top of page

რა არის Tether?


Tether არის კრიპტოვალუტა, რომლის შემქმნელებიც ირწმუნებიან, რომ ის მიბმულია აშშ დოლარზე, რითაც ხაზს უსვამენ სხვა კრიპტოვალუტებთან შედარებით მის სტაბილურობას. ეს გამოიხატება იმაში, რომ Tether-ის ფასი არ ხასიათდება ძლიერი მერყეობით.


ის შეიქმნა 2015 წელს და, როდესაც 1 Tether 1$ ღირდა. ამ დროისთვის, ბრუნვაში თითქმის 2,2 მილიარდი Tether-ია.


ვინ შექმნა Tether-ი?


ვირტუალური მონეტა, Tether, გამოუშვა კომპანიამ, სახელად Tether Limited. ის იმართება ბრიტანეთის ვირჯინ აილენდის კანონმდებლობის მიხედვით. მისი მართვა ასევე დაკავშირებულია ჰონგ-კონგთან.


გასულ თვეში არსებობდა მოსაზრება, რომ ჟან ლუდოვიკუს ვან დერ ველდი, რომელიც არის Bitfinex-ის აღმასრულებელი დირექტორი, გარეული იყო როგორც ბიტკოინის, ასევე Tether-ის ფასის მანიპულაციებში.


რა არის Tether-ის მიზანი?


ბევრი ადამიანი, რომელიც ვაჭრობს კრიპტოვალუტებით, უპირატესობას ანიჭებს Tether-ს, როცა სურს ბიტკოინის ან სხვა ვალუტების ყიდვა.


Tether-ის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ მათ კრიპტოვალუტა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის პროცესს უფრო სწრაფს და მოსახერხებელს გახდის მომხმარებლებისთვის. ასევე, გაცვლის პროცესებისას, მომხმარებლებს ხშირი შეხება უწევთ ცენტრალიზებულ ბანკებთან, Tether-ის გამოყენებისას კი ისინი ამ არასასურველ ნაბიჯს გვერდს აუვლიან.


„ბირჟების მომხმარებლებმა იციან, როგორი სარისკო შეიძლება იყოს გაცვლით ბირჟებზე ვალუტის ფლობა. Tether-ი მომხმარებლებს სთავაზობს ნაკლებ რისკიან პერსპექტივას და უფრო მშვიდ სავაჭრო გარემოს, ვიდრე არამყარი ვალუტის შემთხვევაში“.


რა იწვევს მომხმარებლებში ეჭვს?


პირველ რიგში, ხშირად წამოჭრილა მოსაზრება, რომ Tether-ს Bitfinex-ის მფლობელები იყენებენ პირადი მიზნებისთვის და, ბევრის აზრით, არ უნდა არსებობდეს მსგავსი ახლო კავშირი კრიპტოვალუტასა და წამყვან ონლაინ ბირჟას შორის.


მეორე, უფრო საშიში აზრი, რომელიც ბოლო პერიოდში მუსირებს, არის, რომ Tether Limited არ ფლობს საკმარისი რაოდენობის აშშ დოლარს, რომ გაანაღდოს კალკულაციაში არსებული ყველა Tether მონეტა.


თავად Tether უშვებს ბევრ მონეტას ბაზარზე, კონკრეტულად კი, რაოდენობა ძალიან გაიზარდა იანვრის თვეში, როცა Tether-მა გამოუშვა 850 მილიონი ახალი ციფრული მონეტა. კომპანიამ გაზარდა ბრუნვაში არსებული ქოინების რაოდენობა ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, რაც საეჭვოდ ემთხვეოდა სხვა ვალუტების ფასებში მაქსიმალური ნიშნულის დაფიქსირებას. ეს კიდევ უფრო ზრდიდა ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა ფასის მანიპულაციას.


ბევრი ეკონომისტის აზრით, ბოლო თვეებში, როცა ბრუნვაში ეშვებოდა დიდი რაოდენობის Tether-ი, Bitfinex-სთან დაახლოებული პირები ყიდულობდნენ დიდი რაოდენობით ბიტკოინს, რითიც ინარჩუნებდნენ არაბუნებრივად მაღალ ფასს.


ამ ჭორებს კიდევ უფრო რეალისტურს ხდის 2018 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატისტიკა, რომელიც აჩვენებს, რომ ახალი Tether მონეტები იქმნებოდა მაშინ, როცა ბიტკოინის ფასი ვარდებოდა.


როგორ იცვლებოდა Tether-ის ფასი?


შექმნის დღიდან Tether-ი სტაბილურად ინარჩუნებდა ფასს 1 აშშ დოლარზე. მინიმალური ფასი გასული წლის აპრილში დაფიქსირდა, როცა Tether 0,91 აშშ დოლარი ღირდა. მაქსიმუმმა კი შექმნის შემდეგ 2017 წლის მაისში მიაღწია, როცა 1 Tether 1,21 აშშ დოლარი ღირდა.


რა პრობლემები შეიძლება შექმნას Tether-მა?


არსებობს ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება Tether-მა გამოიწვიოს. თუ თავად Tether-ის ფასი დაიწყებს მერყეობას და მისი შემქმნელი კომპანია ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას მიწოდებით, ამან შეიძლება უარყოფით ეფექტი გამოიწვიოს ბევრ სხვა კრიპტოვალუტაზე, რომლის ვაჭრობაშიც Tether-ი დიდ როლს თამაშობს. თუ Tether Limited-ს არ აღმოაჩნდება საკმარისი დოლარი, მაშინ Tether-ის ფასი განისაზღვრება თავისუფალი ბაზრის პრინციპებით და რთული განსასაზღვრია, რა ნიშნულზე დაფიქსირდება ახალი ფასი და რამდენად სტაბილური იქნება ის.


bottom of page