Taobao კრიპტოვალუტების სერვისებს და რეკლამებს კრძალავს
Taobao, რომელსაც ჩინეთის Ebay-საც უწოდებენ, აცხადებს, რომ მისი განახლებული წესების მიხედვით, კრიპტოვალუტების, წინასწარ გაყიდვის სერვისების და, ზოგადად, ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული სერვისების აკრძალვა იგეგმება.
თავდაპირველად, Taobao-მ აკრძალა კრიპტოვალუტების მაინერების გაყიდვა და მაინინგის გაკვეთილების დარეკლამება. ახლა კი, ისინი კრძალავენ ყველა პროდუქტს ან სერვისს, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. ახალი წესები ძალაში 17 აპრილიდან შევა და აკრძალავს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული კონსულტაციების, როგორც სერვისის, გაყიდვასაც კი.
Taobao მიჰყვება ჩინეთის სახალხო ბანკის გზას, რომელმაც სექტემბრიდან აკრძალა ICO, 2018 წლიდან კი - ზოგადად კრიპტოვალუტები. მიუხედავად იმისა, რომ მაინინგი ჯერ დაშვებულია ჩინეთში, წამყვანი მაინინგ კომპანიები ეძებენ ალტერნატიულ ქვეყნებს საქმიანობის გასაგრძელებლად.
კომპანია გეგმავს, სერიოზულად მიუდგეს ახალ აკრძალვებს და დასაჯოს ისინი, ვინც ამ წესებს დაარღვევს. მას შემდეგ, რაც ჩინეთის სახალხო ბანკმა აკრძალა ICO, ბევრი მომხმარებელი და გამრეკლამებელი ცდილობდა სხვადასხვა გზებთ გვერდი აევლო აკრძალვებისთვის, მაგალითად განზრახ დაშვებული გრამატიკული შეცდომების მეშვეობით, როგორიცაა ICO-ში ბოლო O-ს ნაცვლად 0-ს დაწერა და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ Taobao-მ აკრძალა ბლოკჩეინთან დაკავშირებული სერვისები, ჩინეთში არ არსებობს აკრძალვები თავად ბლოკჩეინთან დაკავშირებით. მეტიც, ჩინეთის მთავრობა ოპტიმისტურად უყურებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიას. მთავრობამ 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩადო ბლოკჩეინ სტარტაპების განვითარებაში.
წყარო - ccn.com