top of page

რატომ უნდა ვისარგებლო ბიტკოინით?

ბიტკოინი ვალუტის შედარებით ახალი ფორმაა, რომელიც ახლა იწყებს თავის დამკვიდრებას ძირითად ვალუტებს შორის. ხალხი ჯერ ვერ ხვდება, რატომ უნდა შეეცადონ მის გამოყენებას.

რატომ უნდა ვისარგებლოთ ბიტკოინით? ქვემოთ ჩამოთვლილია 10 მიზეზი, თუ რატომ ღირს ამ ვირტუალური ვალუტის გასაცნობად დროის დახარჯვა.

ის სწრაფია

როდესაც ერთ ბანკში სხვა ბანკის ჩეკით იხდი, ფული რამდენიმე დღე კავდება, რადგან საჭიროა თანხის ხელმისაწვდომობის დადასტურება. ასევე, დიდი დრო სჭირდება საერთაშორისო გადარიცხვებსაც. ბიტკოინ ტრანზაქციები კი, ზოგადად, ბევრად სწრაფია.

ტრანზაქციები შეიძლება მომენტალურადაც შესრულდეს, თუ მათი დამტკიცებისათვის ლოდინი არ დაგჭირდათ, ანუ თუ  გამყიდველმა მიიღო ტრანზაქცია ბიტკოინ ბლოკჩეინზე მის დადასტურებამდე (იხილეთ ჩვენი გზამკვლევი: როგორ ხდება ბიტკოინ ტრანზაქციები). ან ტრანზაქციის დასრულებამ შეიძლება 10 წუთს გასტანოს, თუ გამყიდველმა მოითხოვა ჯერ ტრანზაქციის დადასტურება, თქვენთვის მომსახურების ან პროდუქტის მოწოდებამდე. ორივე შემთხვევაში, ტრანზაქცია უფრო სწრაფად ხორციელდება, ვიდრე ბანკებს შორის გადარიცხვები.

ის იაფია

შეიძლება გაგიკვირდეთ და თქვათ, რომ საკრედიტო ბარათის ტრანზაქციებიც მომენტალურია. ეს მართალია. მაგრამ გამყიდველი (და, სავარაუდოდ, თქვენც) იხდით ამ პრივილეგიისთვის. ზოგიერთი გამყიდველი აწესებს საფასურს სადებეტო ბარათით ტრანზაქციებზეც, რადგან მათ განსახორციელებლად უწევთ ‘swipe fee’-ს გადახდა. ბიტკოინ ტრანზაქციების საფასური კი მინიმალურია, ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდ არ არსებობს.

 

ცენტრალური ხელისუფლებისთვის მიუწვდომელია

ალბათ გახსოვთ 2013 წლის კვიპროსის მოვლენები. ცენტრალურ ბანკს სურდა 100 000 დოლარზე მეტი დაუზღვეველი დეპოზიტის უკან წაღება კომპანიის რეკაპიტალიზაციისთვის, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია მოსახლეობაში. თავიდან, ზემოთხსენებულ რაოდენობაზე მცირე ზომის დეპოზიტებიდან გარკვეული პროცენტის მიღება უნდოდათ, რაც პირდაპირ ოჯახურ დანაზოგებს შეეხებოდა. ეს ბიტკოინების შემთხვევაში გამორიცხულია, რადგან ვალუტა დეცენტრალიზებულია და მას თავად ფლობთ. არც ერთ ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს კონტროლი, შესაბამისად, ბანკი ვერ ჩამოგართმევთ მას. ეს დიდი პლიუსია მისთვის, ვისთვისაც ტრადიციული საბანკო მომსახურება ბოლომდე სანდო არ არის.

 

ტანზაქციები შეუქცევადია

თუ ბიტკოინი გაგზავნილია, მისი უკან დაბრუნება მიმღების თანხმობის გარეშე შეუძლებელია. ეს ართულებს ბიტკოინ ტრანზაქციით ისეთ თაღლითობას, როგორსაც ხშირად ვხვდებით საკრედიტო ბარათების გამოყენების შემთხვევაში: ხალხი გარკვეული შენაძენის შემდეგ უკავშირდება საკრედიტო კომპანიას და ითხოვს თანხის უკან დაბრუნებას, განხორციელებული ტრანზაქციის „შექცევას".

 

ვერავინ მოიპარავს თქვენი გადახდის ინფორმაციას გამყიდველისგან

 

ეს უდიდესი პლიუსია. დღეისათვის, ონლაინ შენაძენების უმეტესობა ხორციელდება საკრედიტო ბარათებით, მაგრამ მათი წინამორბედების გამოჩენისას 1920-1930 წლებში ინტერტი საერთოდ არ არსებობდა. საკრედიტო ბარათები არ იყო გათვლილი ონლაინ გამოყენებისთვის და ამიტომ არაა საიმედო. ონლაინ ფორმების შესავსებად იყენებ საიდუმლო ინფორმაციას (საკრედიტო ბარათის ნომერს, ვადას და CSV ნომერს). ეს ყველაზე ნაკლებ საიმედო გზაა ონლაინ ვაჭრობისათვის. ამიტომაც, საკრედიტო ბარათების ნომრებს ხშირად იპარავენ.

ბიტკოინ ტრანზაქციისთვის არ მოგეთხოვებათ არანაირი საიდუმლო ინფორმაცია. ამ დროს გამოიყენება ორი გასაღები: საჯარო და პირადი. ყველას შეუძლია საჯარო გასაღების ნახვა (რაც რეალურად თქვენი ბიტკოინის მისამართია), ხოლო პირადი გასაღები საიდუმლოდ რჩება. ბიტკოინის გაგზავნისას ტრანზაქციას „ხელს აწერ“ საჯარო და პირადი გასაღებების კომბინაციით და მათი მათემატიკური ფუნქციის დამუშავებით. ეს მოწმობს, რომ ტრანზაქცია თქვენგან განხორციელდა. თქვენ დაცული ხართ, თუ, რა თქმა უნდა, პირად გასაღებს არ გაასაჯაროებთ.

 

ის არ არის ინფლაციური

ჩვეულებრივი ქაღალდის ფულის პრობლემა ისაა, რომ ხელისუფლებას შეუძლია სასურველი რაოდენობით და სიხშირით დაბეჭდოს. თუ სახელმწიფოს ვალის გადასახდელად საკმარისი აშშ დოლარი არ გააჩნია, ფედერალური სარეზერვო ფონდი უბრალოდ დაბეჭდავს მათ. თუ ეკონომიკა არასტაბილურია, ახლად შექმნილი ფული ჩაიდება. ეს კი  ვალუტის მსყიდველობით უნარს ამცირებს.

თუ მიმოქცევაში არსებულ დოლარების რაოდენობას გააორმაგებ, ერთი დოლარის ადგილას ორი დოლარი გაჩნდება. თუ ადამიანი შოკოლადს ერთ დოლარად ყიდდა, ახლა მოუწევს ფასის გაორმაგება, რათა მისი რეალური ღირებულება იგივე გახადოს რაც მანამდე იყო, რადგან დოლარი უცებ თავისი ფასის მხოლოდ ნახევარს შეადგენს. ამას ეწოდება ინფლაცია და ეს განაპირობებს საქონლის და მომსახურების ფასების ზრდას. ინფლაციის გაკონტროლება რთულია და მას შეუძლია ხალხის მსყიდველუნარიანობის შემცირება. ბიტკოინისთვის არსებობს მონეტების რაოდენობის ლიმიტი. თავდაპირველი პირობით, უნდა შეიქმნას მხოლოდ 21 მილიონი ბიტკოინი. ანუ, ამ რაოდენობის მიღწევის შემდეგ, ბიტკოინების რიცხვი აღარ გაიზრდება, შესაბამისად, ინფლაციაც პრობლემა არ იქნება. სხვათა შორის, ბიტკოინების სამყაროში უფრო მოსალოდნელი დეფლაციაა, რაც გულისხმობს საქონლისა და მომსახურების ფასების შემცირებას.

 

ის იმდენად საიდუმლოა, რამდენადაც გსურთ, რომ იყოს

ზოგჯერ საერთოდ არ გვინდა, ხალხმა გაიგოს, თუ რა შევიძინეთ. ბიტკოინი შედარებით საიდუმლო ვალუტაა. ერთი მხრივ, ის გამჭირვალეა. ბლოკჩეინის დამსახურებით, ყველასთვის ცნობილია გარკვეული ბიტკოინის მისამართზე რამდენი ტრანზაქციაა, საიდან განხორციელდა ისინი და საით გაიგზავნა. მეორე მხრივ კი, სტანდარტული საბანკო ანგარიშებისგან განსხვავებით, არავინ იცის, ვინ არის კონკრეტული ბიტკოინ მისამართის მფლობელი. ეს შეგვიძლია შევადაროთ ისეთი გამჭირვალე საფულის ქონას, რომლის პატრონიც არ ჩანს. ყველას შეუძლია, შიგნით ჩაიხედოს, მაგრამ არავინ იცის, ვის ეკუთვნის ის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ხალხისთვის, რომელიც სარგებლობს ბიტკოინებით არაგონივრულად (მაგალითად, ყოველთვის ერთსა და იმავე მისამართს იყენებს, ან აერთიანებს მონეტებს ბევრი სხვადასხვა მისამართიდან ერთ რომელიმე მისამართზე), ქსელში იდენტიფიცირების რისკი უფრო დიდია.

 

არავის ნდობაზე ხართ დამოკიდებული

სტანდარტულ საბანკო სისტემაში თქვენი ფულის სწორად მართვა სხვადასხვა ეტაპზე დამოკიდებულია ხალხზე. თქვენ უნდა ენდობოდეთ, მაგალითად, ბანკს. შეიძლება საჭირო გახდეს მესამე მხარეც, როგორც გადახდების გადამამუშავებელი (მაგალითად Visa). ასევე, ხშირად გიწევთ, ენდოთ გამყიდველს. ყველა ეს ორგანიზაცია/რგოლი თქვენგან მოითხოვს მნიშვნელოვან პირად ინფორმაციას. ბიტკოინი კი სრულიად დეცენტრალიზებულია, ამიტომაც, ამ შემთხვევაში, არავის ნდობაზე არ ხართ დამოკიდებული. ტრანზაქციის შესრულებისას ის მტკიცდება ციფრული ხელმოწერით და დაცულია. უცნობი მაინერი ადასტურებს მას და ტრანზაქციაც სრულდება. რაიმე ნივთის ან მომსახურების შეძენისას, არ არის საჭირო გამყიდველმა იცოდეს თქვენი ვინაობა, თუ თავად არ მოისურვებთ ამის გამხელას.

 

ის თქვენ გეკუთვნით

არ არსებობს სხვა ელექტრონული ფულის სისტემა, რომელშიც თქვენი ანგარიში მხოლოდ თავად გეკუთვნით. განვიხილოთ PayPal-ის მაგალითზე. თუ კომპანია გადაწყვეტს, რომ რაიმე მიზეზით ანგარიში არასწორად მოიხმარება, შეუძლია ამ ანგარიშზე არსებული ყველანაირი აქტივი გაყინოს მფლობელთან კონსულტაციის გარეშე. შემდეგ კი, მესაკუთრეს თავად მოუწევს იმ ყველა საფეხურის გავლა, რომელიც საჭიროა სიტუაციის გასარკვევად და ანაგარიშისადმი წვდომის აღსადგენად. ბიტკოინების შემთხვევაში, თქვენ ფლობთ პირად გასაღებს და მის შესაბამის საჯარო გასაღებს, რომლებიც ქმნის ბიტკოინის მისამართს. ამის ჩამორთმევა არავის შეუძლია (თუ, რა თქმა უნდა, თავად არ დაკარგავთ, ან რომელიმე ინტერნეტ საფულეში არ შეინახავთ, საიდანაც შეიძლება დაიკარგოს).

 

შეგიძლიათ შექმნათ საკუთარი ფული

სახლის პირობებში, ბეჭდვის ფერად ტექნოლოგიებში საოცარი მიღწევების მიუხედავად, ხელისუფლების მიდგომა ხალხის მიერ საკუთარი ფულის ბეჭდვასთან დაკავშირებით მკაცრია. ბიტკოინების შემთხვევაში კი პირიქით - ეს წახალისებულია. ბიტკოინის შეძენა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ღია ბაზარზე, მაგრამ ასევე შეგიძლიათ მოიპოვოთ საკუთარი, თუ გაქვთ საკმარისი კომპიუტერული ენერგია. აღჭურვილობისა და ელექტრობის თავდაპირველი ხარჯების დაფარვის შემდეგ, ბიტკოინების მაინინგისთვის უბრალოდ საჭიროა აპარატისა და პროგრამული უზრუნველყოფის ჩართულ მდგომარეობაში დატოვება. ვინ უნდა იყოს წინააღმდეგი, რომ შენი ძილის დროს კომპიუტერი ფულს გამოიმუშავებდეს?

 

წყარო: Coindesk.com

თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე

რედაქცია: ბექა დალაქიშვილი, ანა მიქატაძე

bottom of page