ევროპოლი კრიპტოვალუტებით ვაჭრობის გამოძიებაში ჩაერთო
საერთაშორისო იურიდიულმა სააგენტოებმა და ევროპოლმა საერთო ოპერაცია დაიწყეს კრიმინალური დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც იყენებდა კრიპტოვალუტას ფულის გათეთრებისთვის ფინური გაცვლითი პუნქტის მეშვეობით. ეს ფული ნარკობიზნესიდან მოდიოდა.
ოპერაციის მსვლელობისას, რომელსაც Tulipan Blanca ეწოდა, ფინეთის, ესპანეთის, ამერიკის მთავრობებმა და ევროპოლმა 11 ადამიანი დააკავა, რომლებიც ამ დანაშაულებრივ დაჯგუფებას მიეკუთვნებოდნენ. ისინი ნარკობიზნესიდან მიღებულ ფულს ათეთრებდნენ საკრედიტო ბარათებისა და კრიპტოვალუტების გამოყენებით.
სულ 137 ადამიანი იყო დაკითხული იმის გასარკვევად, მიეკუთვნებოდნენ თუ არა ისინი ამ ორგანიზაციას, რადგან ნარკობიზნესიდან მიღებული ფული მცირე ნაწილებად იყო დაყოფილი და შემდეგ ასობით საბანკო ანგარიშზე იქნა განთავსებული. შემდეგ, დამნაშავეები იღებდნენ საკრედიტო ბარათებს, რომლებიც ამ ანგარიშებთან იყო დაკავშირებული. ყოველივე კეთდებოდა კოლუმბიაში გამგზავრებამდე, რათა ეს ფული წასვლამდე გაენაღდებინათ.
გამოძიების მსვლელობისას გაირკვა, რომ სულ გამოყენებული იყო 174 საბანკო ანგარიში და ჯამური თანხა 8 მილიონ ევროს შეადგენდა. სულ მალე, კრიმინალები კრიპტოვალუტაზეც გადავიდნენ.
გთავაზობთ ნაწყვეტს განცხადებიდან:
“როდესაც დამნაშავეები მიხვდნენ, რომ საბანკო ოპერაციების მიკვლევა საკმაოდ მარტივია, ფულის გათეთრება კრიპტოვალუტით დაიწყეს და ძირითადად ბიტკოინს იყენებდნენ.“
გამოძიების მსვლელობისას, რომელსაც ფინეთის შესაბამისი ორგანოები უძღვებოდნენ, გაირკვა, რომ დამნაშავეები იყენებდნენ ფინურ კრიპტოვალუტის გაცვლით პუნქტს და თავის ფულს ბიტკოინში ცვლიდნენ, შემდეგ კი, ბიტკოინს კოლუმბიურ პესოზე ცვლიდნენ.
გასულ წელს, ევროპოლმა ინტერპოლთან ერთად შესაბამისი დაჯგუფება შექმნა, რომელიც მიმართულია კრიპტოვალუტის მეშვეობით ფულის გათეთრების წინააღმდეგ. ამ კვირის განცხადებაში, სააგენტომ ხაზი გაუსვა იმას, რომ ზემოთ ხსნებული დაჯგუფება გააგრძელებს თავის საქმიანობას.
„ვინაიდან კრიპტოვალუტა უფრო და უფრო ხშირად გამოიყენება უკანონო ქმედებების დასაფინანსებლად, ევროპოლი გაარძელებს კოორდინირებულ ქმედებებს ევროკავშირის და მის გარეთ მყოფ ქვეყნებთან ერთად, რომ ეფექტური რეაგირება მოახდინოს ამ მზარდ საფრთხეზე. ევროპოლს აქვს სპეციალური კურსები სამართალდამცავებისთვის, რათა მათ უკეთ ესმოდეთ, თუ როგორ მიაკვლიონ კრიპტოვალუტის კრიმინალური დაჯგუფებებისთვის გამოყენებას,“ აცხადებს სააგენტო.
წყარო: ccn.com