BLOCKCHAIN - დამწყებთათვის
ბოლო დროს ძალიან ხშირად მისვამენ კითხვა -
რა არის ბიტკოინი? რა არის კრიპტოვალუტა? რა არის ბლოკჩეინი? პასუხი, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, რადგან ეს ტერმინები თავის თავში მოიცავს ისეთ ტექნოლოგიურ სიახლეს, რომელიც დახუნძლულია ტექნიკური, რთული სიტყვებით, მათ კი, სამწუხაროდ, ქართული შესატყვისები არ გააჩნია.
ამის გარდა, იმდენად თვითკმაყოფილები ვართ ამ ახალი, რევოლუციური ტექნოლოგიის შესახებ სხვებზე მეტის ცოდნით, რომ გვინდა, ჩვენი ცოდნა ყველას დეტალებში გავუზიაროთ. ხშირად გვგონია, რომ ბიტკოინის რაობის ასახსნელად, მსმენელს დეტალებში აინტერესებს კრიპტოგრაფიული ჰაშები, „მაინინგი“ და ბიტკოინის ფასის დინამიკა უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. დამატებით, არ ვიზარებთ და მსმენელს ვუყვებით წარმატების ისტორიებს, იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ უცნობი ადამიანები ერთ დღეში ბევრი ფულის პატრონები, როგორ შეიძინეს უნივერსიტეტის პრეზენტაციისათვის ბიტკოინები 2009-ში და შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ თურმე ცენტებად ნაყიდი ბიტკოინების საშუალებით დღეს უკვე მილიონერები არიან, როგორ გავმდიდრდებოდით ყველა ერთად, თუნდაც ხუთი წლის წინ რომ გვეყიდა ბიტკოინი და ასე შემდეგ.
შედეგად ვიღებთ, რომ ადამიანს, რომელსაც უნდოდა, მარტივად გაეგო ბიტკოინის არსის შესახებ, უფრო მეტად დაბნეულს ვტოვებთ. პასუხები, რომლებსაც იგი ეძებდა, უფრო მეტად ბუნდოვანი ხდება და უამრავი გაურკვეველი სიტყვის გარდა, პრინციპში, ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ დროის მანქანის გამოყენებით შეუძლია წარსულში დაბრუნდეს, იყიდოს 100$-ის ოდენობის ბიტკოინები და მილიონერი გახდეს.
ამ სტატიაში შევეცდები, მაქსიმალურად მარტივად ავხსნა, რა არის ბლოკჩეინის ტექნოლოგია და კრიპტო ვალუტები, რათა შეგიქმნათ საბაზისო წარმოდგენა მის შესახებ, ხოლო მათ, ვისაც, ჩემს მსგავსად, ხშირად ეკითხებიან ბიტკოინების და ბლოკჩეინის შესახებ, დავეხმარო საკუთარი პასუხის დამოკლებაში და უკეთ სტრუქტურირებაში. დასაწყისშივე გეტყვით, რომ თავად ბიტკოინი პირველი კრიპტოვალუტაა, დღესდღეობით კი უამრავი მისი ანალოგი არსებობს.
ტერმინოლოგიის განსაზღვრა
ნაცვლად ჰაშებზე და ნოდებზე საუბრისა, პირველ რიგში განვსაზღვროთ, რა არის ბლოკჩეინი - ეს არის გადანაწილებული, დეცენტრალიზებული მონაცემთა ბაზა, რომელსაც, გამარტივების მიზნით, ვუწოდოთ საერთო საბუღალტრო წიგნაკი ან დავთარი. მასში ყველა ოპერაცია თანმიმდევრულად იწერება, ხოლო თავად ბლოკი შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც თითოეული ჩანაწერი ამ საბუღალტრო წიგნაკში.
შესაბამისად, ამ სტატიის მიზნებისათვის, ბლოკჩეინ ტექნოლოგიას ხშირ შემთხვევაში მოვიხსენიებთ, როგორც საერთო საბუღალტრო წიგნაკს, ან დავთარს, ხოლო ბლოკს - როგორც ჩანაწერს ამ წიგნაკში.
რას ნიშნავს საერთო საბუღალტრო წიგნაკი და როგორ მუშაობს იგი
იყო დრო, როდესაც ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიის მმართველი დავთარში ხელით წერდა და შემდეგ ხელითვე, ან საანგარიშო „ჩოთქით“, აჯამებდა. ეს ყველაფერი შეიცვალა კალკულატორის გამოჩენით, რამაც დაჯამების პროცესი გაამარტივა. ამას მოჰყვა კომპიუტერის და კომპიუტერული პროგრამების განვითარება და დღესდღეობით სწორედ ეს პროგრამები უზრუნველყოფენ ბუღალტრული საქმიანობის დიდ ნაწილს - მაგალითად სუპერმარკეტში პურის ყიდვისას, სალაროსთან ელექტრონულად ტარდება პროდუქტი შტრიხკოდით, ავტომატურად ენიჭება ბუღალტრული კლასიფიკაცია და შესაბამისად აღირიცხება. ბუღალტერიის სისწორეზე კი, ძირითადად, კომპიუტერული პროგრამაა პასუხისმგებელი, რომელიც მენეჯერის კაბინეტში კომპიუტერზეა ჩაწერილი.
წარმოიდგინეთ, რომ მოცემული სუპერმარკეტის ყველა ფილიალის მენეჯერს აქვს ანალოგიური პროგრამა და ყველა ხედავს ელექტრონულ საბუღალტრო წიგნაკში ყოველ ახალ ჩანწერს - ჩვენს შემთხვევაში პურის გაყიდვას. სუპერმარკეტის ქსელის ყველა მენეჯერს უნდა ჰქონდეს ბუღალტრული წიგნაკის ზუსტი ასლი. ამასთან ერთად, წარმოვიდგინოთ, რომ ამ ჩანაწერების თანმიმდევრობას დიდი მნიშვნელობა აქვს. შედეგად, ყოველი პურის გაყიდვისას საჭირო იქნება ყველა მენეჯერის კომპიუტერში საბუღალტრო წიგნაკების შედარება და დადასტურება, რომ მონაცემები ნამდვილად სწორია და პური უფრო ადრე გაიყიდა ვიდრე, ვთქვათ, არაჟანი (კონსესუსი). ამგვარად ყველა მონაწილე თანხმდება, რომ ეს ტრანზაქცია შედგა.
თუ მომხმარებელი გადაწყვეტდა პურის უკან დაბრუნებას, გაჩნდებოდა ახალი ჩანაწერი, რომელიც, შესაბამისად, ასახავდა პურის - მაღაზიისათვის, ხოლო ფულის - მომხმარებლისთვის დაბრუნების ოპერაციას.
გამოდის, რომ ბლოკჩეინი უბრალოდ ერთი დიდი დავთარია, რომლის ზუსტი ასლი ინახება ქსელში ჩართულ ყველა კომპიუტერში და ყოველი ტრანზაქციის დასადასტურებლად საჭიროა, რომ შემოწმდეს ყოველი ასლის იდენტურობა ერთმანეთთან. მაინინგი კი, მარტივად თუ შევხედავთ, არის შეჯიბრი, თუ ვინ მოასწრებს უახლესი ჩანაწერის გაკეთებას ისე, რომ ყველა დანარჩენი დაეთანხმოს მას ლეგიტიმურობაში. ამისათვის ყველაზე „სწრაფი“ საჩუქრდება გარკვეული რაოდენობის სავალუტო ერთეულით.
საიდან ჩნდება ამ ყველაფერში ღირებულება?
პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, საიდან ჩნდება კრიპტო ვალუტები, რომელთაგან ყველაზე პოპულარული ამ ეტაპზე არის ბიტკოინი, ლაიტკოინი და ეთერიუმი. ამისათვის განვიხილოთ მაგალითი:
ვთქვათ, თომამ აიღო ცარიელი საბუღალტრო წიგნაკი და გააკეთა პირველი ჩანაწერი: „დღეიდან არსებობს ათასი ერთეული მონეტა - „თომა ქოინი“ (ცხადია, ამისთვის კომპლექსური პროგრამული საფუძველი უნდა არსეობდეს, თუმცა სიმარტივისთვის ვთქვათ, რომ ჟურნალში გაკეთებული ჩანაწერი საკმარისია ახალი ვალუტის შესაქმნელად). ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავისი 2 მეგობრისთვის, ნუცისთვის და გაგისთვის, დაერიგებინა 100-100 ერთეული „თომა ქოინი“. ამისათვის, როგორც ზემოთ ვნახეთ, თომამ უნდა გააკეთოს ამ ჟურნალის 2 ცალი ასლი და მისცეს ნუცის და გაგის იმ პირობით, რომ ისინი შეთანხმებულად შექმნიან ყოველ მომდევნო ჩანაწერს ჟურნალში (ვინაიდან სისტემა ელექტრონულია, რეალურად ყოველი ოპერაცია აისახება ავტომატურად). თითოეული ასეთი ჩანაწერი კი იქნება საბუთი იმისა, რომ თომა, ნუცი და გაგი ფლობენ ამ ვალუტის გარკვეულ რაოდენობას.
შემდეგ, თომამ განსაზღვრა ასეთი პირობა - „შეგიძლიათ „თომა ქოინი“ გამოიყენოთ, როგორც ფული - მის სანაცვლოდ ერთმანეთში გაცვალოთ ნებისმიერი სახის პროდუქტი და მომსახურება, მაგრამ თითოეულმა თქვენგანმა ჟურნალი უნდა აწარმოოს შეთანხმებულად, ხოლო ვინც პირველი ჩაწერს ჟურნალში ვინ ვის რამდენი „თომა ქოინი“ გაუცვალა, მას დავასაჩუქრებ 1 ცალი „თომა ქოინით“ (თავისთვის დატოვებული 800 ცალი ვირტუალური მონეტიდან).
რაც შეეხება, ვალუტის ფასს, მას განსაზღვრავენ ყველა ერთად, იქიდან გამომდინარე, რამდენად ხშირად ცვლიან ერთმანეთში „თომა ქოინს“. ვინაიდან ფუნდამენტურ ეკონომიკურ ნორმას წარმოადგენს - რაც მეტია მოთხოვნა, მით მეტია ფასი, შესაბამისად, თუ სამივე გადაწყვეტს, აქტიურად გამოიყენოს „თომა ქოინი“, როგორც ფულადი ერთეული, გაიზრდება მისი ფასიც[1].
თუ ვთქვათ, ნუცი გადაწყვეტს, რომ აღარ აწარმოოს ჟურნალი, მაგრამ დაიტოვოს და გამოიყენოს „თომა ქოინები“, გამოვა, რომ ის არის უბრალოდ ვალუტის მფლობელი და ამ ვალუტით ნაყიდ თანხას საკუთარ ჟურნალებში ასახავენ მხოლოდ თომა და გაგი, შესაბამისად, მხოლოდ გაგი იღებს თომასგან ყოველი ჩანაწერის გაკეთებისას ერთ ცალ მონეტას (მხოლოდ გაგია მაინერი).
რეალურად, ბლოკჩეინ სისტემა მუშაობს ზუსტად ამგვარად - ბლოკჩეინ ალგორითმის შემქმნელი ადგენს „თამაშის წესებს“ და, როგორც წესი, თავისთვის ინახავს ბლოკჩეინზე დამოკიდებული ვალუტის გარკვეულ ნაწილს. ყოველი ამ ვალუტით შესრულებული ოპერაციისთვის, მილიონობით სისტემაში ჩართული კომპიუტერი მუშაობს საერთო საბუღალტრო წიგნაკში ამ ოპერაციის ჩასაწერად. მათში ყველაზე სწრაფი, რომლის მიერ გაკეთებული ჩანაწერის სისწორესაც ყველა სხვა დაეთანხმება, საჩუქრად შემქმნელისგან იღებს ჯილდოს. რაც უფრო მეტი კომპიუტერი მუშაობს სისტემაში, მით მეტია დეცენტრალიზაცია - ეს კი ეფექტურობის, ანონიმურობის, ოპერაციების სწრაფად შესრულების გარანტია.
მნიშვნელოვანია, რომ კრიპტო ვალუტები ფიზიკურად არსად არსებობს, არც საცავში, არც ვინმეს საფულეში თუ სეიფში. ისინი ინახება ელექტრონულ საფულეში, რომელსაც შეგვიძლია, სიმარტივისათვის, შევხედოთ, როგორც საბანკო ანგარიშს. თუმცა, ნაცვლად ერთი ცენტრალიზებული ორგანიზაციისა, როგორც განვიხილეთ, ამ ანგარიშების ბალანსის სისწორეს უზრუნველყოფს ყველა ბლოკჩეინის ქსელში ჩართული კომპიუტერი.
მოცემული მაგალითიდან ვასკვნით, რომ კრიპტოვალუტის (მათ შორის ბიტკოინის) ღირებულება გამომდინარეობს უბრალოდ მილიონობით ადამიანის შეთანხმებისგან.
კრიპტო ვალუტის უდიდეს უპირატესობას საბანკო ანგარიშებთან შედარებით წარმოადგენს ის, რომ არავინ იცის, რეალურად ვის ეკუთვნის ეს ანგარიში (!). ამასთანავე, იმის გამო, რომ მის ბალანსს ყველა ქსელში ჩართული კომპიუტერი „უყურებს“ და თითოეულ ტრანზაქციას ადასტურებს, პრაქტიკულად შეუძლებელია ტრანზაქციის გაყალბება. თითოეული ანგარიშის ბალანსის შესახებ ინფორმაცია არსებობს ინტერნეტში და იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ინტერნეტი. ამასთან, ვინაიდან კრიპტოვალუტას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები, როგორც სხვა ვალუტებს (USD, EUR, GEL) და ტრანზაქციის განსახორციელებლად არ არის საჭირო ადამიანური რესურსი, მისი ტრანსფერი მინიმალურ დანახარჯთან არის დაკავშირებული.
რა არის ბლოკჩეინ ტექნოლოგიის განვითარების პოტენციალი
ბლოკჩეინ ტექნოლოგიას, იმის გამო, რომ წარმოადგენს უნივერსალურ ვერიფიკაციის ინსტრუმენტს, დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. მისი სანდოობისა და პოპულარობის გაზრდა გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს ისეთი ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, ზეგავლენა იქონიოს მასში მოცემულ ინფორმაციაზე და ნებისმიერი ტრანზაქცია დასტურდება მსოფლიოს მასშტაბით ქსელში ჩართული მილიონობით კომპიუტერის მიერ. გაყალბების რისკის არარსებობის გამო, სავსებით შესაძლებელია, მომავალში ბლოკჩეინმა ჩაანაცვლოს ისეთი პროფესიები, როგორიც არის ნოტარიუსი, ბუღალტერი, რეგისტრატორი და ა.შ.
ბლოკჩეინის შესაძლებლობები და პოტენციალი იმდენად დიდია, რომ 10-15 წლის შემდეგ, სავსებით შესაძლებელია, ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ისეთივე განუყოფელ ნაწილად იქცეს, როგორც დღეს ინტერნეტია. 20 წლის წინაც, ასე გაიყო საზოგადოების თუ ექსპერტების აზრი ორ ნაწილად მის საჭიროებასთან, პოტენციალთან და გამოყენებადობასთან დაკავშირებით და ისეთივე რთული ასახსნელი იყო მაშინ ამ ტექნოლოგიის რაობა უბრალო ადამიანებისათვის.
კრიპტო ვალუტების სანდოობა და მდგრადობა
რაც შეეხება ბიტკოინს, მისი ფასი მზარდია და ერთი ცალის ფასი ამჟამად 10 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. მუდმივად არის საუბრები იმის თაობაზე, რომ მოხდება კრიპტოვალუტების მასიური დანერგვა და უკვე რამოდენიმე წელში გახდება მსოფლიო ვალუტა, რომლის ფუნქციასაც დღეს ნაწილობრივ აშშ დოლარი ითავსებს. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მთავარი სიძლიერე არის მასში არსებული ტრანზაქციების რაოდენობა, შესაბამისად, მიუხედავად ბევრი ექსპერტის მოსაზრებისა, რომ საბოლოო ჯამში მისი ღირებულება განულდება და ინვესტორები სრულად დაკარგავენ საკუთარ კაპიტალს, ჩემი მოკრძალებული აზრია, რომ მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვინაიდან დღითი-დღე ბიტკოინი მსოფლიო ვალუტად ჩამოყალიბებას უახლოვდება.
რისკი იმისა, რომ ინვესტორები დაკარგავენ საკუთარ სახსრებს, გაცილებით დიდია ახლად გამოჩენილი, წვრილ-წვრილი ვალუტების შემთხვევაში, ვინაიდან მათი მდგრადობა არ არის დადასტურებული. ბაზარზე არსებობს უამრავი ვალუტა, რომელიც რეალურად არანაირი ღირებულების მატარებელი არ არის და ფასის მანიპულაციით ახერხებს გამოუცდელი ინვესტორების მიზიდვას. შესაბამისად, ნებისმიერ კრიპტოვალუტაში ინვესტირებისას, აუცილებელია დეტალური ანალიზი. ამასთან, ზოგადი კომპიუტერული უნარ-ჩვევები საკმაოდ დიდ კავშირშია ამ ვალუტების და ზოგადად ბლოკჩეინის ტექნოლოგიის სიღრმისეულ გაანალიზებასთან.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე, მოცემული სტატიის მიზანი არ იყო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ან კრიპტოვალუტების სიღრმისეული შესწავლა და ანალიზი, არც მოყვანილი მაგალითებია ტექნოლოგიურად ზუსტი. მოცემული სტატიის მიზანს წარმოადგენდა მკითხველისთვის ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა და გაცილებით რთული და ტექნოლოგიურად ზუსტ დეტალებში გარკვევისთვის შემზადება.
ავტორი: ბექა დალაქიშვილი
რედაქტორი: ანა მიქატაძე
[1] ამ ყველაფერს ემატება ამ ვალუტის მოპოვების (მაინინგის) ღირებულება, რომელიც მოცემულ მაგალითში დახარჯული მელნის ღირეულების ტოლია, სინამდვილეში კი ძირითადად ქსელში ჩართული კომპიუტერების ელექტრო ენერგიის ხარჯს წარმოადგენს
Comments