top of page

Tether-ი გააქტიურდა


Tether-მა, ყველასთვის მოულოდნელად, ახალი მონეტების გამოშვება დაიწყო, გამოსცა რა 300 მილიონი დოლარის ღირებულების USDT.


დაახლოებით 2 თვეა გასული მას შემდეგ, რაც კომპანიამ შეწყვიტა მონეტების გამოშვება. სავარაუდოდ, ეს უკავშირდება ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიის (CFTC) მიერ სასამართლოში ჩივილს, რასაც მოჰყვა Tether-ის გამოძიება. სავარაუდოდ, ეს დაიწყო 23 იანვარს, რადგან, მას შემდეგ, ტეთერი მონეტებს აღარ უშვებდა.


მიუხედავად იმისა, რომ მონეტების გამოშვება შეწყვიტეს, ერთდღიანი გამოცოცხლება მაინც იყო. 31 იანვარს 30 მილიონი დოლარის მონეტები გამოუშვა ტეთერმა, მაგრამ მეორე დღესვე გააუქმა. 12 მარტს კი მათ 5 მილიონი დოლარის მონეტები გაყინეს.


ახლადგამოშვებული 300 მილიონი დოლარის მონეტები ჯერ არ გაუუქმებიათ, ასე რომ, შესაძლოა, საქმიანობა თავიდან დაიწყო.


ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იარსებებს ცენტრალიზებული მონეტა, რომელიც დოლარსაა მიბმული. მიბმის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული იმ მომხმარებელზე, რომელიც ნაღდ ფულს აბანდებს Tether Limited-ში.


ტეთერი და Bitfinex-ი მოექცნენ საბანკო ბლოკადის ქვეშ შარშან. შესაბამისად, გაურკვეველია, თუ რა საშუალებებით პოულობენ სახსრებს ვალუტის გასამყარებლად. Bitfinex-მა განაცხადა, რომ მან შეინარჩუნა ანგარიში პოლონურ ბანკში. ტეთერს რაც შეეხება, მათ განაცხადეს: „ყოველი ერთეული ტეთერი, რომელიც მიმოქცევაში იქნება, გამყარებული იქნება 1:1 შეფარდებით იმ ნაღდი ფულით, რომელიც Tether Limited-ის საბანკო ანგარიშზეა, ჰონგ კონგში. როგორც ამ თანხის მფლობელები, ჩვენ პასუხისმგებელი პირები ვართ ჩაბარებულ აქტივებზე. რისკი მცირდება მარტივი პროცედურით, რომელიც ამცირებს იმ სირთულეებს, რომელიც ნაღდი და კრიპტო ვალუტების ცალ-ცალკე აუდიტს სჭირდება. პარალელურად, იზრდება ამ აუდიტების უსაფრთხოება და გამჭირვალობა“.


აღსანიშნავია, რომ ნაღდი ფულის აუდიტი რამდენიმე თვეა არ გამოუქვეყნებიათ.


ტეთერის გამოშვების პროცედურა საკმაოდ მარტივია. თქვენ, დავუშვათ, გააკეთეთ 100 დოლარის დეპოზიტი ბანკში. თქვენ სანაცვლოდ მიიღებთ 100 მონეტას - USDT-ს.


ზუსტად როგორ ხდება 100 დოლარის ბანკის ანგარიშზე გადაგზავნა, არ არის ცნობილი. რომელი ბანკის ანგარიშს იყენებენ მომხმარებლები, რა ხერხებით ხდება მომხმარებლების ვერიფიკაცია ან როგორ იგებენ მათ კრიპტოსაფულის ნომრებს, ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა.


ამ პროცედურას არავინ ხსნის, თუმცა, როგორღაც მოხდა ისე, რომ 2.5 მილიარდი დოლარის დეპოზიტები დაიდო ტეთერის ანგარიშზე ბოლო 8 თვის განმავლობაში.


პრობლემა ისაა, რომ ვერავინ ადასტურებს, ასეთი მოცულობის თანხები მართლა დაიდო ანგარიშზე, თუ არა. Bitfinex-ი თვითონ, რაღაც პერიოდის განმავლობაში, არ იღებდა ნაღდ ფულს. გარკვეული ცნობებით, ფულის გამოტანასთან დაკავშირებით, დღესაც არსებობს პრობლემები.


გარდა ამ ყველაფრისა, არსებობს რეგულაციების ბაზა. ზემოთ აღწერილი პროცედურა თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ფულის გადაგზავნად. შესაბამისად, მას დასჭირდება ლიცენზია.


Tether Limited-ს რაც შეეხება, როგორც ასეთი ფულის მფლობელი კომპანია, მას აუცილებლად მოუწევს გარკვეულ რეგულაციებს დაქვემდებარება, რათა შეამციროს ისეთი რისკები, რაც ფულის მართვასთანაა დაკავშირებული.


კომპანიამ განაცხადა: „ის, რომ მონეტების შესაბამისი რაოდენობის ნაღდი ფული გვაქვს, დასტურდება საბანკო ანგარიშის მონაცემების გამოქვეყნებითა და მრავალრიცხოვანი აუდიტებით, რომელთაც პროფესიონალები ატარებენ“.


არანაირი ასეთი საბუთი არ გამოჩენილა 2.5 მილიარდი დოლარის შესახებ. ასეთმა თანხამ შეიძლება მთელი კრიპტო ეკოსისტემის სისტემური პრობლემები გამოიწვიოს.


წყარო: trustnodes.com

bottom of page