რატომ ფიქრობს ირანის მთავრობა ტელეგრამის აკრძალვაზე?
საკომუნიკაციო აპლიკაციის პროვაიდერმა ტელეგრამმა უკვე მეორე ICO წამოიწყო, რითიც ირანის მთავრობა საკმაოდ უკმაყოფილოა.
აპლიკაციამ, რომელიც საკმაოდ პოპულარულია ამ ავტორიტარულ ქვეყანაში, აქამდეც გამოიწვია ხელისუფლების უკმაყოფილება, რადგან სწორედ მან ითამაშა დიდი როლი მოსახლეობის მიერ რამდენიმე საპროტესტო აქციის დაგეგმვაში.
როგორც ჩანს, ტელეგრამის ICO, რომლითაც კომპანიამ $1.7 მილიარდი იშოვა, რათა ბლოკჩეინის ეკოსისტემა განევითარებინა, ბოლო წვეთი იყო.
ამერიკაში დაფუძნებულმა საინფორმაციო საშუალება Al-Monitor-მა განაცხადა, რომ ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა საჯაროდ მოითხოვა ტელეგრამის აკრძალვა ქვეყანაში, რითიც რამდენიმე კვირის მანძლიზე გაჟღერებული ჭორები დაადასტურა.
კიბერსივრცის საბჭოს თავმჯდომარემ, ჰასან ფირუზაბადიმ, კომპანიას „კერძო სექტორის მტერი“ უწოდა და განაცხადა, რომ კომპანიის ახალი კრიპტოვალუტა ადგილობრივ ეკონომიკას დააზარალებს.
„ტელეგრამი #1 საკომუნიკაციო საშუალება მხოლოდ ირანშია. ახლა კი ისინი ამბობენ, რომ ის ეკონომიკური პლატფორმის როლს შეასრულებს, რაც ირანის ეროვნულ ვალუტას მოარყევს,“ - განაცხადა ფირუზაბადიმ.
„ტელეგრამის ვალუტას ჩვენს ქვეყანაში ვერ დავუშვებთ,“ - განაგრძო მან და აღნიშნა, რომ ამ კრიპტოვალუტის არსებობამ შესაძლოა ქვეყანა $50 მილიარდით დააზარალოს.
თუმცა, ამ მოსაზრებას არც თუ ისე ბევრი ირანელი პოლიტიკოსი ეთანხმება. პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ამ აკრძალვის წინააღმდეგ გამოვიდა ქვეყნის სხვა მოწინავე პოლიტიკოსებთან შეხვედრაზე:
„არავინაა წინააღმდეგი, რომ დაანგრიოს მონოპოლია ირანში, თუმცა ტელეგრამის აკრძალვა არ შეუწყობს ხელს ადგილობრივი საკომუნიკაციო აპლიკაციების შექმნას.“
უნდა აღინიშნოს, რომ ირანი გარკვეულ კვლევებს ატარებს ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე და ფიქრობს საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნაზე. ეს, მათი აზრით, დაეხმარება ირანს საერთაშორისო ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდებაში. მანამდე, ირანმა გამოაცხადა, რომ იგი ღიაა ბიტკოინისა და სხვა დეცენტრალიზირებული კრიპტოვალუტის მიმართ, თუმცა მთავრობამ უკანვე წაიღო თავისი სიტყვები.
წყარო: ccn.com