რა არის სამომპოვებლო ბრიგადა
(Mining Pool)?
ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ბიტკოინის მოპოვებით დაინტერესებულმა ადამიანმა, არის ის, თუ როგორ აპირებს ის ამის გაკეთებას - მხოლოდ საკუთარი კომპიუტერული ენერგიით (სოლო მოპოვება), თუ სამომპოვებლო ბრიგადაში (Mining Pool) გაერთიანებით. არსებობს სამომპოვებლო ბრიგადების უამრავი დადებითი და უარყოფითი მხარე. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბიტკოინის მოპოვების შანსი კომპიუტერული სიმძლავრის პროპორციულია, მომპოვებლების უმეტესობა ბრიგადასთან შეერთებას ირჩევს.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
თუ ფიქრობთ სამომპოვებლო ბრიგადასში გაერთიანებას, გადაწყვეტილების მისაღებად შეხედეთ ამ ყველაფერს, როგორც ლატარიას. მათი დადებითი და უარყოფითი მხარეებიც კი ერთმანეთის მსგავსია. როდესაც სოლო მაინინგს ეწევით, შემოსავლის გაყოფა არავისთან გიწევთ, თუმცა იმისი შანსი, რომ მოიპოვოთ ბიტკოინი, მიზერულია. თუ მთლიანი ბრიგადა ამოხსნის ჰაშს, მოპოვეული თანხა ნაწილდება მის მონაწილეებზე.
აქედან გამომდინარე, ბრიგადაში მონაწილეობა სოლო მაინინგთან შედარებით, გაცილებით მცირე, მაგრამ სტაბილურ შემოსავალს ქმნის მომპოვებლისათვის.
მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი ბრიგადის ჯამური კომპიუტერული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს ქსელის სიმძლავრის 50%-ს, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩნდება თეორიული შანსი იმისა, რომ ქსელში მონაცემების გაყალბება შესაძლებელია. შესაბამისად, ბლოკჩეინი კარგავს სანდოობას. ერთი ასეთი მაგალითი იყო 2014 წელს, როდესაც GHash.io ბრიგადის კომპიუტერული სიმლავრე 50%-ს უახლოვდებოდა და ქსელის გადასარჩენად, მონაწილეებს მოუწოდებდნენ, დაეტოვბინათ ბრიგადა, რათა არ დაეზიანებინათ მთლიანი ქსელი.
მოპოვება
ბიტკოინის შემთხვევაში, მოპოვების სირთულე იმდენად დიდია, რომ მცირე ზომის სოლო მაინერებს, ფაქტობრივად, შანსი არ აქვთ, მოიპოვონ ბიტკოინი. სამომპოვებლო ბრიგადები კი შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი. მართლაც, ეს მშვენიერი შესაძლებლობაა წვრილი მომპოვებლისათვის, რათა დარჩეს ქსელში ჩართული.
მოსაპოვებელი ვალუტის შერჩევა
ცხადია, ბიტკოინი ერთადერთი ვალუტა არაა, რომლის მოპოვებაც შეიძლება. შესაბამისად, სხვა კრიპტოვალუტებისთვისაც არსებობს ასეთი ბრიგადები. ბიტკოინი ე.წ. „შერწყმული მოპოვების“ საშუალებას იძლევა. ეს ნიშნავს, რომ ბიტკოინის პარალელურად შესაძლებელია სხვა ისეთი ვალუტების მოპოვება, რომლებიც ამავე ალგორითმზე მუშაობს. ეს სხვადასხვა ლატარიაში ერთი და იმავე რიცხვების ჩაწერას ჰგავს.
მაინინგის დამწყებებს ვურჩევთ, მოპოვება დაიწყონ სხვა ვალუტებით. უმჯობესია, ეს ვალუტები ფუნქციონირებდნენ სკრიპტზე და არა ბიტკოინის SHA-256-ზე, რომელიც, როგორც წესი, უფრო რთულია და მეტ კომპიუტერულ სიმძლავრეს მოითხოვს.
თუ არ იცი, რომელი ვალუტის მოპოვება დაიწყო, არსებობს ასეთი ბრიგადა, “multipool”, რომელიც ავტომატურად გამოიყენებს შენს კომპიუტერულ სიმძლავრეს უფრო მომგებიანი ვალუტის მოსაპოვებლად. multipool - ში ინფორმაცია 30 წუთის ინტერვალით ახლდება და დროთა განმავლობაში თქვენი ბალანსი გაიზრდება სხვადასხვა კრიპტოვალუტებში.
მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ multipool ვნებს ამ ვალუტებს, რადგან ერთვება ისეთ ქსელში, სადაც კომპიუტერული სიმძლავრე დაბალია, შესაბამისად მომგებიანობა მაღალია. როდესაც მოპოვების სირთულე იზრდება, ის ტოვებს ქსელს. აღნიშნული აიძულებს ვალუტის ლოიალურ მომხმარებლებს, გარკვეული პერიოდი იმუშაონ ძალიან დაბალ მოგებაზე, რათა შეინარჩუნონ ქსელის მდგრადობა.
ბრიგადის ჯილდო
თუ გადაწყვეტ, რომ ბიტკოინის მოპოვებისთვის რომელიმე ბრიგადას შეუერთდე, უნდა შეაფასო, როგორ ნაწილდება მოპოვებული თანხა და გაქვს თუ არა გადასახდელი საკომისიოები.
არსებობს მრავალი სქემა, რომლის მიხედვითაც ჯილდო მომპოვებლებზე ნაწილდება. ყველაზე გავრცელებული არის „წილობრივი“ ანაზღაურება, რომელიც ეფუძნება თითოეული მაინერის მიერ წარდგენილ „სამუშაოს შესრულების მტკიცებულებას“ (PoW).
წილობრივი ანაზღაურება არც ისე მარტივი გასაგებია და ამისათვის საჭიროა ორი რამის გათვალისწინება: 1) მოპოვების დროს ამოიხსნება კრიპტოგრაფიული ამოცანა და 2) მოპოვებას ყოველთვის აქვს სირთულე (difficulty) - როდესაც მაინერი ამოხსნის ბლოკის ჰაშს, ამოხსნის სირთულე შეიძლება განსხვავდებოდეს. შეგვიძლია ამას შევხედოთ, როგორც შესრულებული სამუშაოს ხარისხს. თუ მაინერის მიერ ამოხსნილი ბლოკის ჰაში ნაკლებია იმ მომენტისთვის დადგენილ მაქსიმალურ მნიშვნელობაზე (სირთულეზე), მაშინ ის ემატება ამ ვალუტის ბლოკჩეინს და გაიცემა ჯილდო.
დამატებით, სამომპოვებლო ბრიგადა აწესებს სირთულის დონეს და რომელმა მაინერმაც არ უნდა ამოხსნას ბლოკი საბოლოოდ, ჯილდო ნაწილდება იმის მიხედვით ვინ რამდენი ისეთი ჰაში წრმოადგინა, რომელიც ბრიგადაში დაწესებულ მაჩვენებელზე ნაკლები იყო. ამგვარად, იზომება თითოეული მაინერის მიერ მიწოდებულ სიმძლავრე და სწორედ ამის მიხედვით ნაწილდება ჯილდოც. როდესაც მაინერის მიერ ამოხსნილი ჰაშის სირთულე აღმოჩნდება ბრიგადის დაწესებულ სირთულესა და კრიპტოვალუტის მოპოვების სირთულეს შორის, თითოეული ამონახსნი ჩაითვლება როგორც მაინერსი „წილი“.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, როგორც ვთქვით, არის საკომისიო, რომელსაც ვუხდით სამომპოვებლო ბრიგადას. როგორც წესი, საკომისიო 1-10%-მდე მერყეობს, თუმცა არის შემთხვევებიც, როდესაც საკომისიო საერთოდ არ არსებობს.
დაიწყე სამომპოვებლო ბრიგადით
როდესაც გადაწყვეტ, რომელ ბრიგადასთან ითანამშრომლო და რომელი ვალუტა მოიპოვო, შეგიძლია დაიწყო მაინინგი. ამისათვის, საჭიროა, დარეგისტრირდე ასეთი ბრიგადის ვებ გვერდზე, რაც ისეთივე მარტივია, როგორც ნებისმიერ ვებ გვერდზე დარეგისტრირება. როდესაც გაქვს შენი ანგარიში, უკვე შეგიძლია, შექმნა ‘მაღაროელი’. შეგიძლია თითოეულ კომპიუტერზე (პროცესორზე, ვიდეო კარტაზე ან ა.შ.), რომელსაც იყენებ, შექმნა თითო მაღაროელი. ამის შემდეგ მას, როგორც წესი, მიენიჭება რიცხვებისაგან და X-ებისგან შემდგარი სახელი (რომელიც შეგიძლია შეცვალო, როგორც გინდა) და შენ უკვე შეგიძლია შენი ვირტუალური მაღაროელი ამუშაო კრიპტოვალუტის მოსაპოველად.
წყარო: Coindesk.com
თარგმანი: ბექა დალაქიშვილი
რედაქცია: ანა მიქატაძე