top of page

იაპონია ICO-ების ლეგალიზაციის პროცედურას აანონსებს


იაპონიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა სამუშაო ჯგუფმა წარმოადგინა ახალი პროცედურები, რომელთა მიზანია ICO-ების ლეგალიზება და რეგულირება.


5 აპრილს გამოცემულ მოხსენებაში, იაპონიის ICO ბიზნესების კვლევის ჯგუფმა - კვლევითი ორგანო, რომელიც მოიცავს იურისტებს, აკადემიკოსებს, ბანკირებს და იაპონიის უდიდესი კრიპტოვალუტების სერვისის მიმწოდებლის, bitFlyer-ის, მთავარ აღმასრულებელს - იაპონიის მთავრობას მოუწოდა ICO-ების ლეგალიზებისა და გამჭირვალე ინდუსტრიული წესებისა და პრაქტიკების დანერგვისკენ განვითარებისა და ინვესტორების დაცვის მიზნით.


„ICO ჯერ კიდევ ახალი რაღაცაა და საერთოდ არ აქვს ინდუსტრიული პრაქტიკა. სათანადო წესებია მოსაფიქრებელი, რათა ICO-ებმა მოიპოვოს ხალხის ნდობა და გაფართოვდეს, როგორც სანდო ფინანსური ინსტიტუტი“ - განაცხადა ჯგუფმა.


აღნიშნული პროცედურების მიხედვით, ICO-ს ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან, ჩაატარონ KYC ვერიფიკაცია ყველა ინვესტორზე. ისინი აგრეთვე ვალდებულნი იქნებიან ფართოდ გააცნონ საკუთარი საქმიანობა ICO-ს ყველა ინვესტორს, მანამ, სანამ ოპერაცია დაიწყება. საჭირო იქნება ოპერაციის პროგრესის დეტალური განახლებაც, რათა ყველას შეეძლოს გეგმისა და შედეგის შედარება.


თვითრეგულირებად სისტემაში მიმოცვლა დაემსგავსება სხვა ინდუსტრიების სტანდარტებს, შესაბამისად, ICO-ს მონეტების ფარული ვაჭრობა პირდაპირ დანაშაულად ჩაითვლება.


მოხსენებაში ნათქვამია, რომ რეგულატორები შეიძლება იძულებულნი გახდნენ, შეიმუშაონ უფრო დეტალური წესები. ამაში შეიძლება ICO-ს სპეციფიკური სტრუქტურების აკრძალვა იგულისხმებოდეს.


ბლუმბერგის მიხედვით, ფინანსური სერვისების სააგენტო (FSA) ამ წინადადებას ამ თვეშივე განიხილავს, თუმცა, ამ იდეების კანონში ჩაწერას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.


კანონის მიღების შემთხვევაში, კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის განვითარების ჰაბის სტატუსი იაპონიაში გამყარდება. მითუმეტეს, როცა ადგილობრივი კონკურენტები - სამხრეთ კორეა და ჩინეთი - დღემდე არ ცვლიან თავიანთ პოზიციას ICO-ების მიმართ.


მოხსენების გამოცემის თარიღი საგულისხმოა, რადგან ის დაემთხვა FSA-ს მიერ ბიზნესის გაუმჯობესების ბრძანების გამოქვეყნებას. ეს ბრძანება ეხება სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმებს, რომელთა დიდმა ნაწილმა უკვე განაცხადა, რომ წესების ფარგლებში ვერ იმოქმედებენ და დახურვა ურჩევნიათ.


წყარო: ccn.com

bottom of page