top of page

ბიტკოინის მტვერი: რა არის ეს და როგორ უნდა მოვიშოროთ


წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 100 ლარიანი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ 100 ლარის ღირებულების ერთთეთრიანები.


ამჩნევთ განსხვავებას?


ბიტკოინიც არ არის გამონაკლისი ასეთი გვერდითი ეფექტების ქონაში. მის ამ ნაწილაკებს ვუწოდებთ „მტვერს“. ასეთი მტვერი იქმნება მაშინ, როცა ბიტკოინის მომხმარებლები ისეთი მცირე რაოდენობის ბიტკოინით ასრულებენ ოპერაციას, რომ ოპერაციისას გამოყენებული თანხა ამ ოპერაციის საკომისიოზე ცოტაა.


თუმცა, ვინაიდან ბლოკჩეინი შეზღუდული სივრცეა, ასეთი მცირე ტრანზაქციები (მაგალითად 1 ცენტიანი ტრანზაქცია) ხშირად იგივე სივრცეს იყენებს, რამდენსაც დიდი ტრანზაქციები. ასეთი მცირე ტრანზაქციების სიმრავლემ შეიძლება მთელი სისტემისთვის გააჩინოს პრობლემები.


წინათ, ბიტკოინის მტვერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა მომხმარებლისთვის. ეს შეიცვალა მას მერე, რაც საკომისიო ძალიან გაიზარდა და მცირე ტრანზაქციების შესრულებაც საკმაოდ გაძვირდა. ზოგი დეველოპერი თვლის, რომ ახლა, როცა საკომისიოები შედარებით დაბალია, უნდა მოვასწროთ ბიტკოინის მტვრის მოშორება.


დეცენტრალიზებული აპლიკაციების დეველოპერი, გრეგ სლეპაკი, როგორც ბევრი სხვა, ფიქრობს იმაზე, თუ რა მოხდება ან არ მოხდება მას მერე, რაც ბიტკოინი უფრო ფართოდ დაინერგება და ტრანზაქციების სიდიდეც გაიზრდება.


თუ ეს მართლაც ასე მოხდა, უფრო მომგებიანი იქნება, თუ მონაცემთა ამ ნაწილაკებს მოვიშორებთ მანამ, სანამ საკომისიო შედარებით დაბალია.


სლეკაპი თვლის, რომ მეტ შანსს არ უნდა დაველოდოთ.


მან Coindesk-ს განუცხადა: ასეთი მომენტი შეიძლება აღარც გვქონდეს.


მტვრის გაქრობა


იმისათვის, რომ მოვიშოროთ მტვერი, ყველა მომხმარებელმა თავისი „მტვრიანი“ ტრანზაქცია უნდა გააერთიანოს. ანუ, ეს ყველაფერი ერთი ტრანზაქციით უნდა დაჯგუფდეს.


ჩვენს პირველ ანალოგიას რომ დავუბრუნდეთ, ეს პროცესი ჰგავს უამრავი 1, 2 და 5 თეთრიანით დოლარის შეგროვებას. თუ როგორ მოხერხდება მტვრის ამოცნობა და პოვნა, დამოკიდებულია მომხმარებლების ინდივიდუალურ საფულეებზე.


სლეპაკი გვირჩევს ელექტრუმს, ხანგრძლივი გამარტივებული გადახდის ვერიფიკაციის (SPV), საფულეს, რომელიც, მცირე მონაცემების გამოყენებით უკეთებს ვერიფიკაციას ტრანზაქციებს. შესაბამისად, ის ხშირად გამოიყენება მობილურ ტელეფონებზე.


მომხმარებელს შეუძლია „change addresses” ფუნქციით აირჩიოს მტვრის შემცველი ადგილები, შემდეგ “send from” ფუნქციით შექმნას ტრანზაქცია, რომელიც გააერთიანებს ყველა ნაწილაკს ერთ სივრცეში.


ზოგიერთმა საფულემ შეიძლება ვერ შემოგვთავაზოს სერვისი გრანულების დონეზე. ამის სანაცვლოდ, მათ აქვთ ალტერნატივა, თავად მართონ მტვერი და გადაწყვიტონ, თუ როგორ მოიშორონ ის თავიდან.


რამდენად ცუდია ეს პირადი სივრცისთვის?


არსებობს ერთი პრობლემა: მტვრისგან გაწმენდის პროცესში ფინანსური ინფორმაციების იმაზე მეტი ნაწილი აშკარავდება, ვიდრე მომხმარებელს უნდა.


შესაძლოა, თქვენ მტვერი დაგიგროვდათ რამდენიმე ანგარიშზე. კრიპტოვალუტების შემთხვევაში, საუკეთესო პრაქტიკა ფინანსური ანონიმურობისთვის არის ახალ-ახალი ანგარიშების გამოყენება. (თუმცა, ამას ბევრი არ აკეთებს, რადგან მოუხერხებელია).


ამ შემთხვევაში, მტვრის შეგროვება რამდენიმე ანგარიშიდან, საფრთხის ქვეშ აყენებს მომხმარებლის პირად ინფორმაციას. მარტივია იმის დასკვნა, რომ ყველა ეს ტრანზაქცია შესაძლოა მოდიოდეს ერთი პირისგან. ეს პრობლემას იმ შემთხვევაში ქმნის, თუ მომხმარებელი დაუძვრა KYC-ს ფილტრებს, რომელთა მიზანია, მომხარებლის ვინაობის დადასტურების გზით აღმოფხვრას ფინანსური დანაშაული კრიპტოსამყაროში.


თუ მომხმარებლის ერთი ანგარიში მიბმულია რეალურ პიროვნებასთან, მაშინ, სხვადასხვა ანგარიშებიდან მტვრის გაერთიანების შემთხვევაში, სხვა ანგარიშებიც ასოცირდება ამ პიროვნებასთან.


„ეს ემსგავსება ისეთ ქმედებას, თითქოს აცხადებდე: ჰო, ეს ანგარიშებიც მე მეკუთვნის.“ - აღნიშნა სლეპაკმა.


„სწორედ ამიტომ უნდა გამოიყენოს ხალხმა მონერო“ - დაამატა მან და ხაზი გაუსვა იმას, რომ მონერო გაცილებით უკეთ ინახავს პირად ინფორმაციას და მისი მენეჯმენტი უფრო მარტივია.


თუ მომხმარებლის მტვერი უკვე მიბმულია ერთ ანგარიშზე, გამოდის, რომ ეს მტვერიც ერთმანეთთან დაკავშირებულია. შესაბამისად, ამ მტვრის ერთ ტრანზაქციაში გაერთიანება არ დააზიანებს მომხმარებლის პირად ინფორმაციას.


სლეპაკის განცხადებით, ხალხმა თავიდან უნდა იმოქმედოს მტვრის წინააღმდეგ, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ აწუხებთ პირად ინფორმაციასთან დაკავშირებული შესაძლო გართულებები.


უფრო დიდი დაბრკოლებები


მეორეს მხრივ, ბლოკჩეინის მონაცემების ერთ-ერთი ინჟინერი, ანტუან ლე კალვე, ამტკიცებს, რომ მტვრის დონე უკვე დაკლების პროცესშია.


ეს უფრო მსხვილი ბიტკოინ ბიზნესების დამსახურებაა. მაღალი საკომისიო გადასახადების გამო, დიდი ფირმები იძულებულნი გახდნენ, მოეძებნათ უფრო ეფექტიანი ტრანზაქციის ტექნოლოგიები, მათ შორის, მტვრის თავიდან მოშორება საკომისიოების შესამცირებლად.

„Coinbase-მა გაწმინდა თავისი საფულე და ის საკმაოდ მსხვილი მოთამაშეც იყო“ - განუცხადა Coindesk-ს ლე კალვემ. „კონსოლიდაციის დასრულების შემდეგ, გაცილებით ნაკლები მტვერი დაგროვდა.“


პოტენციურად, კონსოლიდაციის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, მომავალში ფული დაზოგონ. თუმცა, ბიტკოინის კომპანიებს საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ მტვრის საერთო დონეზე.


თუმცა, სლეპაკის მსგავსად, ლე კალვეც მომავალზე ფიქრობს. საკომისიოები შეიძლება ისევ გაიზარდოს, თუ ბიტკოინი ისევ მიიპყრობს ყურადღებას. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ Lightning Network-ი, რომელიც, სავარაუდოდ, ბიტკოინით გადახდების მომავალია, რეალურად მოიპოვებს ძალას.


„ვთვლი, რომ ნებისმიერი რამე, რომელიც გამოიწვევს ბლოკჩეინის მეტ გამოყენებას, მიგვიყვანს ისეთ საკომისიოებამდე, რომელიც მტვერზე უფრო მაღალია“ - განაცხადა სლეპაკმა.


ლე კალვემ აღნიშნა, რომ მარტივია მტვრის გაწმენდა, როცა გადახდები არ ხასიათდება დიდი მოცულობით (მაგალითად, მიმდინარე პერიოდში). თუ ტრანზაქციები გახურდა, ასეთი შესაძლებლობა აღარ იქნება.


მისი თქმით: „რეალური გამოცდა გვექნება მაშინ, როდესაც ფასი მაღლა აიწევს“.


წყარო: coindesk.com

bottom of page