top of page

რას აკეთებენ მაინერები?

ბიტკოინის მოპოვების პროცესში ჩასართავად, მაინერებს აჯილდოებენ მათ მიერ გარკვეული მათემატიკური ალგორითმის - ჰაშის ამოხსნის შესაბამისად. ამისათვის, ისინი იყენებენ კომპიუტერულ ენერგიას, რათა იპოვონ ისეთი ჰაში, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

ჰაშს შეგვიძლია შევხედოთ, როგორც უბრალო მათემატიკურ ფორმულას. ის საშუალებას იძლევა, დაწესებული ალგორითმის შესაბამისად გარდაქმნას პირველადი ინფორმაცია განტოლების ამონახსნად.

ბიტკოინი იყენებს ალგორითმს SHA-256, რომლის მიხედვითაც ამოიხსნება ეს ჰაშები - მისი ამონახსნი კი ყოველთვის 256 ბიტიანია (64 ჰექსოდეციმალური სიმბოლო).

ჰაშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ისაა, რომ შეუძლებლია ამონახსნიდან ვიპოვოთ რა იყო პირველადი ინფორმაცია. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ შეუძლებელია ორი ისეთი მონაცემის პოვნა, რომელსაც ექნება ერთნაირი ჰაში. ამაში დასარწმუნებლად, განვიხილოთ მაგალითი:

ფუნქციას ვთხოვთ ამოგვიხსნას სიტყვა: CryptoZ. ჩვენ მივიღებთ ასეთ ჰაშს:

7b034631c4abd2e04551cde35b80ceb812de34a1abe5252dd634ffc2d70a4033

ხოლო თუ მივუთითებთ სიტყვას : CryptoZ.ge:

24e85d3ff237afcfd17d7ed22df247e4de530fc1ed3562d6fa1ebddcd5b60608

ვხედავთ, რომ ამონახსნი აბსოლუტურად განსხვავებულია.

მიუხედავად ამ განსხვავებისა, იმისათვის, რომ ჰაში ჩაითვალოს მისაღებად ბიტკოინის ან სხვა ბლოკჩეინის მიერ, საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რომელსაც აწესებს მოპოვების სირთულე  (Difficulty). ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, საჭიროა შემთხვევითი სიდიდეების პოვნა რომელთაც „ნონსი“ ეწოდბა, ამიტომ მაინერებს უწევთ უამრავი შემთხვევითი სიდიდის მოსიჯვა იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ეს პირობა. სირთულე, თავის მხრივ, დგება იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრეა ჩართული ქსელში, რომელიც ცდილობს ჰაშების ამოხსნას - სიმარტივისთვის ვთქვათ, რომ ქსელში ჩართულია 3 ადამიანი და თითოეული ჰაშის ამოხსნას სჭირდება 1 წუთი. თუ ქსელის მონაწილეების რაოდენობა გაიზრდება 30-მდე, მაშინ თითო ჰაშის ამოხსნას 10 წუთი დასჭირდება. ეს ხდება იმისათვის, რომ შენარჩუნდეს ბლოკჩეინში გაწერილი ბლოკის შექმნის დრო - ბიტკოინის შემთხვევაში, დაახლოებით 10 წუთი.

მოპოვების სირთულე ახლდება ყოველ ორ კვირაში ერთხელ და დამოკიდებულია ქსელის მთლიან ჰაშ სიმძლავრეზე, რაც გულისხმობს შემდეგს - საშუალოდ რამდენი მცდელობა ფიქსირდება ყოველ წამს ჰაშის ამოსახსნელად. თუ ქსელში ჩართული კომპიუტერების სიმძლავრე იმატებს, იმატებს მოპოვების სირთულეც, შესაბამისად, ბლოკის ამოხსნის საშუალო დრო მეტ-ნაკლებად უცვლელი რჩება.

რა არის მოპოვების სირთულე?

მოპოვების სირთულე გულისხმობს, რომ თითოეული ჰაშის მნიშვნელობა უნდა იყოს წინასწარ დათქმულზე ნაკლები - ანუ ჰაში უნდა იწყებოდეს გარკვეული რაოდეობის „0“ სიმბოლოთი. აღნიშნული პირობის დასაკმაყოფილებლად მაინერებმა უნდა იპოვონ ისეთი „ნონსი“, რომელიც ბლოკის თავდაპირველ ჰაშის ამონახსნს გადააქცევს ასეთად.

თვალსაჩინოებისათვის, განვიხილოთ მაგალითი:

20 ნოემბერს დამტკიცებული 495,2018-ე ბლოკის თავდაპირველი ჰაში იყო:

09f48c91cb18b89445d88ca579f121106fec868a0a89983360c0fc23dee1b92b

პირობა კი მოითხოვდა, რომ ჰაში უნდა დაწყებულიყო 18 ცალი „0“ სიმბოლოთი. ამიტომ, მაინერებს მოუწიათ ისეთი ნონსის პოვნა, რომელიც ამ ამონახსნს ასეთად გარდაქმნიდა. ნონსი შემთხვევითი სიდიდეა და ამიტომ, უამრავი კომპიუტერული ენერგია იხარჯება მის საპოვნელად. აღნიშნული ბლოკის ნონსი 3588105502-იყო. ხოლო ბლოკის ჰაში:

0000000000000000005e96c14f291104ceac9713a863aae03ab475cc9f8941d1 

ზუსტად ერთი წლის წინ 439,725-ე ბლოკის ჰაში იყო:

000000000000000002beecfd2262a6cba2fb3b33e924ab48fc8d7d002f069171

154,007-ე ბლოკის ამონახსნი 2011 წელს:

0000000000000ade3b98790f9ccceedb3715557e0f24691887a4573dc3158e6a

ვხედავთ, რომ ჰაშის დასაწყისში მოცემული ნულების რაოდენობა მზარდია, რაც განპირობებულია ქსელში ჩართული კომპიუტერების სიმძლავრით.

ყველა მომპოვებელი ცდილობს, მოცემული სირთულის შესაბამისად ამოხსნას ჰაში და ამას საშუალოდ 10 წუთამდე სჭირდება.

ავტორი: ბექა დალაქიშვილი

რედაქტორი: ანა მიქატაძე

bottom of page