ბლოკჩეინის დოკუმენტურ ფილმზე ეთერიუმის თანადამფუძნებელმაც იმუშავა
რამდენიმე დღის წინ, 26 ოქტომბერს, განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაზე, იგივე ბლოკჩეინზე, დოკუმენტური ფილმი გამოვიდა.
ალექს ვინთერის ფილმი ნდობის მანქანა: ბლოკჩეინის ისტორია, 84 წუთიანია და ეხება ყველაფერს ბიტკოინის ისტორიიდან სავარაუდო გამოყენების მეთოდებამდე. ფილმის ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი ჯოზეფ ლუბინი, ეთერიუმის თანადამფუძნებელი და ConsenSys-ის დამფუძნებელია.
ბიტკოინის ისტორიასთან დაკავშირებით 2008 წლის გლობალური კრიზისიცაა განხილული, რამაც სატოში ნაკამოტოს ტრანზაქციებისთვის საჯარო, დეცენტრალიზებული დავთარის შექმნისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წასულა და BTC მალე ცნობილი გახდა, როგორც თაღლითებისა და არალეგალური ქმედებებისთვის გამოყენებული კრიპტოვალუტა, რის გამოც ზოგადად ამ სფერომ ცუდი სახელი დაიმსახურა და დღემდე ამ სახელის მოშორებას ცდილობს.
კარგია დამწყებთათვის
კრიტიკოსების თქმით, დოკუმენტური ფილმი ძალიან გამოადგებათ მათ, ვისთვისაც ბლოკჩეინ ტექნოლოგია ჯერ კიდევ უცხოა. ბენ კენიგსბერგი, New York Times-ის ფილმების კრიტიკოსი აცხადებს, რომ ნდობის მანქანა ყველაფერზე ნათლის მოფენას ვერ ახერხებს, მაგრამ ძირითად კონცეფციებს საკმაოდ გასაგებად ხსნის.
ბილეთი სიმდიდრისკენ
ჯერ-ჯერობით, ბლოკჩეინ ტექნოლოგიის რევოლუციური პოტენციალის მიუხედავად, საზოგადოება მას უმეტესად ფულის მანქანად აღიქვამს და ამ შეხედულებაზე ფილმშიც არის ხაზი გასმული:
„უმეტესობისათვის ყველაზე აღმაფრთოვანებელი ბლოკჩეინში ჯერ კიდევ ერთ ღამეში გამდიდრების მოლოდინია. ფილმის ბოლოს ნარავიტი აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ეს სფერო სპეკულატორებისა და თაღლითების ხელშია.“
წყარო: ccn.com