტი იქნებოდა იდეალური ასეთ შემთხვევაში?!

შენ არ გჭირდება ბლოკჩეინი, რათა გააზიარო დოკუმენტები, მაგრამ გაზიარებული დოკუმენტების ანალოგი საკმაოდ ახლოსაა ბლოკჩეინის იდეასთან.“ -                         ვილიამ მოუგაირი, რისკების მრჩეველი, ოთხგზის ინტერპრენუერი, მარკეტინგის სპეციალისტი, სტრატეგი და ბლოკჩეინის სპეციალისტი.

ბლოკჩეინის ამტანობა და მდგრადობა

ბლოკჩეინის ტექნოლოგია ინტერნეტივითაა, რადგან გააჩნია ჩამონტაჟებული მდგრადობა. ვინაიდან ის ინახავს ინფორმაციის ბლოკებს, რომლებიც მთელს ქსელში ერთმანეთის იდენტურია, ის არ შეიძლება გაკონტროლდეს ერთი პირის მიერ ან გაუქმდეს.

ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. ამ დროიდან მოყოლებული, ის ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს. (ყველა პრობლემა, რომელიც აქამდე ბიტკოინთან დაკავშირებით წამოჭრილა, ეხება ჰაკერებს და ცუდ მენეჯმენტს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს პრობლემები ეხება არასწორ განზარხვებსა და ადამიანურ შეცდომებს და არა მთავარი პრინციპის დეფექტებს.)

გამჭირვალე და კორუფციისგან დაცული

ბლოკჩეინის ქსელი კონსენსუსზე - ანუ შეთანხმებაზეა დამოკიდებილი, რომელიც ყოველ ათ წუთში ერთხელ ავტომატურად ამოწმებს საკუთარ თავს. ციფრული ვალუტის თვით-შემოწმებით, ქსელი ამოწმებს ყველა სავაჭრო ოპერაციას, რომელიც დაახლოებით ათი წუთის განმავლობაი მოხდა. თითოეულ ასეთ ოპერაციას ბლოკი ეწოდება. აქედან ორი მნიშვნელოვანი თავისებურება იკვეთება:

გამჭირვალე მონაცემი მთლიან ქსელში ინახება და მისი ნახვა შეუძლია ყველას.

შეუძლებელია მისი გაყალბება რადგან მონაცემების შეცვლა საჭირო იქნება არა ერთ კონკრეტულ ადგილას, არამედ ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერში.

თეორიულად, მონაცემების გაყალბება შესაძლებელია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდო. მაგრამ, გაყალბების შემთხვევაში ბიტკოინი თავის ღირებულებას სრულად დაკარგავს.

ნოდების ქსელი

ე.წ. ნოდების ქსელი ქმნის ბლოკჩეინს.

ნოდი

კომპიუტერი, რომელიც დაკავშირებულია ბლოკჩეინის ქსელთან, იღებს ბლოკჩეინის ასლს, სადაც მოცემულია ინფორმაცია სხვადასხვა სავაჭრო ოპერაციების შესახებ.

თითოეული ნოდი ბლოკჩეინის „ადმინისტრატორია“ და ქსელს თავისი სურვილით უერთდება (ამ გაგებით, ქსელი დეცენტრალიზებულია). მაგრამ, ამასთანავე, მათ ქსელში მონაწილეობისთვის წამახალისებელი მიზეზიც აქვთ: ბიტკოინების მოგების (მოპოვების, mining)  შანსი.

ნოდები ბიტკოინების „მაინინგს“ აკეთებენ. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი ბიტკოინების მოსაპოვბლად მათემატიკურ ალგორითმს ხსნის. ბიტკოინი ბლოკჩეინის შექმნის მთავარი მიზეზი იყო, ახლა კი მიიჩნევა, რომ ეს უბრალოდ პირველი გამოყენებაა მისი სხვა პოტენციური შესაძლებლობებიდან.

დეცენტრალიზაციის იდეა

დიზაინის მიხედვით, ბლოკჩეინი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიაა.

ნებისმიერი რამ, რაც მის შიგნით ხდება, აისახება მთელს ქსელზე, როგორც ერთ მთლიანზე. სავაჭრო ოპერაციების შემოწმების ახალი გზის შექმნით, ტრადიციული კომერცია შეიძლება აღარც დაგვჭირდეს - რადგან თუ მონაცემი ყველასთვის მისაწვდომია და მისი გაყალბება შეუძლებელი, იკარგება ფინანსური შუამავლის (მაგ. ბანკის) არსებობის საჭიროება. გარდა ამისა, ბლოკჩეინი შესაძლებელს ხდის, შევინახოთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები, აბსოლუტურად საჯაროდ.

კომპიუტერების გლობალური ქსელი იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რათა ბიტკოინებით წარმოებული სავაჭრო ოპერაციები მართოს. მარტივად რომ ვთქვათ, ბიტკოინი მართვადია თავისივე ქსელის მეშვეობით და არა ერთი კერძო პირის მიერ. დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ ქსელი მუშაობს მომხმარებლიდან მომხმარებლამდე სტრუქტურით.

ვინ გამოიყენებს ბლოკჩეინს?

შენ არ გჭირდება ბლოკჩეინის შესახებ ყველა დეტალის ცოდნა, რათა ის შენს ცხოვრებაში გამოსადეგი იყოს.

ამჟამად, ფინანსური ოპერაციები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას საკმაოდ კარგ გამოყენების შესაძლებლობებს სთავაზობს.  მაგალითად, საერთაშორისო ფულადი გადარიცხვები. მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ 2015 წელს დაახლოებით 430 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის ტრანზაქცია შესრულდა და ყველა მათგანი ფინანსური შუამავლის დახმარებით. ბლოკჩეინს აქვს იმის პოტენციალი, რომ ამ ტრანზაქციებში ფინანსური შუამავალი ამოაგდოს.

ბლოკჩეინი და გაზრდილი უსაფრთხოება

მთელს ქსელში მონაცემების შენახვით ბლოკჩეინი ამცირებს ისეთ რისკებს, რომელსაც მონაცემების ერთ ცენტრალურ ადგილას შენახვა იწვევს.

მისი ქსელი გამოირჩევა ცენტრალიზაციის არ არსებობით, რაც ჰაკერებისგან თავდაცვის გარანტიას იძლევა. დღევანდელ ინტერნეტს უსაფრთხოების პრობლემები აქვს და ეს ყველასთვისაა ცნობილი. ჩვენ ყველანი ვეყრდნობით „მომხმარებლის სახელი/პაროლი“ სისტემას ჩვენი პირადი ინფორმაციის დაცვისთვის. ბლოკჩეინი კი შიფრის ტექნოლოგიას იყენებს.

მისი საფუძველი ე.წ. საჯარო და პირადი „გასაღებებია“. „საჯარო გასაღები“ (გრძელი, შემთხვევით შერჩეული რიცხვებისა და ლათინური ასოების რიგი) მომხმარებლის მისამართია ბლოკჩეინზე. ბიტკოინები, რომლებიც ქსელში იგზავნება, ამ მისამართებზეა მიმაგრებული. „პირადი გასაღები“ პაროლივითაა, რომლითაც მფლობელი საკუთარ ანგარიშში შედის. განათავსე შენი მონაცემები ბლოკჩეინზე და ის გაყალბებისგან დაცული იქნება. მიუხედავად ამისა, შენი ციფრული აქტივების დაცვა პირადი გასაღების დაცვასაც მოითხოვს, რადგან თუ ვთქვათ ბიტკოინი მოგპარეს ვერც ვერსად იჩივლებ და ვერც ვერაფრით ვერ დაიბრუნებ მას.

მეორე დონის ქსელი

ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ქსელი ფუნქციონირების ახალ შრეს იძენს.

მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ერთმანეთთან პირდაპირ იკონტაქტონ - ბიტკოინით შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა 2017 წლის ნოემბერის ბოლოს, დღეში დაახლოებით 370,000-ს შეადგენდა, ხოლო მათი ღირებულება 2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატებოდა. ბლოკჩეინით დამატებული უსაფრთხოება ახალ ინტერნეტს აძლევს პოტენციალს, ჩაანაცვლოს ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები.

გოლდმენ საქსს სჯერა, რომ ბლოკჩეინის პოტენციალი ყველაზე მეტად ანგარიშსწორებების დარეგულირებაში გამოვლინდება და წელიწადში დაახლოებით ექვს მილიარდ დოლარს დაზოგავს.

 

წყარო: Blockgeeks.com

თარგმანი: ანა მიქატაძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი

bottom of page