''როდესაც ფასი ძალიან სწრაფად იზრდება, ხალხი უფრო ხარბი და აღფრთოვანებული ხდება'' -
ციფრული მაინინგის მსოფლიო სამიტის ერთ-ერთი სპიკერი, შონ უელში Hyperblock-ის აღმასრულებელი დირექტორი და Redwood City Ventures-ის მფლობელი, თავისი გამოსვლის შემდეგ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა:
- პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუს ჩაწერაზე დაგვთანხმდით.
- არაფრის, რისი მადლობა.
- თქვენი გამოსვლა ძალიან საინტერესო იყო, თქვენ affiliate პროგრამები ახსენეთ და თქვით, რომ ეს ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების მასობრივ აღიარებას ხელს შეუწყობდა. უფრო კონკრეტულად, თუ როგორ მუშაობს ეს და როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო ზომის მაინერებს "affiliate" პროგრამებისთვის ხელის შეწყობა?
- ვფიქრობ, რომ დასაწყისისთვის amazon.com-ი საუკეთესო მაგალითია, თუმცა კიდევ დაახლოებით 300 ვებ გვერდი არსებობს, მაგალითად ის, რომელიც ჩემს გამოსვლაში ვახსენე. ეს ვებ გვერდი მთლიანად კარვებს ეხება, სადაც იწერება სიახლეები ახალი კარვების შესახებ. ამასთან ერთად, მათ ერთი პატარა რეკლამაც აქვთ, რომლის მისამართის გახსნის შემთხვევაშიც გადადიხართ amazon.com-ზე, სადაც კარვის ყიდვა შეგიძლიათ. რას ნიშნავს ეს? ვისაც კარვები აინტერესებს თქვენს სტატიებს კითხულობს და თუ ის თქვენს ვებ გვერდზე განთავსებული რეკლამის გავლით ამაზონზე კარავს იყიდის, მაშინ ამაზონი ამ თქვენ ფულს გადაგიხდით. ეს "affiliate" ბაზრის ძირეული გარიგებაა, რომელსაც CPA ეწოდება. ამაზონმა ასეთი მარკეტინგის გამოყენება 1996 წელს დაიწყო, ასე რომ ის საკმაოდ მყარ ნიადაგზე დგას. მე ოცი წლის განმავლობაში უამრავი "affiliate" პროგრამა წარმიმართავს. ახლა კი ბიტკოინისთვის "affiliate" პროგრამის დაარსებაში დიდ პოტენციალს ვხედავ. დაივიწყეთ ყოველი კომპანია, დაივიწყეთ ჰიპერბლოკი, დაივიწყეთ ბიტმეინი და წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ყველანი ერთი დიდი კომპანიისთვის ვმუშაობთ, რომელსაც ბიტკოინი ჰქვია. ჩვენ ფონდების აუზში ფული უნდა ჩავდოთ, რათა "affiliate" საკომისიოები გადავიხადოთ და ადამიანებმა, რომლებსაც საიტები აქვთ, ბიტკოინის შესახებ დაიწყონ საუბარი. მათ ჩვენი პროდუქტის პოპულარიზაციის დასაწყებად ფინანსური წახალისება სჭირდებათ და ჩემს მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით თამამად ვიტყვი, რომ თუ ბიტკოინს, მის ბაზრის მოცულობას, ბირჟების ფუნქციონირებას და მონეტის შეზღუდულ მარაგს შეხედავთ, მაშინ დარწმუნდებით, რომ მარკეტინგზე დიდი რაოდენობით ფულის დახარჯვა სულ არ დაგჭირდებათ. თქვენ შემოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილის დახარჯვა მოგიწევთ. მხოლოდ ბიტკოინის მაინინგი წლიურად ორ მილიარდ ამერიკულ დოლარს შოულობს, წლიური დანახარჯი კი მხოლოდ ექვსი მილიონია. ეს წლიური შემოსავლის ერთი პროცენტის მეათედია. მე ვიტყოდი, რომ ეს დანახარჯი 1.5 პროცენტია, რადგან, როდესაც ამას ვამბობ, ვითვალისწინებ, რომ პროგრამაში ყველა არ მიიღებს მონაწილეობას.
- ამას ჩვენს შემდეგ კითხვასთან მივყავართ: როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად რა უშლის ხელს მასიურ ათვისებას? როდესაც ჩვენ "affiliate" პროგრამების შესახებ ვსაუბრობთ, ვთქვათ, რომ მომხმარებელი წაიკითხავს სტატიას, მისამართზე გადავა და ბიტკოინის ყიდვას შეეცდება, აქ ის მრავალ შეზღუდვას გადააწყდება და ვერიფიკაციის უამრავი პროცესის გავლა მოუწევს. როგორი გავლენა აქვს ამ გართულებებს მასიურ ათვისებაზე როგორ ავარიდოთ ამას თავი?
- არ ვფიქრობ, რომ ამ წინააღმდეგობებს თავი უნდა ავარიდოთ. „იცნობდე-შენს-კლიენტისა“ და „ფულის-გათეთრების-საწინააღმდეგო” რეგულატორული მოთხოვნები საკმაოდ მკაფიო და მკაცრია. ჩვენ ამ წესებს უნდა დავემორჩილოთ. თუ თქვენი მომხმარებლებისგან სასურველი რეაქციის მიღება გსურთ, მაშინ თქვენ მათში სწორი ემოცია უნდა აღძრათ, ამისათვის კი ამბის ისე მოყოლაა საჭირო, რომ ის მათი ტვინის კონკრეტულ ნაწილში ჩარჩეს, მაგალითად, უნდა აღინიშნოს მათი ფინანსური რესურსების უსაფრთხოება, ისევე როგორც თვითგადარჩენა და არაფერი ფილოსოფიური თუ ხელისუფლებასთან დაკავშირებული. ჩვენ ისტორიას უფრო ღრმა დონეზე ვყვებით, რის შედეგადაც ადამიანებს მოსაბეზრებელი პროცესების გასავლელად საჭირო ემოციული სტიმული უჩნდებათ. ბოლოს კი კონვერსიის მაჩვენებელს ვამოწმებთ, რომელიც იმის მთავარი საზომი ერთეულია, თუ რამდენი სტუმარი გახდა კლიენტი. მაჩვენებელი დაბალი იქნება, რადგან ხალხს ფულის გადახდა უწევს. ეს ის რეალობაა, რომელშიც გვიწევს არსებობა, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩვენ მხოლოდ ჩვენს პროდუქციას ვაწარმოებთ. წარმოვიდგინოთ ავტომატიზირებული პროდუქციის ხაზი და სამი მილიარდი ადამიანი, რომელთაც ჩვენი პროდუქციის ყიდვა შეუძლიათ - ესეიგი რეალურად ყოველი ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება, შეიძლება ეს რიცხვი კიდევ დავწიოთ, რადგან მათ უმეტესობას საკმარისი ფული არ აქვს, რომ ბიტკოინი იყიდოს, ამიტომ მოდით 800 მილიონი ადამიანი წარმოვიდგინოთ. მათგან 800 000-ს ჩვენი ერთი პროდუქტი მაინც აქვს ნაყიდი, ჩვენ კი, ყოველთვიურად, მხოლოდ 50 000 ახალ პროდუქტს ვამზადებთ. მიწოდება ძალიან მცირეა.
- თქვენ ახსენეთ კლიენტებისთვის რაღაც ისეთის თქმა, რაც მათთვის ძალიან ახლოა. ბიტკოინი თავდაპირველად ეოკონომიკური და სოციალური პროტესტების გამო გახდა პოპულარული, მაგრამ ახლა ის ბევრად სტაბილურია. როგორ ფიქრობთ, ამას რა კავშირი აქვს მასობრივ ათვისებასთან?
- არ მგონია, რომ პოლიტიკურ განცხადებას ბიტკოინის გაპიარებასთან რამე კავშირი აქვს. მგონია, რომ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. თუ გინდა, რომ ხალხმა რამე გააკეთოს, მათ უნდა ესაუბრო იმის თაობაზე, თუ როგორი დაცული იქნება მათი ფული და შეგიძლია თუ არა მათთვის ზრდის საშუალების მიცემა. ხალხს თავიანთი საინვესტიციო პორტფოლიოს დივერსიფიკაცია და ისეთ რაღაცებში ინვესტირება უნდა, რაც მათთვის მშვენიერ შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამას სთავაზობს მათ ბიტკოინი.
- როგორ ფიქრობთ, როგორ შეუძლია სხვა ბლოკჩეინ პროექტებს კრიპტოვალუტების მასობრივი ათვისებისთვის ხელის შეწყობა?
- ეს სერიოზული პრობლემაა. ნებისმიერი კრიპტოვალუტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ცარიელი ოთახის პრობლემაა. არსებობს ცარიელი ოთახის პრობლემის იდეა, რომლის თანახმადაც ახალი ქსელის გაშვებისას, საკმარისი მყიდველი და გამყიდველი უნდა მოიყვანო. მაგალითად, ღამის კლუბის გახსნისას, გაქვს ცარიელი ოთახი და კარგი დიჯეი. შენ უნდა მოიყვანო დაახლოებით იმდენი რაოდენობის ბიჭები დაახლოებით ერთდროულად ამავე რაოდენობის გოგონებისთვის, თორემ შენი კლუბი ცარიელი დარჩება. ეს ყველაზე რთული პრობლემაა, სხვა ყველაფერი მხოლოდ შედარებითია. დღევანდელი ICO-ები კი ტექნოლოგიაში აბანდებენ, მაგრამ ეს მხოლოდ გამოცანის ნახევარია და მიუხედავად შესანიშნავი ტექნოლოგიის დიდი პატივისცემისა, ეს ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე კრიტიკული მასის მოგროვება.
- რა იქნებოდა ცარიელი ოთახის პრბლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება?
- რამდენიმე მაგალითს რომ შევხედოთ, ფეისბუკმა ეს პრობლემა ძლაიან კარგად გადაჭრა, რადგან მან ძალიან პატარა სამიზნე აუდიტორიით დაიწყო, ყველაფერი უნივერსიტეტის ერთ-ერთ კორპუსში დაიწყო, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი იყო, შემდეგ კი ის მთელს ჰარვარდს მოედო. მაგრამ ბიტკოინმა ყველათი ერთდროულად დაიწყო და სწორედ ამიტომაა ის ასეთი ღირსშესანიშნავი.
- რას ფიქრობთ ფასის მერყეობაზე? როგორ შეუძლია მას ხელი შეუშალოს, ან, პირიქით, ხელი შეუწყოს მასობრივ აღიარებას?
- როდესაც ფასი ძალიან სწრაფად იზრდება, ხალხი უფრო ხარბი და აღფრთოვანებული ხდება, ვიდრე უნდა იყოს. ბიტკოინის მერყევი ფასის მიუხედავად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი წლიური ზრდა დაახლოებით 220% იყო, რაც საუკეთესო ინვესტიციაა, რომლის გაკეთებაც შეიძლება. ბიტკოინის გამოყენებადობის ზრდასთან ერთად კი გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვიც, ვინც შეინახავენ მას და ეს მერყეობას ბუნებრივად შეამცირებს.
- მიუხედავად იმისა, რომ ეს მშვენიერი შესაძლებლობაა გამოცდილი ინვესტორებისთვის, უმეტესობას არ გააჩნია საკმარისი ცოდნა ჭკვიანური ინვესტიციის განსახორციელებლად და მათ ბლოკჩეინ ტექნოლოგია ტყუილი გონიათ. რას ფიქრობთ ამ პრობლემის შესახებ?
- ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი, რომელიც ალბათ ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, ხალხი წაგებული დარჩა. ისინი იმედგაცრუებულები არიან და ძალიან ვწუხვარ, რომ მათ მოკლე დროში ამდენი ფული დაკარგეს.
- მოგვიყევით Redwood City ventures-ის შესახებ. რა არის თქვენი სტანდარტული ინვესტიცია, როგორ გამოიყურება პორტფოლიო და რა არის მთავარი კრიტერიუმები?
- Redwood City ventures ძირითადად მაინინგზე იყო ფოკუსირებული და სწორედ აქედან წამოვიდა Hyperblock, კომპანია, რომელიც ერთი წლის წინ გავასაჯაროვე კანადაში, მაგრამ მე ძალიან დაინტერესებული ვარ ისეთი პროექტებითაც, რომლებიც ხელს შეუწყობს მასობრივ ათვისებას, იქნება ეს ახალი გამოყენების შესაძლებლობები, მარკეტინგის სტრატეგია თუ სხვა, რადგან მიმაჩნია, რომ ეკოსისტემისთვის ყველაზე დიდი შესაძლებლობა დროისა და რესურსების დაბანდებაა, რაც ხალხის მოზიდვას შეუწყობს ხელს. ამჟამად 800 ათას ადამიანს აქვს ერთი ბიტკოინი მაინც, 2 მილიონი კი ერთ მეათედ ბიტკოინს მაინც ფლობს და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ეს რიცხვი ბევრად დიდი შეიძლება იყოს, რადგან ბიტკოინი საკმაოდ საინტერესო პროდუქტია. რაც შეეხება მთავარ კრიტერიუმებს, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ მალე დაიწყოს შემოსავლის წერა, რადგან არ გამაჩნია საკმარისი თანხები ისეთი პროექტებისათვის, რომლებიც სამი ან მეტი წლითაა დაშორებული შემოსავლის შოვნისგან.
- სანამ დავამთავრებდეთ, რას ფიქრობთ რეგულაციებზე?
- მიმაჩნია, რომ ჩინეთის გარდა, სახელმწიფო რეგულაციები მხარს უჭერენ ამ ყველაფერს. ამჟამად ETF-ების უარყოფის გამო ხალხი უკმაყოფილო იყო, მაგრამ ეს არ არის რეალური გამოყენების მეთოდი, ეს ბიტკოინი ნამდვილი გამოყენება არც კია. რეალურად, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ ამერიკა და ევროპა საკმაოდ ძლიერ უჭერენ მხარს კრიპტოების აღიარებას.
- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის.
- ბედნიერ დღეს გისურვებთ.