top of page

„ბიტკოინი მალე გაქრება“


„ვოლ სტრიტის მგელის“ ზედმეტსახელით ცნობილი ჯორდან ბელფორტი ამბობს, რომ ბიტკოინი მალე გაქრება. ის ცნობილია ​ბიტკოინისა და ზოგადად კრიპტო ბაზრის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულებით.


„ბიტკოინი მორიგი აფიორაა“


CNBC-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, „ბიტკოინი: ბუმი თუ განადგურება“-ში, ბელფორტმა აღნიშნა, რომ ბიტკოინის ინვესტორებს სამწუხარო დასასრული ელით. მისი თქმით, ბიტკოინი მორიგი აფიორაა, რომელიც, ბუშტის გასკდომის შემდეგ უამრავ ადამიანს გააკოტრებს.


ვოლ სტრიტის მგელმა ინტერვიუში თქვა:


„მე თაღლითი ვიყავი. ჩემი ხელობა მეცნიერების დონემდე მქონდა აყვანილი. ზუსტად იგივეა ბიტკოინის შემთხვევაშიც.. ეს ყველაფერი ზედმეტად სულელურია, ამ ბავშვებს ტვინი აქვთ გამორეცხილი.“


ბელფორტის თქმით, ბიტკოინის ასეთი სახე დღევანდელ რეალობაში იდეალურად ჯდება, სადაც ინტერნეტი მანიპულაციის ხელსაწყოდ იქცა. რაც შეეხება მონეტის თავდაპირველ შეთავაზებებს, ის ამბობს, რომ ბევრი მათგანი ჩავარდნისთვის განწირული მაქინაციაა.


„ბიტკოინს გაქრობამდე ბევრი აღარ უკლია“


ბელფორტი ამბობს:


„ბიტკოინი მირაჟივით გაქრება, რაც უამრავ პატიოსან ადამიანს დააზარალებს.“


მისი აზრით, ეს ერთი წლის განმავლობაში მოხდება.


მისთვის ბოტკოინის შესახებ ასეთი ნეგატიური კომენტარების კეთება დამახასიათებელია. ივნისში, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი საკმაოდ დაცემული იყო, ბელფორტმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ფეისბუკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ბიტკოინის აღსასრულის ქადაგებას მოჰყვა.


ICO ეკოსისტემა მისი კრიტიკის სამიზნე აქამდეც ყოფილა. მეტიც, მან ფანდრაიზინგს „2017 წლის ყველაზე დიდი აფიორა“ უწოდა. ბეფორტი ვოლ სტრიტის ერთად ერთი კრიპტო კრიტიკოსი არაა. სხვებსაც, მაგალითად, ჯეიმი დიმონსა და უორენ ბაფეტსაც, გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები. „ომაჰას უხუცესმა“ (უორენ ბაფეტი) ბიტკოინს „სავარაუდო ვირთხის საწამლავიც“ კი უწოდა.

წყარო: ethereumworldnews.com

bottom of page