"ბიტკოინის ფასი შეიძლება 70%-ით გაიზარდოს"
ტომ ლი, ცნობილი ბიტკოინის ხარი (bull - ადამიანი, რომელიც ვალუტას ყიდულობს, რის შედეგადაც მისი ღირებულება იზრდება) და ერთადერთი Wall Street-ის ანალიტიკოსი, რომელიც კრიპტოვალუტას განიხილავს, ცოტა ხნის წინ ამტკიცებდა, რომ ბიტკოინის ფასი მასიურად გაიზრდება მიმდინარე წლის კონსენსუსის კონფერენციის განმავლობაში, რომელიც 14 მაისს ჩატარდება.
MarketWatch-ის მონაცემებით, ლის Fundstrat Global Advisors-ის მკვლევართა ჯგუფმა ისტორიული მონაცემები გამოიყენა იმის სანახავად, თუ როგორ იქცეოდა ბიტკოინი კონსესუსის კონფერენციამდე და მის შემდეგ.
შედეგები გამაოგნებელი აღმოჩნდა. მათ აღმოჩენით, როდესაც კი კონსენსუსის კონფერენციაზე დამსწრეთა რიცხვი იზრდებოდა, ასევე იმატებდა ბიტკოინის ფასიც ღონისძიების დროს და მის შემდეგ. 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, დამსწრეთა რაოდენობა გაორმაგდა და ბიტკოინის ფასმაც კონფერენციის დროს 69%-ით მოიმატა. მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი კრიპტოვალუტა 138%-ით გაიზარდა.
ლი და მისი გუნდი მიიჩნევს, რომ ასეთი ქცევა გაგრძელდება. წლევანდელი კონსენსუსის კონფერენციის გათვალისწინებით, სადაც 7000-ზე მეტ ადამიანს ელიან, ზრდა უპრეცედენტო იქნება. კლიენტებს ანალიტიკოსმა აცნობა:
„იმასთან ერთად, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიპტო კონფერენციაა, წლევანდელი დასწრება დრამატულად გაზრდილია და ეს მაშინ, როცა ბიტკოინმა/კრიპტომ ვარდნა განიცადა. აქედან გამომდინარე, ველით, რომ კონფერენციის შედეგად უფრო მკვეთრი ზრდა დაფიქსირდება, ვიდრე წარსულში.“
კონსენსუსის კონფერენცია წარმოადგენს ყოველწლიურ ბლოკჩეინის სამიტს, სადაც კრიპტოვალუტის და ბლოკჩეინის ექსპერტები ინდუსტრიის რამდენიმე აქტუალურ საკითხს განიხილავენ. ეთერიუმის დამფუძნებელი, ვიტალიკ ბუტერინი, არ დაესწრება ამ წლის ღონისძიებას, რადგან ბოიკოტის მოწყობა გადაწყვიტა რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის ფასისა და ორგანიზატორი კომპანიების ხელმძღვანელობის გამო.
ტომ ლის მიხედვით, კონსენსუსის კონფერენციაზე კრიპტოვალუტის პოტენციური რეგულაციებიც იქნება განხილული, რაც, მისი რწმენით, ხელს შეუშლის ენთუზიაზმს. მისი განცხადებით:
„ჩვენ ველით, რომ ბიტკოინი და კრიპტოვალუტები წინა წლების მსგავსად უნდა მოიქცნენ და კონფერენციის დროს ფასის ზრდა განიცადონ".
ტომ ლი ელის, რომ შუა წელიწადს ბიტკოინის ფასი 25,000 დოლარს მიაღწევს და 2020 წლის მარტისთვის 91,000 დოლარიც კი გახდება. Wall Street-ის ანალიტიკოსმა ზუსტად იწინასწარმეტყველა, რომ კრიპტოვალუტები აპრილში მას შემდეგ შეწყვეტენ ვარდნას, რაც აშშ-ს გადასახადის გადამხდელები კაპიტალის მოგებაზე გადასახადებს დაფარავენ.
ბიტკოინის ფასი მას შემდეგ, რაც უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 2%-ით დაეცა, 9,110 აშშ დოლარია. ამ თვეში, კრიპტოვალუტამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, დაახლოებით 9,885 დოლარს მიაღწია, მაგრამ ვერ გაარღვია 10,000 დოლარიანი ზღვარი. თუ ლის პროგნოზი სწორია და ფასმა 70% მეტით მოიმატა, მაშინ მისი ღირებულება შეიძლება 15 000 დოლარზე მეტიც გახდეს.
წყარო: https://www.cryptoglobe.com