ეთერიუმის დიდი გამყინვარება (ნაწილი I)
ეთერიუმის დიდი გამყინვარება იწყება, მაგრამ ეს არ არის ნერვიულობის მიზეზი. მიუხედავად შემაძრწუნებელი სახელისა, დიდი გამყინვარება და მასთან დაკავშირებული „სირთულის ბომბი“ რომელიც ქსელს ააფეთქებს, არ არის საშიში. დიდი გამყინვარება და „სირთულის ბომბი“ ეთერიუმის დეველოპმენტის გუნდის მიერ შექმნილი იარაღია, რომელიც იმპლემენტაციაში მოიყვანს ეთერიუმ 2.0-ს.
ეთერიუმის მომავალზე ამ ორ ნაწილიან სტატიათა სერიაში მოვიცავთ ყველაფერს, რაც თქვენთვის საინტერესოა ეთერიუმის გამყინვარებასა და სირთულის ბომბზე. თქვენ შეიტყობთ, რატომ შეიქმნა ეს იარაღები, რას მოიცავენ ისინი და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ახალი ამბავი.
შემდგომ, მეორე ნაწილში, მოვიცავთ მნიშვნელოვან სიახლეებს ეთერიუმის განვითარების შესახებ, რომელზეც ეთერიუმის დეველოპერთა ჯგუფი ჯერ კიდევ მუშაობს, მათ შორის შერდინგზე (Sharding - ნაწილებად დაყოფა, სადაც ერთ ნაწილს შეუძლია შეზღუდულად ფუნქციონირება, მაგ: მხოლოდ ტრანზაქციების შესრულება); პლაზმაზე (პლაზმა არის ტექნიკა, რომელიც იძლევა ჯაჭვსგარე ტრანზაქციების ჩატარების საშუალებას) და წილის მტკიცებულების (PoS) კონსესუსის ალგორითმ „კასპერზე“. ერთად ეს კომპონენტები შექმნიან ეთერიუმ 2.0-ს.
სანამ ეთერიუმის გრძელვადიან გეგმებზე ვისაუბრებთ, აუცილებელია, რომ განვიხილოთ, ეთერიუმის დღევანდელი მდგომარეობა და რა ძირითადი ცვლილებებია საჭირო ამ იდეის იმპლემენტაციისთვის.
რა არის ეთერიუმის დიდი გამყინვარება?
ეთერიუმის დიდი გამყინვარება არის ეთერიუმის ქსელის დაგეგმილი შენელება, რომელიც პირველად 2015 წელს გაეცნო ფართო საზოგადოებას. დიდი გამყინვარება „სირთულის ბომბის“ ამოქმედებითაა გამოწვეული, რაც ეთერიუმის განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც ეთერს სამუშაოს შესრულების მტკიცებულების (PoW) კონსესუსიდან კასპერის PoS ალგორითმზე გადაიყვანს.
2015 წლიდან ეთერიუმი იყენებდა PoW მაინინგ ალგორითმს ETHhash. მაინინგი ქსელის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად გამოიყენება და ამ პროცესში ჩართული არიან მაინერები და მძლავრი კომპიუტერები, რომლებიც რთული კომპიუტერული ალგორითმების ამოხსნაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. რომელი კომპიუტერიც პირველი ამოხსნის ალგორითმს, ბლოკჩეინში ახალი ბლოკის დამატების უფლებას იღებს და ახლად გამოშვებული მონეტებით ჯილდოვდება.
ეთერიუმთან ერთად კრიპტო ვალუტათა უმრავლესობა ისეა კოდირებული, რომ იმის მიხედვით, თუ რამდენი მაინერია ჩართული ქსელში, მაინინგის ალგორითმის სირთულე მუდმივად იცვლება. სირთულის ცვლილება განაპირობებს ბლოკის დამატების დროის ცვლილებას, ხოლო ალგორითმი უზრუნველყოფს სირთულის ცვლილებით ბლოკის დამატების სტაბილურობას. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უფრო მძლავრი კომპიუტერები ერთვებიან ქსელში, ალგორითმი მაინც ინარჩუნებს ბლოკის დამატების დროის საშუალო შედეგს (ან მასთან ძალიან მიახლოებულს).
ახლა დავუბრუნდეთ „სირთულის ბომბს“. როგორც სახელი გვეუბნება, ბომბი ეთერიუმის სირთულეს ააფეთქებს. ეთერიუმის ალგორითმი დროის მოკლე პერიოდში უფრო და უფრო გართულდება. ალგორითმის გართულება გამოიწვევს მინინგის შენელებას და საბოლოოდ მაინინგი შეუძლებელი გახდება - ბლოკჩეინს აღარ დაემატება ახალი ბლოკი, რაც ბლოკჩეინის გაჩერებას გამოიწვევს. ამ მდგომარეობას ჰქვია ეთერიუმის დიდი გამყინვარება.
წყარო: cryptoglobe.com