top of page

კრიპტოკატები

ეთერიუმმა დაამტკიცა, რომ ბლოკჩეინს მართლაც უამრავი შესაძლებლობა აქვს. კრიპტოკატები ეთერიუმის პლატფორმაზე შექმნილი აპლიკაციაა, სადაც მომხმარებლები ყიდულობენ, ყიდიან და ამრავლებენ ვირტუალურ კატებს. მათი დნმ ისეა შექმნილი, რომ ის საშუალებას იძლევა, მშობლებიდან კნუტებს გენეტიკურად ისეთი ნიშან-თვისებები გადაეცეთ, როგორიცაა ბეწვის შეფერილობა, ზოლები და ლაქები. რაც უფრო იშვიათია კატა, მით უფრო ძვირადღირებულია ის.

(წყარო:cryptokitties.co)

მოთამაშეებმა აპლიკაციაზე 6.7 მილიონი დოლარი დახარჯეს, ყველაზე ძვირადღირებული კატა კი $114,481.59-ად გაიყიდა. კნუტების საშუალო ფასი 25 დოლარს შეადგენს.

ზემოთხსენებული რიცხვებიდან კარგად ჩანს, რამხელა დაინტერესება გამოიწვია თამაშმა საზოგადოებაში. როგორც ჯოი კრუგი, „Pantera Capital“-ის მთავარი ინვესტორი და ერთ-ერთი პირველი ბიტკოინების ინვესტორი აცხადებს:

„მაღალი დონის, აბსტრაქტული კუთხით რომ შევხედოთ, ეს თითქმის ციფრული ხელოვნების ნიმუშია. მას არანაირი ფიქსირებული ღირებულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რამდენადაც შენ აფასებ მას.“

დიდი წარმატების მიუხედავად, შემქმნელებისგან გაუთვალისწინებლად, აპლიკაციამ ისე გადატვირთა ეთერიუმის ბლოკჩეინი, რომ გაჭედა კიდეც იგი, რამაც უფრო სერიოზული ტრანზაქციების დაყოვნება გამოიწვია.

(წყარო:cryptokitties.co)

შედეგად, კრიპტოკატების შემქმნელებს მოუწიათ, ფასები აეწიათ და თუ მანამდე კატების შეჯვარება 0.002 ETH (დაახლოებით 90 ცენტი) ღირდა, ახლა ფასი 0.015-ია (დაახლოებით $6.69).

ის ფაქტი, რომ თამაშმა ეთერიუმის ბლოკჩეინი გაჭედა, კიდევ ერთხელ გვახსენებს მასშტაბურობის პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმმა გვაჩვენა ბლოკჩეინის უკიდეგანო შესაძლებლობები და დაადასტურა, რომ მისი პლატფორმა მართლაც ტურინგ-დასრულებულია, ანუ მასზე ყველაფრის აგება შეიძლება, როგორც ჩანს, მასშტაბურობის პრობლემა მაინც მოუგვარებელი რჩება და ბლოკების ზომის გაზრდა გამოსავალი არ არის. სამაგიეროდ, პლატფორმის შესაძლებლობების დემონსტრირება აშკარად იძლევა იმის ფიქრის საშუალებას, რომ მასშტაბურობა მალე სანერვიულო აღარ იქნება.

Comments


bottom of page