top of page

რა არის Emercoin?


Emercoin არც თუ ისე ცნობილი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო კრიპტოვალუტაა. პლატფორმა, რომლის ვალუტაც EMC მონეტებია, მუშაობს უსაფრთხო, განაწილებული ბლოკჩეინ ბიზნესებისთვის. მის ბლოკჩეინზე შესაძლებელია სხვადასხვა პროგრამების შექმნა ბევრად მარტივად, ვიდრე, მაგალითად, ბიტკოინის ბლოკჩეინზე. Emercoin-ს მონაცემთა ორგანიზაციის ისეთი სისტემა აქვს, რომელსაც არ სჭირდება დიდი რაოდენობით ადგილი და კომპლექსური კოდირების ენები.


მაგრამ ეს არ არის ვალუტის მთავარი უპირატესობა. Emercoin მიზნად ისახავს ისეთი სისტემის შექმნას, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ კომპლექსური პაროლების დაყენება თითოეულ საიტზე და დაჰაკვის რისკიც საგრძნობლად შემცირდება.


პლატფორმა ეყრდნობა SSL (Secure Socket Layer) სისტემას. ამ სისტემის მეშვეობით, კომპანია შიფრავს მომხმარებლის კავშირს სერვერთან ავტორიზებული სერტიფიკატის მეშვეობით. მომხმარებელს ეგზავნება სერტიფიკატი, რომელშიც ჩაწერილია რიცხვების კომბინაცია. ორმაგი დადასტურებით მომხმარებელი ადასტურებს თავის იდენტობას, რის შემდეგაც სერტიფიკატი იწყებს მუშაობას და აღიქვამს მას ერთადერთ ნამდვილ მომხმარებლად. პრობლემა ამ სისტემაში ის არის, რომ, პირველ რიგში, სერტიფიკატი ერთწლიანია და, ამასთან დაკავშირებულია ხარჯებთან. მეორე მხრივ კი, საქმეში ჩართულია მესამე პირი, კონკრეტული კომპანია, რომელიც თავისთავად აღქმულია სანდო პირად. ჰაკერს მარტივად შეუძლია, საკუთარი თავი აქციოს მეორე სანდო პირად და მომხმარებლის მიერ სერტიფიკატში ჩადებული კოდის მიღების შემდეგ, თავადაც შეაღწიოს მომხმარებლის ანგარიშებში.


Emercoin, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მეშვეობით, შუამავალს, ანუ ამ სანდო პირს, საერთოდ აგდებს პროცესიდან: მომხმარებლის მიერ ხელმოწერილი სერტიფიკატი ინახება emercoin-ის განაწილებული გასაღების საცავში (NVS – name value storage). ციფრული ხელმოწერა შენახულია ბლოკჩეინზე და, სერტიფიკატის მომხმარებლის ბრაუზერზე ატვირთვის შემდეგ, ის ავტომატურად იწყებს ფუნქციონირებას. მომხმარებელი ამ სერტიფიკატს იყენებს ყველა საიტისთვის, რომელიც მხარს უჭერს Emercoin-ს. ამასთან, ახალ საიტზე დარეგისტრირება უბრალოდ ერთი ღილაკით ხდება („შექმენი ახალი ანგარიში სერტიფიკატით). მომხმარებელს შეუძლია, მთლიანი ინფორმაცია, რომელიც საიტზე უნდა გამოჩნდეს, ავტომატურად გადაიტანოს სერტიფიკატიდან და აღარც პროფილის შექმნა მოუწევს ყოველ ჯერზე ახლიდან. სერტიფიკატის ხანგრძლივობის ვადა 5 წელია, მაგრამ ამ ვადის შეცვლა შესაძლებელია სურვილისამებრ.


რაც შეეხება ალგორითმს, ვალუტის მოპოვება შესაძლებელია როგორც წილის მტკიცებულებით (proof-of-stake), ასევე სამუშაოს შესრულების მტკიცებულებითაც (proof-of-work). მიუხედავად ამისა, უფრო მეტი აქცენტი წილის მტკიცებულებაზეა გაკეთებული, რადგან სამუშაოს შესრულების მტკიცებულება ნელ-ნელა უფრო და უფრო რთული ხდება.


ვალუტამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. დეკემბრის დასაწყისში მისი ღირებულება სულ რაღაც 0.9 აშშ დოლარი იყო, წერის მომენტში კი მისი ფასი 5.06 აშშ დოლარს შეადგენს ბოლო 24 საათში 8.39%-იანი ვარდნის შემდეგ. აღსანიშნავია ისიც, რომ იანვრის შუა რიცხვებში EMC მონეტის ღირებულება 9.8 აშშ დოლარს შეადგენდა. ვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 208.5 მილიონი აშშ დოლარია.


bottom of page