რა არის ICO?
ბედნიერები უნდა ვიყოთ, რომ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ. ჯერ შევქმენით ციფრული საათი, შემდგომ ციფრული ფოტო, ტელევიზორი, ციფრული მარკეტინგი. სამყარო ზმად იყო ციფრული ვალუტისთვის და ასე შეიქმნა ბიტკოინიც.
მოდით ავხსნათ, რა არის ICO
პირველადი მონეტების შეთავაზება (Initial Coin Offering - ICO) ძალიან ჰგავს თავდაპირველ საჯარო შეთავაზებას (Initial Public Offering - IPO) ორი მნიშვნელოვანი განსხვავებით:
1. ინვესტორი არ იქნება მომავალში კომპანიის წილის მფლობელი.
2. პროექტი რამენაირად დაკავშირებული უნდა იყოს ბლოკჩეინთან.
რატომ ურჩევნია სტარტაპ კომპანიას ICO?
მიუხედავად იმისა, რომ ICO შედარებით ახალია და IPO ბევრისთვის უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება, რთულია თვალი დავხუჭოთ ICO-ს რამდენიმე უპირატესობაზე:
1. კონტროლის შენარჩუნება: თქვენ, როგორც კომპანიის მფლობელი, არ აძლევთ კომპანიის ნაწილს ინვესტორს - თქვენ მას უბრალოდ სამომავლო სერვისს ჰყიდით. ეს კი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ თქვენ მიიღებთ ფულს და, ამასთან ერთად, კვლავ გააკონტროლებთ საკუთარ კომპანიას.
2. გლობალიზაცია: მაშინ, როცა ზოგი კომპანია კარდაკარ დადის ინვესტორის საპოვნელად, თქვენ შეგიძლიათ მოკლე დროში მოიზიდოთ ფული ხალხისგან მთელი მსოფლიოდან.
3. არანაირი რეგულაცია: ეს კი ნიშნავს არანაირ ბიუროკრატიას, რის მოგვარებასაც თვეები სჭირდება. ტექნოლოგიური სტარტაპ კომპანიებისთვის საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბაზარზე პირველობას.
როგორ მუშაობს ICO?
პირველ რიგში გვჭირდება ხალხი, რომლებსაც ექნებათ საინტერესო იდეა ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან კავშირით. მაგალითად, შეიძლება შესთავაზოთ ხალხს იყიდონ გენეტიკურად მოდიფიცირებული ხე, რომელსაც გაზრდის შემდეგ ფოთოლზე თქვენი სახელი ექნება ამოტვიფრული. ამის სანაცვლოდ კი აიღოთ ბიტკოინები. უცნაურად ჟღერს? ისტორიას ამაზე უჩვეულო იდეებიც ახსოვს, რომლებიც წარმატებულ ბიზნესად ქცეულა.
სტარტაპერები იწყებენ მარკეტინგულ კამპანიას და იზიდავენ ხალხს, რათა მათ იყიდონ მათი მონეტები.
რა არის ICO მონეტა?
ყველაფერი ცნობილ სამაგიდო თამაშ მონოპოლიას ჰგავს. თქვენ ყიდულობთ და ყიდით რაღაცას, რაც არ არსებობს, თუმცა შედეგად ზოგი იგებს, ზოგი აგებს.
ICO მონეტა აღნიშნავს თქვენს კონტრიბუციას კომპანიისთვის. რაც მეტ ფულს გადაიხდით, მეტ მონეტას მიიღებთ. მომავალში კი შეძლებთ ამ მონეტებით ან კომპანიის მეწილე გახდეთ, ან საერთოდ გაყიდოთ ისინი და ფასში განსხვავებით მოგება ნახოთ.
რატომ უნდა გადაიხადოთ ფული, თუ კომპანიის მეწილე თავიდანვე ვერ გახდებით? ცხადია, ამას უმიზეზოდ არავინ იზამს. ამისათვის არსებობს გონიერი კონტრაქტი.
რა არის ICO-ს გონიერი კონტრაქტი?
გახსოვს ადამიანები, რომლებსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ხის იდეა გაუჩნდათ? მათ ინვესტორებს ფულის სანაცვლოდ რაიმე ღირებული უნდა შესთავაზონ. მაგალითად, უფასო ხე მეუღლესთვის, კომპანიის შემოსავლების 2 პროცენტი ან ნებისმიერი სხვა ღირებული სერვისი.
გონიერი კონტრაქტი არის ერთგვარი შეთანხმება ICO-ს წარმმართველ კომპანიასა და მონეტის მფლობელს შორის. ესაა ერთგვარი კოდი, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ გარკვეული „თუ-ს“ შემთხვევაში „მაშინ“-იც შესრულდება. მაგალითად, „თუ თქვენ იყიდით გენმოდიფიცირებულ ხეს 2020 წლამდე, მაშინ შეძლებთ მის ფიქსირებულ ფასად გაყიდვას“.
როგორ შევქმნათ გონიერი კონტრაქტი?
მათი უმეტესობა შექმნილია ეთერიუმის პლატფორმაზე (პირველი გონიერი კონტრაქტი სწორედ ეთერიუმის პლატფორმაზე შეიქმნა ვიტალიკ ბუტერინის მიერ), თუმცა არსებობს სხვა პლატფორმებიც, როგორიცაა Confideal, ChainLink, BlockCaT და ა.შ.
წყარო: cointelegraph.com