top of page

ბითმეინი მსოფლიო ციფრული მაინინგის სამიტს საქართველოში გამართავს


ბითმეინისა და მისი პარტნიორი კონპანიის, ბითკანის, მხარდაჭერით, 21-23 სექტემბერს ქალაქ თბილისში ბლოკჩეინ ინდუსტრიის წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება გაიმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორი და მასპინძელი გახლავთ ქართული კომპანია ბირთვიც.


კონფერენციის დეტალებზე ბითმეინის წარმომადგენლები საქართველოში, კარლო ჭანტურია და თამაზ ღამბაშიძე, გვესაუბრებიან:


- აღნიშნულ კონფერენციას უამრავი სტატია მიეძღვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მან დიდი ინტერესი გამოიწვია ბლოკჩეინსა და მაინინგ ინდუსტრიაში მოღვაწე ბიზნესმენებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სამიტზე დასწრება ფასიანია და ბილეთებიც საკმაოდ სოლიდური თანხა ღირს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, VIP ბილეთები სამიტამდე 20 დღით ადრე სრულად გაიყიდა, ასევე ცოტა დარჩა classic და basic ბილეთები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაინინგ ბიზნესისადმი ინტერესი კვლავ მაღალია.


- ძირითადად რომელი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას?


- სამიტი წლის ყველაზე გრანდიოზული და მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ბლოკჩეინისა და მაინინგის ინდუსტრიაში, მასში 1 000-ზე მეტი უცხოელი სტუმარი მსოფლიოს 50 ქვეყნიდან გვესტუმრება; ძირითადად ჩინეთიდან, ამერიკიდან, რუსეთიდან, კანადიდან, ფინეთიდან და იმ ქვეყნებიდან, სადაც მიანინგ ბიზნესი განვითარებულია. დამსწრე საზოგადოების ძირითადი ბირთვი საშუალო და მსხვილი მაინინგ დატა ცენტრების დამფუძნებლები, ბლოკჩეინ ინდუსტრიის სპეციალისტები, მაინინგ პულების ექსპერტები და სხვა უამრავი კრიპტო ინდუსტრიაში მოღვაწე გავლენიანი ფიგურა იქნება.


- რა არის სამიტის მთავარი მიზანი?


- სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბლოკჩეინ ინდუსტრიასა და მაინინგ ბიზნესში ჩართული საზოგადოების ურთიერთდაკავშირება, პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა და იდეების გაზიარება. ასევე, მინდა ავღნიშნო, რომ ქართველ ბიზნესმენებს უნიკალური შანსი ეძლევათ გაიგონ უახლესი ინფორმაცია მაინინგ ინდუსტრიის, ბლოკჩეინისა და კრიპტო სამყაროს შესახებ. ამავდროულად, მათ ექნებათ შესაძლებლობა დაამყარონ მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ამ სფეროს წამყვან პირებთან.


- რა თემებზე იქნება აქცენტი?


- განხილული იქნება შემდეგი თემები: მიანერები და მათი მწარმოებელი კომპანიები, მაინინგ პულები, ბლოკჩეინ და მაინინგ ტექნოლოგიები, ეკოსისტემები მაინინგში, რეგულაციები, კვლევები კრიპტოსფეროში, რა პოტენციალი და პერსპექტივა აქვს მაინინგსა და კრიპტო ვალუტას.


- შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ სამიტის დღის განრიგი?


- გახსნითი ცერემონია 3 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება. თუმცა, მონაწილეები ვალდებული არიან რამდენიმე საათით ადრე გამოცხადნენ, რათა გაიარონ რეგისტრაცია. ცერემონიას გახსნის ბითმეინის დამფუძნებელი და აღმასარულებელი დირექტორი ჯიჰან ვუ, ასევე იქნება რამოდენიმე საინტერესო გამომსვლელი. საღამოს იგეგმება გრანდიოზული გალა-ვახშამი, სადაც სტურები ეზიარებიან ქართულ კულტურას. კონფერენცია 22 და 23 სექტემბერს ჩატარდება 10-დან 5 საათამდე სასტუმრო პრეფერანს ჰუალინგ თბილისში.


- რატომ გადაწყდა სამიტის ჩატარება საქართველოში?


- მაინინგ ინდუსტრიაში საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, შესაბამისად, ბუნებრივია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების დაინტერესება ჩვენი ქვეყნისადმი. ასევე აღსანიშნავია საქართველოს ადგილმდებარეობა და ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, რაც აადვილებს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებას.


- რას მოუტანს სამიტი საქართველოს?


- მსგავსი ღონისძიება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან, სამიტის მასშტაბისა და სტუმრების სტატუსიდან გამომდინარე, რომლებიც ამავდროულად მოღვაწეობენ უამრავ სხვა სფეროში, ის აუცილებლად გაზრდის ქვეყნის პოპულარიზაციას, ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვას, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვასა და ბლოკჩეინ ინდუსტრიის განვითარებას.


დამატებით ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ესტუმროთ ამ ბმულს.



bottom of page