top of page

ბიტკოინი კანქვეშ - რატომ იყენებს ხალხი ეპიდერმული მიკროჩიპის საფულეს?


ჰოლანდიელი მარტინ ვიზმაიერი ბიტკოინის შენახვასთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენს ისეთ დონეზე, რომ 2014 წელს მან ორი NFC ჩიპი ქირურგიული ჩარევით ორივე ხელში ჩაინერგა, რომ დაშიფრული ბიტკოინის გასაღები დაცულად ყოფილიყო. ვიზმაიერმა რიგი მიზეზები ჩამოთვალა, თუ რატომ მიმართა უკიდურეს მეთოდს კრიპტოს შესანახად; კერძოდ, მან წლების განმავლობაში თავისი ბიტკოინების უმრავლესობა ქურდობისა და ჰაკერების გამო დაკარგა.


„შემიძლია თავისუფლად განვაცხადო, რომ ჩემი ბიტკოინების 80 პროცენტზე მეტი ჰაკერების, ქურდობის, ტრანზაქციის ჩაშლისა და სხვა პრობლემების გამო დავკარგე. მე რომ 2010 წელს მქონოდა ჩიპი, მაშინ უკვე მდიდარი ადამიანი ვიქნებოდი.“


ამასთანავე, ვიზმაიერი უბრალოდ დაინტერესებული იყო ციფრული ვალუტის კანში შენახვის იდეით. IBTimes-სთან საუბრისას, მან განაცხადა:


„მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ კანქვეშა იმპლანტის გამოყენებით მინდოდა, მყარ ბიტკოინებზე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა, რადგან ვიფიქრე, რომ ეს უკონტაქტო გადახდების წმინდა გრაალი იქნებოდა.“


მან ეს პროცედურა გაიკეთა ტანის პირსინგის სტუდიაში, რომელსაც პროცედურის ყველა მსურველთან უწევს რეკომენდაციას. ჩიპი დამზადებულია შუშისაგან და ზომაში 2 მმ x 12 მმია, რაც ბრინჯის მცირე მარცვლის ზომისაა. ვიზმაიერმა განაცხადა, რომ პროცესი ნაკლებად მტკივნეულია, ვიდრე წვეთოვანი გადასხმა ვენაში და აღნიშნა, რომ პროცედურა შინაურ ცხოველებზე პრობლემების გარეშე ჩვეულებრივ ტარდება.


NFC- ის თითოეული ჩიპი 888 ბიტიან ინფორმაციას ინახავს, რაც საკმარისია 26 დაშიფრული ბიტკოინ მისამართის გასაღების შესანახად. ვიზმაიერი ამბობს, რომ შესყიდვების განსახორციელებლად ის ყოველდღე იყენებს თავის ჩიპებს. თანხის მისაღების პროცესი მოიცავს საკუთარი მობილური ტელეფონით ჩიპის სკანირებას და შემდეგ გასაღებებზე დაშიფვრის მოხსნას, რომ ტრანზაქცია განხორციელდეს. შეიძლება გასაღებების დისტანციურად, სმარტფონით ამოღება და ახლით შეცვლა სხვა

კრიპტოვალუტებისთვის; დაშიფვრა ადამიანებს უზღუდავს შესაძლებლობას, უბრალოდ წაიკითხონ სხვისი გასაღებები ვიზმაიერის ხელის სკანირებით.


იმის გამო, რომ მისმა საქციელმა დიდი ყურადღება მიიპყრო, ის არასოდეს ინახავს დიდ რაოდენობას ჩიპზე, რათა ქურდების სამიზნე ობიექტი არ გახდეს, მაგრამ ის ამბობს, რომ ერთადერთი არაა, ვინც ციფრულ ვალუტას ასეთი გზით ინახავს. ვიზმაიერი ფლობს კომპანია General Bytes-ს, რომელიც მთელს მსოფლიოში ბიტკოინის ბანკომატებს დგამს.


მას შემდეგ, რაც ახალ ამბებში გამოჩნდა, ბევრი თანამშრომელი აჰყვა მის საქციელს. ვიზმაიერი ამბობს, რომ ის იცნობს „მინიმუმ 50“ პირს მხოლოდ პრაღის ტერიტორიაზე, რომლებიც ეპიდერმულ ბიტკოინის საფულეს იყენებენ.


ეს მეთოდი შეიძლება ცოტა ზედმეტი იყოს, მაგრამ ბიტკოინის უსაფრთხოება მნიშვნელოვანი საკითხია. გავრცელებული ინფორმაციით, ბიტკოინის მთლიანი რაოდენობის 23% უკვე უშედეგოდ დაიკარგა, რაც ხალხს აიძულებს, მის უსაფრთხოებაზე სერიოზულად იფიქროს.


მიუხედავად იმისა, რომ FDA-ის მიერ დამტკიცებულია, პროცესს, როგორც ჩანს, თავისი რისკი გააჩნია. გარკვეული კვლევები პოტენციურად აკავშირებს NFC ჩიპებს კიბოსთან. თუმცა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ყველას ვერ დააფრთხობს და წლების შემდეგ ბიტკოინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხალხი სავარაუდოდ, კვლავაც განაგრძობს ვიზმაიერის მეთოდის გამოყენებას.


წყარო: ccn.com

bottom of page