რიპლის, კარდანოსა და IOTA-ს ფასი იზრდება
გასული 2-3 დღის განმავლობაში წამყვანი კრიპტოვალუტების ფასის მცირე, თუმცა სტაბილური კლების შემდეგ, ისინი კვლავ გამწვანდნენ.
ბაზრის კაპიტალიზაცია 2 დღის წინანდელი $330 მილიარდიდან სტატიის წერის მომენტში $353 მილიარდამდეა ასული. ფასის საგრძნობი ზრდა შეიმჩნევა რიპლის, კარდანოსა და IOTA-ს შემთხვევაში. ბიტკოინი კი დაახლოებით $8100-8200-ის ფარგლებში ტრიალებს. ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათში 7,5%-ით გაიზარდა და ამ მომენტისთვის $550-ია.
რიპლი
რამდენიმე დღის წინ რიპლმა განაცხადა, რომ აპირებენ ესპანეთის უდიდეს ბანკთან, Banko Santander-თან ერთად ახალი აპლიკაციის - OnePay FX - ჩაშვებას, რაც რიპლისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საშუალებით აშშ-სა და ევროპას შორის ფულად ტრანზაქციებს გაამარტივებს.
Banko Santander-ის წარმომადგენელმა, ანა ბოტინმა შემდეგი განცხადება გააკეთა:
„OnePay FX ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ტექნოლოგიას გამოიყენებს, რათა მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და მოსახერხებელი სერვისი შესთავაზოს ისეთ მაღალ დონეზე, როგორსაც მომხმარებლები სანტანდერის ბანკისგან ელიან. ევროპაში ტრანსფერები იმავე დღეს იქნება შესაძლებელი და მიზნად გვაქვს, დავამატოთ რამდენიმე ახალი ბაზარი ზაფხულისთვის“.
ტექნოლოგია, რომელიც რიპლის უკან დგას, მიმზიდველია ბევრი ფინანსური ინსტიტუციისთვის და ბევრი იმედოვნებს, რომ ბანკები მსოფლიოს მასშტაბით დაიწყებენ რიპლის, როგორც სატრანსფერო ვალუტის, გამოყენებას. სწორედ მისი ასეთი შესძლებლობა ხდის რიპლს განსაკუთრებით მიმზიდველს ბევრი წამყვანი ინვესტორისთვის.
ამ დროისთვის რიპლის ფასი $0,73-ზე ფიქსირდება, რაც ბოლო 24 საათში 8,12%-იანი ზრდის შედეგია.
კარდანო
წამყვანი კრიპტოვალუტებიდან ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზრდა ბოლო 24 საათში ADA-ს ჰქონდა, რომლის ფასიც ბოლო 1 კვირის მანძილზე $0,16-დან $0,27-მდე გაიზარდა, ბოლო 24 საათის მანძილზე კი ზრდამ 8,24% შეადგინა.
IOTA
ბოლო დღეების კიდევ ერთი მთავარი გამარჯვებულია IOTA, რომლის ფასი ამ წუთისთვის $1,73 -ია და უკანასკნელ 24 საათში 7,1%-ით გაიზარდა. სულ რაღაც 4 დღის წინ კი $1,43-ს შეადგენდა.
წყარო: cryptocurrencynews.com