top of page

ბიტკოინის ფიუჩერსები: საფრთხე თუ წარმატება ?

18 დეკემბერს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და, ამასთან, უძველესი დერივატივების ბაზარი, CME group, ამატებს ბიტკოინის ფიუჩერსებს, 10 დეკემბერს კი CBOE Global Markets, ასევე უდიდესი ოფციების ბაზარი ამერიკაში, რომელიც ფლობს Chicago Board Options Exchange-ს, იწყებს ბიტკოინის ოფციებით ვაჭრობას.

ეს სიახლე ლოგიკურად ინსტიტუციონალურ და საცალო ინვესტორებს და მოვაჭრეებს კარს უხსნის ბიტკოინისკენ, მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თვით ბიტკოინით (საფულეების გამოყენებით) ვაჭრობის გარეშე. ჩნდება კითხვა: ფიუჩერსების და ოფციების ვაჭრობით რეალურ ბიტკოინზე მოთხოვნა როგორ გაიზრდება?

CME group, CBOE Global Markets, bitcoin futures

(წყარო:http://www.cboe.com)

მოდით, სანამ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდებით, გავარკვიოთ, როგორ მუშაობს ფიუჩერსი. დავუშვათ, თომა ფიქრობს, რომ ბიტკოინზე ფასი ახალ წლამდე 20,000 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო გაგის აზრით, ფასი 17,500 $-ს არ გადააჭარბებს. ასეთ დროს გაგი ყიდის ფიუჩერსს - თომას უდებს ხელშეკრულებას, რომ 31 დეკემბერს მიჰყიდის მას ერთ ცალ ბიტკოინს 17,500 აშშ დოლარად. შესაბამისად, რადგან თომა ფიქრობს, რომ ახალ წელს ფასი 20,000 $ იქნება, იმედი აქვს, რომ გაგისგან 17.500 $-ად ნაყიდ ბიტკოინს 2,500-ით ძვირად გაყიდის.

მეორეს მხრივ, გაგი დარწმუნებულია, რომ ფასი 17,500 $-ზე ნაკლები იქნება და ხელშეკრულებას იმ იმედით დებს, რომ ორ თვეში თავის ბიტკოინს საბაზრო ფასზე ძვირად გაყიდის. სინამდვილეში, ყიდვა-გაყიდვა არ არის ხოლმე საჭირო, რადგან, როგორც წესი, ფიუჩერსის კონტრაქტი სრულდება ფულადი ანგარიშსწორებით. მყიდველი იღებს განსხვავებას შეთანხმებულ ფასსსა და საბაზრო ღირებულებას შორის. მაგალითად, თუ დათქმული (ფიუჩერსის) ფასი არის 17,500$ და საბაზრო ღირებულება არის $20,000, გაგი თომას გადაუხდის 2,500 $-ს და პირიქით, თუ ფასი, ვთქვათ 16,000 $ იქნება, თომა გადაუხდის გაგის 1,500$ -ს (17,500$-16,000$). საინტერესოა, რომ ორივე CME group და CBOE Global Markets ფიუჩერსების ანგარიშსწორება ხდება ფულით (როგორც ზემოთ განვიხილეთ), რაც იმას ნიშნავს, რომ მათ არ მოუწევთ საფულეების ან მაღალი დონის დაცვის სისტემების დანერგვა, რადგან არ მოუწევთ ბიტკოინებით ვაჭრობა.

სავარაუდოდ, ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზარი ბევრად დიდი იქნება, ვიდრე თვითონ ბიტკოინის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან, ლოგიკურად, ინსტიტუციონალური ინვესტორები დაიწყებენ ბიტკოინის პოზიციების ჰედჯირებას ფიუჩერსებით. ჰეჯირება ნიშნავს, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი ინვესტიციის დაზღვევას. ამიტომ, სავარაუდოდ, უფრო მეტი ინვესტიცია დაიძვრება ბიტკოინისკენ და ინვესტორები ფიუჩერსებს მხოლოდ საკუთარი შესაძლო ზარალის დასაზღვევად გამოიყენებენ.

არის მეორე მოსაზრებაც, რომ ინვესტორებისთვის ფიუჩერსების და დერივატივების ბაზარი უფრო სწრაფი, უსაფრთხო და რეგულირებული გარემოა. შეიძლება ბიტკოინის ბაზრიდან ჰეჯფონდ მენეჯერები მთლიანად გადაერთონ ფიუჩერსების ბაზარზე. უფრო სანერვიულო კი ის არის, რომ ინსტიტუციონალური ფონდები, რომლებსაც უკვე ნაყიდი აქვთ ბიტკოინი, ჩათვლიან, რომ ფიუჩერსების ბაზარი მიმზიდველია და დაიწყებენ ბიტკოინის გაყიდვას, რათა გადაიტაონ ფონდები ამ უკანასკნელზე. ცხადია, ამ შემთხვევაში შესაძლოა, ბიტკოინის ფასის მკვეთრი შემცირება ვიხილოთ.

bitcoin

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ბიტკოინის ფიუჩერსების ბაზარი მნიშვნელოვნად გაზრდის იმის შანსს, რომ ბიტკოინი ჩვეულებრივ ფინანსურ აქტივად(ETF) აღიაროს სეკურიტების მარეგულირებელმა კომისიამ(SEC). ეს კიდევ უფრო მეტი ფონდების მოზიდვას გამოიწვევს უკვე გადატვირთული ბიტკოინის ბაზარზე. თქვენი აზრით, საით წავა ბიტკოინის ფასი?

bottom of page