top of page

ბლოკჩეინი - უკეთესი ხელისუფლებისთვის (ნაწილი I)


დემოკრატიის ცენტრალური პრინციპი


„დემოკრატიის სიყვარული თანასწორობის სიყვარულია“ - ჩარლზ მონტესკიე


ძალაუფლების გადანაწილება თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. მისი საშუალებით დემოკრატია ახერხებს, რომ იყოს ლიბერალური, დაიცვას და უზრუნველყოს ადამიანის პიროვნული თავისუფლება. დღესდღეობით ჩვენ დემოკრატიის ლიბერალიზმი შეურყეველ ფაქტად მიგვაჩნია, რეალურად კი ეს ასეთი ტრივიალური სულაც არაა. არისტოტელე და ბევრი სხვა ბერძენი ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში დემოკრატია აუცილებლად ტირანიად გარდაიქმნებოდა. იმისდა მიუხედავად, რომ დღეს ტირანიად გარდაქმნის საშიშროება იმდენად აქტუალური აღარაა, ჩვენ მაინც მკაფიოდ ვხედავთ იმას, რომ დემოკრატია, თავისი ლიბერალიზმითაც კი, არაა ისეთი, როგორიც უნდა იყოს, ან გვინდა რომ იყოს. თვითონ ამ დოქტრინაშია ხარვეზი? ადამიანები რყვნიან მას? ან იქნებ არსებული ხარვეზი ადამიანებს იმის საშუალებას აძლევს, რომ გარყვნან ის? დემოკრატია იდეალური არაა, მაგრამ გვინდა თუ არა, ისტორიამ გვაჩვენა, რომ ჯერჯერობით ის სახელმწიფო სისტემის საუკეთესო ფორმაა. ამიტომ, მოდით არ დავხარჯოთ დრო პირველ ორ კითხვაზე, მათზე პასუხის გაცემა ფილოსოფოსებსა და პოლიტიკურ თეორეტიკოსებს მივანდოთ. ჩვენ კი შევეცადოთ მესამე კითხვას გავცეთ პასუხი.


ბლოკჩეინ ტექნოლოგიას მრავალი გამოყენება აქვს. პოტენციალის მხრივ ზოგიერთი უფრო მნიშვნელოვანია, ზოგიერთი კი ნაკლებად. თუმცა, ბლოკჩეინის ისეთ სფეროებში იმპლემენტაცია, როგორებიცაა არჩევნები და ფინანსები მისი ინფრასტრუქტურის გლობალურ ათვისებას დიდად შეუწყობს ხელს. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსხვილი კომპანიები, ხელისუფლებები და ბანკები ბლოკჩეინის გამოკვლევაში ამხელა დროს ხარჯავენ, საკმარის ინფორმაციას გვაწვდის მისი პოტენციალის შესახებ. მოდით ბლოკჩეინის გამოყენების რამდენიმე ისეთი შემთხვევა განვიხილოთ, რომელიც ჩვენს წანამძღვრების სისწორეს ამტკიცებს .


არაკორუმპირებული, უსაფრთხო და სწრაფი არჩევნები? ზედმეტად კარგად ჟღერს, რომ სიმართლე იყოს


ბლოკჩეინის მაგიური ძალის გამოყენებით ეს შესაძლებელია. როგორც აბრაამ ლინკოლნი ამბობდა:


„არჩევნები ხალხს ეკუთვნის. ეს მათი გადაწყვეტილებაა. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ზურგი შეაქციონ ცეცხლს და თავიანთი საჯდომები დაიწვან, მაშინ მათ უბრალოდ დამწვარი საჯდომებით მოუწევთ ჯდომა.“


არის თუ არა ეს დღეს ასე? უმეტესწილად ისევ ფურცელზე დაფუძნებული არჩევნების სისტემა გამოიყენება, რაც უსაფრთხოებას დიდი რისკის ქვეშ აყენებს, გზას უხსნის კორუფციას, ქურდობას და თანაც ძალიან დიდ დროს მოითხოვს. ფაქტია, რომ არჩევნების უკეთესი სისტემაა საჭირო.


ზუსტად აქ შემოფრინდება ბლოკჩეინი თავისი სუპერმენის მოსასხამით და საარჩევნო სისტემის განახლებული ვერსიით, რომელიც ყველა პრობლემას მოაგვარებს, ყველას გადაგვარჩენს გაყალბებული არჩევნებისგან. რატომაა ის სისტემა, რომელსაც ბლოკჩეინი გვთავაზობს, ტრადიციულ სისტემაზე უკეთესი? ბოლოს და ბოლოს არჩევნები ყოველთვის ფიზიკურ საგნებზე იყო დაფუძნებული, ჯერ კიდევ ანტიკურ ათენში ხმების მისაცემად სხვადასხვა ფერის კენჭებს იყენებდნენ. პასუხი მარტივია:


  1. გამჭვირვალობა - ბლოკჩეინის მეშვეობით „ხმებისთვის“ თვალის დევნება და დათვლა მათი კონფედენციალურობის დარღვევის გარეშე შეიძლება. ხმები თავიანთ ანონიმურობას შეინარჩუნებენ, კორუფციის მაჩვენებელი კი ნოლს გაუტოლდება.

  2. უსაფრთხოება - კიბერ-უსაფრთხოების ფირმამ, Kaspersky Lab-მა, ბლოკჩეინზე დაფუძნებული უსაფრთხო არჩევნების სისტემა წარადგინა, სახელად Polys. პროექტის ოფიციალურ ვებგვერდზე წერია:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბლოკჩეინი ის აგურია, რომელიც არჩერვნების დღევანდელ სისტემას აკლია. ჩვენ Kaspersky Lab-ის ბიზნეს ინკუბატორში ახალი იდეების განვითარებას ვუწყობთ ხელს, რომლებიც უსაფრთხოების გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ასეთი სფერო საარჩევნო სისტემაა, ამიტომ ჩვენ ამ სფეროში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის იმპლემენტაციის გზებს ვეძებთ. ჩვენ მივხვდით, რომ კომპანიის კიბერ-უსაფრთხოებისა და ბლოკჩეინის გაერთიანებით არჩევნების სისტემის პრობლემების მოგვარება შეიძლება.“


3. სისწრაფე/ეფექტურობა - მთელი ინფორმაციის ერთ ქსელზე განთავსებით ჩვენ პარალელური დათვლის განხორციელება შეგვიძლია, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებს საგრძნობლად მოკლე დროში მოგვცემს.


ბიუროკრატიისგან მხსნელი


როდესაც გვესმის სიტყვა „ბიუროკრატია“ ჩვენ ყოველთვის ვფიქრობთ უბედურ მომსახურე პერსონალზე, რომლებსაც საქმიანი ფურცლების უზარმაზარი რაოდენობა აყრიათ თავზე და პროცესზე, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ამ სიტყვის გაფიქრებისას მაშინვე ვწუხდებით და როცა პირადად განვიცდით მის წნეხს ხშირად ვწუწუნებთ. ეს არაა უბრალო სტერეოტიპი, ეს რეალობაა. ბიუროკრატია ძალიან შრომატევადი, დამღლელი, ძვირი და დროში გაწელილია. ჯეიმს ვოლი, CBA-ის (Commonwealth Bank of Australia) გენერალური მენეჯერი Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ შეძლებს ბლოკჩეინი არსებული სისტემის შეცვლას:



ახალ ხედვას ამ ყველაფრის შეცვლა შეუძლია, ბლოკჩეინი კი ამ ცვლილების გასაღებია. ბევრმა ბანკმა უკვე დაინახა ეს პოტენციალი და განაცხადა, რომ ბლოკჩეინი ფუნქციონირებისა და დროის დანახარჯებს საგრძნობლად ამცირებს. გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა გამოაქვეყნა - „Distributed Ledger Technology: Beyond Blockchain” - სადაც ის ბლოკჩეინის სხვადასხვა გამოყენებებს განიხილავს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელისუფლებები ბლოკჩეინის კვლევასა და უძრავი ქონების მეპატრონეობის აღრიცხვის სფეროში მის გამოყენებას იწყებენ. თუმცა ამ სფეროში ბლოკჩეინის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოყენება დიდი დეპარტამენტების ფუნქციონირებაშია. ამის გაკეთება „გონიერი კონტრაქტები“ მეშვეობით მარტივად შეიძლება.


ეს კონტრაქტები თავიანთ კოდში ჩაწერილ ბრძანებას თვითონ აღასრულებენ. მარტივად რომ ვთქვათ, ყოველი ტრანზაქცია, რომელსაც რომელსაც მიზანი წინასწარ აქვს განსაზღვრული, შეიძლება „გონიერი კონტრაქცის“ მეშვეობით განხორციელდეს. მაგალითად, სადაზღვეო პოლისების პრობლემა ისაა, რომ ისინი ზარალის ანაზღაურებას დიდ დროს ანდომებენ. ეს პროცესი ჯერ კიდევ არაა ავტომატიზირებული და ამიტომ დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, რაც ადმინისტრაციულ დანახარჯებს ზრდის. სადაზღვეო კომპანიებს თავიანთი პროცესების ავტომატიზირება „გონიერი კონტრაქტების“ მეშვეობით შეუძლიათ. კოდი შეიძლება გამოიყურებოდეს ასეთ ნაირად - თუ “კატასტროფული შტორმის შედეგად საკუთრება დაზიანდა“ მაშინ „შესაბამისი ქმედების განხორციელება ავტომატურად დაიწყება.“


ამ ტექნოლოგიის ყველა უპირატესობის მიუხედავად, მის გამოყენებაში ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, რომლებიც უნდა ვახსენოთ. მღელვარება დაკავშირებულია სამუშაო ადგილების გაქრობასთან. ვარაუდობენ, რომ „გონიერი კონტრაქტები“ ბიუროკრატიის აღმოფხვრასთან ერთად ადმინისტრაციული მოხელეების სამუშაო ადგილებსაც მოსპობს ისე, როგორც ეს თავის დროზე წარმოების ავტომატიზირებამ უამრავ ინდუსტრიულ მოხელეს დააკარგვინა სამუშაო.


ინფორმაციის უფრო ეფექტური მიმოცვლა ხელისუფლებაში


ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ინდივიდების, ორგანიზაციების, აქტივებისა და აქტივობების შესახებ სანდო ინფორმაციის შეგროვება და შენახვაა. ადგილობრივი, რეგიონალური და ნაციონალური დაწესებულებები აგროვებენ ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა დაბადების სერტიფიკატები, ქორწინების საბუთები, მართვის მოწმობები, კრიმინალური აქტივობები და ა.შ. ზოგიერთი სახის ინფორმაცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ნებისმიერ ისახით ცვლილება ჩახლართული პროცესის გავლასთანაა დაკავშრებული. ამ მონაცემების განკარგვა და გამოყენება ხშირად რთულია. როდესაც ჩვენ ინფორმაციაზე ვსაუბრობთ, არანაირი შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.


ბლოკჩეინ ტექნოლოგიას შეუძლია სანდო ინფორმაციის განკარგვის პროცესის გამარტივება და უსაფრთხოების დონის აწევა. ეს დაწესებულებებს კრიტიკულ ინფორმაციაზე წვდომასა და გამოყენებას დიდად გაუადვილებს. ბლოკჩეინზე ინფორმაციას ბლოკები ეწოდება. ამ ბლოკების განთავსების შემდეგ მათში ცვლილების შეტანა ერთეულ მომხმარებელს აღარ შეუძლია.


ბლოკჩეინი ორ პირს შორის ნდობის მაჩვენებელს ზრდის. ხელისუფლების ლიდერებისთვის ეს ნელ-ნელა ცხადი ხდება. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს იმის საშუალება, რომ ბლოკჩეინ ტექნოლოგია გამოიყენოს, ამისთვის ისინი უბრალოდ შემდეგ მარტივ საფეხურებს უნდა მიყვნენ:


  1. გამოიკვლიონ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და ძირფესვიანად გაერკვიონ მასში.

  2. ჩაატარონ ექსპერიმენტები.

  3. შექმნან მინიმალური სიდიდის პროდუქტი და მისი გამოყენება სცადონ.

  4. სწორი პროდუქტის მიღების შემთხვევაში ეკოსისტემას ეფექტურად მოარგონ ის.

bottom of page