როგორ ხდება ბიტკოინ ტრანზაქციები?
ბიტკოინ ტრანზაქციები ხდება ბიტკოინ საფულეების მეშვეობით. უსაფრთხოებისთვის ციფრული ხელმოწერა გამოიყენება. ქსელში ჩართულმა ყველა პირმა იცის ტრანზაქციის შესახებ და ყველა ტრანზაქციის ისტორიის ნახვა შესაძლებელია ბიტკოინის შექმნის მომენტიდან.
ბიტკოინების შენახვა ხელსაყრელია გადამყიდველებისთვის, რომლებიც ელოდებიან მათი ფასის გაზრდას. მაგრამ ამ ვალუტის მთელი აზრი ხომ მისი დახარჯვაა? განვიხილოთ, თუ როგორ მიმდინარეობს ტრანზაქციები ბიტკოინების დახარჯვის დროს.
არ არსებობს ბიტკოინები, არის, მხოლოდ, ჩანაწერები ბიტკოინ ტრანზაქციების შესახებ
სახალისო ფაქტი ბიტკოინების შესახებ ის არის, რომ ისინი არსად არსებობენ, მყარ დისკზეც კი. ჩვენ, ხშირად, ვსაუბრობთ ბიტკოინების ფლობაზე. მაგრამ კონკრეტული ბიტკოინის მისამართს თუ შევამოწმებთ, ვნახავთ რომ ციფრული ბიტკოინები იქაც არ ინახება, როგორც ფუნტი ან დოლარი ბანკის ანგარიშზე. ვერც ერთ ციფრულ ფაილზე ან ფიზიკურ საგანზე ვიტყვით, რომ ეს არის ბიტკოინი.
სამაგიეროდ, არსებობს ჩანაწერები სხვადასხვა მისამართს შორის მიმდინარე ტრანზაქციებზე, რომელთა შედეგადაც ბალანსი იზრდება ან მცირდება. თითოეული ტრანზაქცია ინახება ვრცელ საჯარო დავთარში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. გარკვეული ბიტკოინის მისამართზე ბალანსის ამსახველი ინფორმაცია არ ინახება. ბალანსის დასადგენად უნდა შეამოწმოთ ბლოკჩეინი.
როგორ გამოიყურება ტრანზაქცია?
თუ ალისა ბიტკოინებს გაუგზავნის ბობს, ტრანზაქციაში იქნება სამი სახის ინფორმაცია:
-
Input. ეს არის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი მისამართიდან მიიღო ალისამ ბიტკოინები (მას ბიტკოინები მეგობარმა, ევამ გამოუგზავნა)
-
რაოდენობა. ეს არის ალისას მიერ ბობთან გაგზავნილი ბიტკოინების რიცხვი.
-
Output. ეს არის ბობის ბიტკოინ მისამართი.
როგორ იგზავნება ბიტკოინები?
ბიტკოინების გასაგზავნად ორი რამ არის საჭირო: საჯარო მისამართი და პირადი გასაღები. მისამართი ყველა პირს შერჩევითად ენიჭება და არის ასოებისა და ციფრების უბრალო, შემთხვევითი თანმიმდევრობა. პირადი გასაღები, ასევე, ასოებისა და ციფრების კომბინაციაა, მაგრამ, მისამართისგან განსხვავებით, ის საიდუმლოდ ინახება.
ბიტკოინის მისამართი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც გამჭირვალე დაცული სადეპოზიტო ყუთი. ყველასთვის ცნობილია, თუ რა დევს შიგნით, მაგრამ მხოლოდ პირადი გასაღებით არის შესაძლებელი მისი გახსნა და შიგთავსის გამოღება ან მასში რამის შენახვა.
როდესაც ალისას სურს ბიტკოინების ბობისთვის გაგზავნა, იყენებს პირად გასაღებს შეტყობინების დასადასტურებლად. ეს შეტყობინება მოიცავს პირველად ინფრომაციას- input-ს (გასაგზავნი მონეტების შესახებ ინფომრაციას), რაოდენობას და output-ს (ბობის მისამართს). ის გზავნის მათ საფულიდან ბიტკოინის უფრო ფართო ქსელში. ამის შემდეგ უკვე მაინერები ადასტურებენ ტრანზაქციას, ამატებენ მას ტრანზაქციების ბლოკში და, საბოლოოდ, ამოხსნიან კრიპტოგრაფიულ ჰაშ ფუნქციას, რითაც ადასტურებენ ტრანზაქციას.
რატომ გიწევს, ზოგჯერ, ლოდინი ტრანზაქციის დასადასტურებლად?
ტრანზქციები უნდა დადასტურდეს მაინერების მიერ, ამიტომაც, ზოგჯერ, გიხდება ლოდინი მაინინგის დასრულებამდე. ბიტკოინის პროტოკოლის (პროგრამის) მიხედვით, თითოეული ბლოკის მაინინგს, უხეშად, 10 წუთი სჭირდება.
ზოგიერთმა გამყიდველმა, ვისთანაც ბიტკოინით ვიხდით საფასურს, შეიძლება გალოდინოს, სანამ ბლოკი დადასტურდება. ამ დროის განმავლობაში შეიძლება დაისხათ ყავა, გახვიდეთ და დაბრუნდეთ ცოტა ხანში, რათა, საბოლოოდ, შეძლოთ შეძენილი საქონლის ან მომსახურების მიღება.
თუმცა, ზოგიერთმა გამყიდველმა შეიძლება არც გალოდინოთ ტრანზაქციის დადასტურებამდე. ისინი გენდობიან და თვლიან, რომ იგივე ბიტკოინებით არ შეეცდებით სხვა ტრანზაქციების დადასტურებასაც. ასე, უმეტესად, დაბალი ფასის ტრანზაქციების დროს იქცევიან, როცა თაღლითობის რისკი ნაკლებია.
რა მოხდება, თუ input და output რაოდენობები არ დაემთხვევა?
რომელიმე კონკრეტულ მისამართთან შეიძლება ბევრი სხვადასხვა ტრანზაქცია იყოს დაკავშირებული, რადგან ბიტკოინების არსებობა მხოლოდ ტრანზაქციების ჩანაწერებითაა წარმოდგენილი. ვთქვათ, ალისას ჯეინმა გაუგზავნა 2 ბიტკოინი, ფილიპმა - სამი და ევამ - ერთი, ყველა ეს ტრანზაქცია დაფიქსირდება ცალ-ცალკე განსხვავებულ დროს. ისინი ალისას საფულეში ავტომატურად არ დაჯამდება ექვს ბიტკოინად, არამედ იქნება სხვადასხვა ტრანზაქციის ჩანაწერების სახით.
ალისასგან ბობისთვის ბიტკოინების გაგზავნისას, საფულე შეეცდება გასაგზავნი ბიტკოინების არსებობა შეამოწმოს სხვადასხვა ტრანზაქციების დაჯამებით.
ბიტკოინების ბობისთვის გაგზავნის დროს შეიძლება ალისას არ აღმოაჩნდეს სხვა ტრანზაქციებით შემოსული ბიტკოინების ზუსტი რაოდენობა. ვთქვათ, სურს მხოლოდ 1.5 ბიტკოინის გადაცემა ბობისთვის. მის მისამართზე განხორციელებული ტრანზაქციებიდან არც ერთი ეთმხვევა ამ რაოდენობას და არც მათი კომბინაციით ვიღებთ სასურველ შედეგს. ალისას ტრანზაქციების უბრალოდ დაყოფა არ შეუძლია. მომხარებელს შეუძლია მთლიანი output-ის დახარჯვა და არა მისი გაყოფა პატარა ნაწილებად.
სამაგიეროდ, ალისას შეუძლია გადარიცხოს თანხა ერთ-ერთი მიღებული ტრანზაქციის ოდენობით და მას დაუბრუნდება ხურდა.
ალისა ბობს გადაურიცხავს ჯეინის მიერ გამოგზავნილ 2 ბიტკოინს. ამ შემთხვევაში, ჯეინი არის input და ბობი არის output. მაგრამ, ალისასთვის სასურველი გადარიცხვის რაოდენობა არის 1.5 BTC. ამიტომ, ალისას საფულე ავტომატურად ქმნის ორ output-ს ამ ტრანზაქციისთვის: 1.5 BTC ბობს გაეგზავნება, ხოლო 0.5 BTC ახალ მისამართზე გადაირიცხება, რომელიც შეიქნმა ალისასთვის ხურდის დასაბრუნებლად.
არის თუ არა ტრანზაქციის რაიმე სახის საკომისიო?
არის, მაგრამ არა ყოველთვის.
ტრანზაქციის საკომისიო გამოითვლება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ზოგიერთი საფულე საშუალებას გაძლევს, თავად დააწესო ტრანზაქციის საკომისიო. ტრანზაქციის ნებისმიერი ნაწილი, რომელიც მიმღებამდე არ მიაღწევს და არც ხურდის სახით ბრუნდება, ითვლება საკომისიოდ. ის დამატებითი ჯილდოს სახით ერიცხება იღბლიან მაინერს, რომელმაც დაადასტურა ეს ტრანზაქცია.
ამ ეტაპზე, უამრავი მაინერი საკომისიოს გარეშე გადაამუშავებს ტრანზაქციებს. ამის ასე გაგრძელება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ბიტკოინის თითოეულ ბლოკზე ჯილდო ნელ-ნელა მცირდება. ერთ-ერთი ყველაზე მოუხერხებელი ფაქტი ტრანზაქციების საკომისიოებთან დაკავშირებით იყო მათი გამოთვლის სირთულე და ფარულობა. ის არის პროტოკოლის რამდენჯერმე განახლების შედეგი.
ბიტკოინ ტრანზაქციების პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შეცვლის ტრანზაქციის საკომისიოსთან დაკავშირებულ მიდგომებს და დადგინდება ყველაზე დაბალი გადასახადი, რომლისთვისაც ტრანზაქცია შეიძლება დამტკიცდეს.
რა ხდება მაშინ, თუ მსურს ბიტკოინის მხოლოდ ნაწილის გაგზავნა?
ბიტკოინ ტრანზაქციები შეიძლება დაიყოს კიდეც. არსებობს ერთეული - სატოში, რომელიც შეადგენს ბიტკოინის ას მემილიონედს (100,000,000 სატოში = 1 ბიტკოინს). ბიტკოინის ქსელში შესაძლებელია მინიმუმ 5430 სატოშის (0.00005430 ბიტკოინის) ოდენობის ტრანზაქციის განხორციელება.
წყარო: Coindesk.com
თარგმანი: თეკლა ფორჩხიძე
რედაქცია: ბექა დალაქიშვილი, ანა მიქატაძე