top of page

კომპანია ბირთვის ახალი პროექტის კრიპტობირჟის, Coinetic-ის პრეზენტაცია


ინტერვიუ Birtvi-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ავალიანთან.


- გვითხარით თქვენს შესახებ და როდის შეიქმნა თქვენი კომპანია?


- Birtvi წარმოადგენს ქართულ ტექნოლოგიურ კომპანიას. 2017 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და ახლა ორინტირებულია ბლოკჩეინ და ზოგადად დეცენტრალიზირებულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინფრასტრუქტურის, აპლიკაციების შექმნაზე, დამკვიდრებასა და განვითარებაზე. Birtvi-ს საქმიანობის ერთ-ერთ სფეროს განეკუთვნება კრიპტოვალუტების მაინინგი - ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში Birtvi-ს გააჩნია ბიტკოინის მაინინგ დატა ცენტრი; ჩვენი პროექტებია:


Bitforx - კრიპტოვალუტების შესანახი მულტიფუნქციური ციფრული საფულე, იქსჩეინჯის (ქოინების ერთმანეთში მარტივად გადახურდავების) და ქლაუდმაინინგის სერვისით; Bitforx-ის მობილურ აპლიკაციას ასევე გააჩნია პორტფოლიოს მენეჯმენტის და ახალი ამბების აგრეგატორის ფუნქცია, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მარტივს ხდის საინტერესო ციფრულ აქტივებზე ინფორმაციის მიღებას.



Birtvi-ს ერთ-ერთი პროექტია Proofus მიწოდების ჯაჭვის გამჭირვალეობის და ავტომატიზაციის ბლოკჩეინზე დაფუძნებული პლატფორმა. Proofus ეხმარება მიწოდების ჯაჭვს იყოს უფრო ეფექტური, მანიპულაციებისაგან დაცული, გამჭირვალე და მაქსიმალურად ავტომატიზირებული. Proofus-ის გამოყენებით შესაძლებელი ხდება მონიტორინგი გაუწიო პროდუქტებსა და სერვისებს მათი არსებობის მთლიანი ციკლის განმავლობაში, დაწყებული წარმოებიდან, დამთავრებული საბოლოო მოხმარებამდე.


Birtvi-ის მიზანია ბლოკჩეინზე დაფუძნებული სერვისების შეთავაზება საერთაშორისო ბაზრისთვის და იმ სფეროებისთვის, სადაც ეფექტური იქნება ბლოკჩეინის გამოყენება. ასევე, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მომზადება და დაინტერესებული კომპანიებითვის შეთავაზება. ტექნოლოგიის ტრანსფორმაციული პოტენციალიდან გამომდინარე, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ვიმყოფებით ინტერნეტის შემდეგი მოდერნიზაციის ეტაპზე. ჯერ მხოლოდ განთიადია, ყველაფერი სწორედ ახლა იწყება და წინ მნიშვნელოვანი და ცვლილებები გველის.


- საიდან წამოვიდა კრიპტობირჟის იდეა?


- მოგეხსენებათ, ბითქოინის შექმნის შემდეგ მსოფლიოში განსაკუთრებულად პოპულარული გახდა კრიპტოვალუტები. მათი რაოდენობა დღითი-დღე იზრდება და დღეისათვის უკვე 1960-ს ითვლის. კრიპტოვალუტა ციფრული აქტივია, რომლის უკანაც ტექნოლოგიური სტარტაპი დგას, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენებით გარკვეული პრობლემის გადაჭრას ცდილობს. მთავარი ადგილი კი, სადაც ხდება კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, კრიპტობირჟა გახლავთ. ბირჟები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საიმედოობით, რაშიც უსაფრთხოება და დაცულობა იგულისხმება, ვაჭრობის მოცულობით, ფუნქციონალით, სერვისებით და სატარიფო პოლიტიკით. თუ შეიქმნება შესაბამისი გარემო საქართველო შესაძლებელია გადაიქცეს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გლობალურ ჰაბად, რადგან რეგიონში არსებობს დიდი მოთხოვნა საიმედო და ხარისხიან პლათფორმაზე, რომელიც ხელმისაწვდომს გახდის კრიპტოვალუტებს ჩვენ ვფიქრობთ ქართულ ბაზარზეც, ისევე როგორც ჩვენს ახლო სამეზობლოში, არის სივრცე არსებობდეს უკეთესი კრიპტობირჟა, რომელიც შემოიტანს მეტ კონკურენციას, აწევს ხარისხის დონეს და უპასუხებს მომხმარებლის მზარდ მოთხოვნებს. Coinetic არის პირველი ქართული ბირჟა, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებს გლობალური კრიპტო ინდუსტრიის სტანდარტებს და თავიდან ბოლომდე ქართველი პროგრამისტების გუნდის მიერ არის შექმნილი. გუნდის, რომელსაც საჯარო სექტორისთვის მასშტაბური პროგრამული უზრუნველყოფის სისტემების შექმნის და იმპლიმენტაციის დიდი გამოცდილება გააჩნია. თავისთავად ეს ფაქტი ძალიან საამაყოა ჩვენთვის.


- რატომ გადაწყვიტეთ სახელი Coinetic?


- სახელზე, სიმართლე გითხრათ ბევრს ვფიქრობდით. სხვადასხვა იდეები იყო, თუმცა ბოლოს Coinetic-ზე შევჩერდით. მთავარი ინსპირაცია გახლავთ კინეტიკური ენერგია, რომელსაც ობიექტი (სხეული) იძენს მისი მოძრაობის დროს. ანუ რაც უფრო აქტიურია და მოძრაობაშია სხეული, მით უფრო მეტია მისი კინეტიკური ენერგია და ღირებულება. ნებისმიერი პროდუქტის ღირებულებაც როგორც წესი, მოძრაობაში, მისი აქტუალიზაციიდან და გამოყენების ხარისხიდან იქმნება. მანამ სანამ საკმარისად ბევრი ადამიანი დაიწყებს კრიპტოვალუტების, როგორც ფულის გამოყენებას და Coin-ები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაიმკვიდრებენ ადგილს კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი, ბევრი სამოძრაო აქვთ მიმოქცევაში პლანეტის გარშემო.


მეორე მნიშვნელობა ისე იწერება Coin etic რომ ეთიკური ქოინები თუ გნებავთ ასეც შეიძლება გაიგოთ. ქოინები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიკურ ცენტრალიზებულ ბიუროკრატიულ კონტროლს სახელმწიფოების მხრიდან და თავისი ბუნებით არსებულ ტრადიციულ ვალუტებთან შედარებით გაცილებით დეცენტრალიზებულია. კრიპტოვალუტების შექმნის იდეა თავისთავად ტრადიციული ფინანსების დეცენტრალიზაციის იდეაა. მიზანი ისაა, რომ ერთი ფულის ნაცვლად არსებობდეს მაღალი ლიკვიდობის მქონე სხვადასხვა კრიპტოვალუტები, კონტროლისა და ცენზურისაგან თავისუფალი, თავისუფალ მიმოქცევაში, ხელმისაწვდომი ყველასათვის. ახალი ფინანსური არქიტექტურა გამოირჩევა თავისუფლების უფრო ფართო ხარისხით.


- რით განსხვავდება Coinetic სხვა ბირჟებისგან?


პირველი რიგში, ფუნქციონალით. ჩვენს ბირჟაზე მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ივაჭრონ კრიპტოვალუტებით ისევე როგორც მოწინავე ბირჟებზე, არის შესაძლებელი. სავაჭრო დაფა და ფუნქციონალი იძლევა სხვადასხვა ტიპის დავალებების ე.წ. სავაჭრო ორდერების შესრულების შესაძლებლობას. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “მარჯინალ თრეიდინგის” ფუნქციონალის, ასევე სხვადასხვა ახალი სერვისების დამატებას. ამასთან, უმნიშვნელოვანესია, რომ რაც შეიძლება ბევრი კრიპტოვალუტით ვაჭრობა იყოს შესაძლებელი და ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. თავდაპირველად ვიწყებთ 6 კრიპტოვალუტით და ჩვენი მიზანია გაშვებიდან ერთი წლის შემდეგ 50 კრიპტოვალუტაზე ავიდეთ. ასევე მნიშვნელოვანია ფიატის ინტეგრაცია, იმისათვის რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი საბანკო ბარათის გამოყენებით კომფორტულად მოახერხონ ბირჟაზე თანხის ჩარიცხვა და ბალანსის შევსება. სამწუხაროდ, ქართული ბანკები, ისევე როგორც საზღვარგარეთ, კრიპტოვალუტებს დიდად არ წყალობენ, თუმცა მოლაპარაკებები გვაქვს ფინანსური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან ბარათის ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მალე მომხმარებლებს შევთავაზებთ ამ სერვისს.


- თქვენი სამიზნე აუდიტორია ვინ იქნება?


- ძირითადი სამიზნე აუდიტორია იქნება შავი ზღვის აუზის ქვეყნები: აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია, რადგან ვთვლით რომ ამ რეგიონის ქვეყნებში არსებობს კრიპტოვალუტების ვაჭრობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომობის საკითხები. საკმაოდ რთულია კრიპტო ინდუსტრიაში მონაწილების მიღება. რაც განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით იქნება ეს რეგულაციების სიმკაცრე, განუვითარებელი ბაზარი და ან სხვა ფაქტორები.


Coinetic-ის მიზანია გლობალურ საზოგადოებას კარი გავუხსნათ და შესაძლებლობა მივცეთ კრიპტო ეკონომიკაში მიიღოს მონაწილეობა. იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი პროგრესული და პოზიტიური რეგულაციები იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, თავისუფლად შესაძლებელია საქართველო შვეიცარიასავით და ესტონეთივით გადაიქცეს გლობალურ კრიპტო ჰაბად. რატომაც არა, ყველაფერი ჩვენს გახსნილობაზე, აქტიურობაზე და ენერგიაზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ მოდერნიზაციის, პროცესში აქტიურ მონაწილეობას მივიღებთ.


- როდის აპირებთ გაშვებას და რა არის თქვენი სამომავლო გეგმები?


- - 21-23 სექტემბერს თბილისში იმართება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, უპრეცენდენტო მსოფლიო მაინინგის სამიტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 800-მდე უცხოელი მონაწილე, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით სტუმრები ჩამოვლენ აზიიდან. საქართველო კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო კრიპტო-საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ამ სამიტის ორგანიზატორია Bitmain და Bitkan. სამიტს მასპინძლობას მათთან ერთად ჩვენი კომპანია - Birtvi უწევს. ვგეგმავთ პროექტის პირველი საჯარო პრეზენტაცია სოწრედ ამ სამიტზე განვახორციელოთ, ხოლო საბოლოო გაშვებას მომავალი წლის ზაფხულისვის დავგეგმეთ. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ვგეგმავთ აქტიური მარკეტინგული კამპანიების ჩატარებას სხვადასხვა ქვეყანაში, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ჩვენს შესახებ. პარალელურად ვაგრძელებთ პლატფორმის სრულყოფას და განვითარებას, რადგან მოდერნიზაცია უწყვეტი პროცესია და საჭიროა მუდმივად სიახლეების დანერგვა.


გვინდა შევქნათ Coinetic-ის ლაბორატორია, სადაც მოხდება ფინანსური ტექნოლოგიების და ღია ფინანსური სისტემების კველვა და იმპლიმენტაცია. კოინეტიკის დეცენტრალიზირებული ვერსია, ლაბორატორიის პირველი კვლევის საგანი იქნება. მაქსიმალურად გვინდა ახალგაზრდა თაობა ჩავრთოთ ამ საქმეში, რადგანაც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია მათი ამ ტექნოლოგიით დაინტერესება, რათა მათ უფრო კარგად გაიცნონ ეს სფერო და შეძლონ ცოდნის დაგროვება და თავისი იდეების პრაქტიკაში რეალიზება. მინდა განვაცხადო, რომ ბლოკჩეინით დაინტერესებული ნებისმიერი ენთუზიასტისთვის ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა.

bottom of page