top of page

როგორ შეგიძლიათ steemit-ით ფულის შოვნა


Steemit-ი არის BitShare-ის დამფუძნებლის, დენიელ ლარიმერისა და ფინანსური ანალიტიკოსის, ნედ სკოტის, იდეებზე შექმნილი და ბლოკჩეინ სისტემაზე დაფუძნებული სოციალური ქსელი, რომელიც რედიტს ჰგავს.


ყველამ, ვინც იყენებს რედიტს, იცის, რომ ნებისმიერი რამის პოპულარობას განსაზღვრავს სხვა მომხმარებლების შეფასება (მოწონება ან არმოწონება). პოსტის მოწონება იწვევს მის გავრცელებას და აუდიტორიის გაფართოებას.


ამის მსგავსად, Steemit-ის მომხმარებლებიც ცოცხლობენ სხვების მიერ მოწონებული პოსტებით. გარდა პოპულარობისა, პოსტებზე „ლაიქების“ რაოდენობას ფინანსური სარგებლის მოტანაც შეუძლია. Steemit-ი აჯილდოვებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც პოსტებს დებენ, აკომენტარებენ, ან ალაიქებენ სხვების დაწერილ პოსტებს. ჯილდო გამოისახება პლატფორმის კრიპტოვალუტაში - STEEM-ში.


მათივე სიტყვებით რომ აღვწეროთ: „Steemit-მა შეცვალა სოციალური მედია, შექმნა რა ცოცხალი და მზარდი სოციალური ეკონომიკა - საზოგადოება, რომლის წევრებიც ჯილდოვდებიან საკუთარი აზრის გავრცელების გამო. ეს არის ერთგვარი ყურადღების ეკონომიკა“.


Steemit-ი არსებობს 2016 წლის ივლისიდან. მას საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს და, დღესდღეობით, არის 27-ე ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა Market cap-ის მიხედვით.


ჯერჯერობით არ არსებობს რამე კონკრეტული დასკვნა ამ პლატფორმის შესახებ. ამ სტატიაში შევაფასებთ იმას, თუ როგორ მუშაობს საიტი და შეიძლება თუ არა ფულის შოვნა Steemit-ის საშუალებით.


როგორ მუშაობს Steemit-ი


Steemit Inc. არის ნიუ-იორკში არსებული კერძო კომპანია. ამ ბლოკჩეინ პლატფორმის უკან დგას კერძო კომპანია და არა შემთხვევითი დეველოპერები, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. სხვა ბლოკჩეინ სისტემებისგან განსხვავებით, Steemit-ი საკმაოდ მარტივია.


იხილეთ ვიდეო:



Steemit.com არის ერთადერთი პლატფორმა ბლოგებისა და სოციალური სივრცისთვის, რომელიც დაფუძებულია Steem-ის ბლოკჩეინზე. არსებობს სხვა პლატფორმებიც, რომლებიც მსგავს ეკონომიკურ მექანიზმებს იყენებს. მაგალითია D.tube, დეცენტრალიზებული ვიდეო პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია InterPlanetary File System protocol-ზე. D.tube არის იგივე Youtube-ი, მხოლოდ რეკლამების გარეშე. ის იყენებს ჩაშენებულ Steem-ის ვალუტას და უხდის ფულს მათ, ვინც რამე პროდუქტს ქმნის. D.sound არის იგივე მაგალითი, ოღონდ აუდიო სტრიმინგის შემთხვევაში.


მთლიანი Steem სისტემა არის აშენებული უსაფრთხო ბლოკჩეინ პროგრამაზე, რომელიც მუშაობს კომპიუტერში არსებულ ქსელზე. პლატფორმის ამოსავალი წერტილი არის ვალუტა STEEM-ი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას გადაცვლისთვის, რამის საყიდლად, გასანაღდებლად და ა.შ. (ჰგავს ბიტკოინს). არსებობს ვალუტის სამი ვარიანტი:

  1. Steem (STEEM) - ეს არის აღნიშნული ბლოკჩეინის ფუნდამენტური ერთეული. ყველა სხვა მონეტა დაფუძნებულია Steem-ზე. Steem-ი ლიკვიდურია და შეიძლება მისი გაყიდვა, გადაცვლა ან სხვა ნებისმიერი ფორმით გამოყენება, რასაც მომხმარებელი ჩათვლის საჭიროდ. Steem-ი შეიძლება გადახურდავდეს Steem Power-სა და Steem Dollar-შიც. პირველად გადახურდავების შემთხვევას ეწოდება „Powering up”. დღეს ამ ვალუტის ინფლაციის დონე 9%-ია და ეს მაჩვენებელი ყოველ წელს 0.5-ით დაიკლებს მანამ, სანამ არ მიაღწევს 0.95%-ის ნიშნულს.

  2. Steem Power (SP) - ეს არის ვალუტა, რომლის მფლობელებიც, ძირითადად, დაინტერესებულები არიან გრძელვადიანი პროექტებით. ეს ვალუტა ქმნის win-win სიტუაციას მომხმარებლებისთვისაც და მთელი ეკოსისტემისთვისაც. SP არაა ლიკვიდური, ის უფრო ქსელური აქტივია. როდესაც SP გადახურდავდება STEEM-ში, ამ პროცესს ეწოდება “powering down”.

  3. Steem Dollars (SD) - ეს არის ერთგვარი სესხის მსგავსი ინსტრუმენტი, რომელიც მიბმულია ამერიკულ დოლარს და რომელიც ატარებს ვალდებულებას, რომ იქნას გადაცვლილი 1 დოლარის ღირებულების Steem-ებში ნებისმისმიერ მომენტში. SD-ის გადახურდავება Steem-ში შესაძლებელია. გარდა ამისა, ამ ვალუტის გამოყენება შესაძლებელია კომერციასა და ვალუტებით ვაჭრობაში.

Steem-ის ბლოკჩეინი ქმნის ახალ-ახალ Steem-ის მონეტებს, რითიც ივსება მომხმარებლების დასაჯილდოვებელი „ფონდი“. Steem-ი ერგებათ იმ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიტანეს წვლილი საიტზე და ვალუტის რაოდენობა განისაზღვრება მომხმარებლების მიერ შექმნილ პოსტებზე მოწონებების რაოდენობით. შექმენი ღირებული პროდუქტი და გამოიმუშავებ ფულს.


ყოველ ახალ ბლოკთან ერთად, Steem-ის ახალი მოცულობის 15% გადაეცემა მათ, ვისაც აქვს Steem Power მონეტები, 75% გადაეცემა კონტენტის შემქმნელებს, ხოლო 10% - მაინერებს.


როდესაც მომხმარებელი წერს რამე პოსტს და გამოიმუშავებს ფულს, ფულის 50% მას გადაეცემა SD-ის სახით, ხოლო მეორე ნახევარი - SP-ის სახით. SD-ის განაღდება ნებისმიერ მომენტშია შესაძლებელი, ხოლო SP გარკვეული პერიოდი უნდა დარჩეს საიტზე.


STEEM-ის მაინინგი ხდება, მაგრამ ეს არ არის ამ ვალუტის მოპოვების მთავარი გზა.


Steemit-ზე კონტენტის შექმნა და სხვა პოსტების ნახვა არის Steem-ის გამომუშავების მთავარი გზა. ცხადია, Steem-ის ყიდვაც შესაძლებელია და სარგებლის გამომუშავებაც (საკმაოდ დაბალი სარგებელია) SP-ის ფლობის შემთხვევაში.


Steemit-ის პლატფორმა ძალიან სწრაფად იზრდება. ქვემოთ მოცემულია დიაგრამა, თუ როგორ იზრდებოდა ტრაფიკი საიტზე შარშან.




მართლა შესაძლებელია Steemit-ზე ფულის შოვნა?


ახლა, როცა გავარკვიეთ Steemit-ის ძირითადი ფუნქციები, ჩნდება კითხვა: მუშაობს კი ფულის შოვნის ასეთი სისტემა? მოკლე პასუხია, „კი“, თუმცა მოდი, ამით არ შემოვიფარგლოთ.


სანამ Steemit-ის დადებით მხარეებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით. ერთი სტატიის მიხედვით, მონეტების დისტრიბუციის პროცესი სპეკულირებულია და Steem-ი არ არის სრულად დეცენტრალიზებული სისტემა. მართალია თუ არა ეს, კამათის საკითხია.


წაიკითხეთ სტატია და გააკეთეთ თქვენი დასკვნები


მიუხედავად გარკვეული კითხვის ნიშნებისა, Steemit-ი არანაირად არ არის ერთჯერადი პროცესი, რომლის შექმნიდან გაქრობამდე ერთი დღეა საჭირო. ის მუშაობს და ხალხი ამით ფულს შოულობს. კითხვა მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად კარგად მუშაობს Steemit-ი.


არიან თუ არა მომხმარებლები კმაყოფილნი?


როგორც ჩანს, პასუხი ამ კითხვაზე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის ჰკითხავ.


ერთმა ავტორმა თქვა, რომ მან იშოვა, დაახლოებით, 2,300 დოლარის ექვივალენტი 4 თვეში: „არსებობს ისეთი ონლაინ საზოგადოება სადაც ფულის შოვნა შეიძლება და მერე ამ ფულით ცხოვრება? კი... პასუხია კი. პროცესი არაა მყისიერი და რაღაც ეტაპები გასავლელია, მაგრამ ეს რეალურია.“


სხვამ თქვა: „ნამდვილად ძალიან ბევრი ფულის შოვნა შეიძლება Steemit-ზე, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ ბევრი შრომაა საჭირო, რათა რამე წარმატებას მიაღწიოთ“


არსებობენ საკმაოდ სკეპტიკური მომხმარებლებიც: „230 სტატიიდან მხოლოდ 5-ს ჰქონდა რამე ღირებული შემოსავალი. თუმცა, მათმა ჯამმა ნამდვილად ვერ აანაზღაურა ის შრომა, რომელიც ჩავდე 230 სტატიის დაწერაში. ისინი ისევე მალე ქრებიან, როგორც ტვიტები. Steemit-ის ავტორებს შევაფასებდი D-ზე. გაცილებით მეტი რამის შექმნა შეიძლება გაცილებით ნაკლებ დროში. სხვა პლატფორმები გაცილებით დახვეწილია საკუთარი მონეტიზაციით, უკეთესი იარაღებით, მეტი რესურსებით და ა.შ.“


მაშინ, როდესაც ორი ჩამოყალიბებული მხარე არსებობს, როგორი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ? თქვენ თავად შეგიძლიათ გამოსცადოთ ის ფუნდამენტები, რომლებიც მოქმედებს ამ სისტემაში.


Steemit-ზე მოღვაწეობის დაწყება დიდი გამოწვევაა. იმისათვის, რომ ღირებული კონტენტი შექმნათ, საჭიროა საკმაოდ დიდი შრომა.


რედიტის მომხმარებლის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: „ჩემი აზრით, Steemit-მა უნდა დახვეწოს პოსტებთან წვდომის სისტემა. თქვენ შეიძლება იდეალური ბლოგი დაწეროთ, მაგრამ ის შეიძლება ჩაიკარგოს ნაგავში, თუ მალევე არ მოიპოვა საკმარისი რაოდენობის მოწონებები“.


თუ თქვენ ხართ ახალი მოთამაშე და გსურთ SP-ში ინვესტირება, თქვენ გაქვთ ბერკეტი, რათა თქვენმა კონტენტმა ბევრი ფული მოიტანოს. Steemit-ის გვერდზე ქვემოთ თუ ჩამოსქროლავთ, ნახავთ პოსტებს, რომელთაც 200-500 დოლარი იშოვეს საშუალოდ.


არსებობს ვირუსული კონტენტიც, რომელმაც ერთჯერადად დიდი ფული შეიძლება მოიტანოს. ასეთი პოსტები გამონაკლისს წარმოადგენს.



ერთ პოსტში 2,739 დოლარის შოვნა ცუდი არაა. თუმცა, ეს საიტიც საკმაოდ ჰგავს სხვა სოციალურ ქსელებს, სადაც მხოლოდ მცირე რაოდენობის ხალხი აღწევს უმაღლეს დონეს, ხოლო დანარჩენები 50-60 subscriber-ის დონეზე რჩებიან.


თუ უკვე ბლოგერობდი და გაქვს პოსტები, რომელთაც გაუშვებდი Steemit-ზე, საიტის დატესტვა დიდი დანახარჯის გარეშე შეიძლება.


Steemit-ის გამოყენება


თუ დაინტერესდი და გინდა Steemit-ის გამოცდა, არსებობს ბევრი რჩევა, თუ როგორ უნდა დაიწყო. ეს დაახლოებით ისეთივე მარტივია, როგორც Tumblr-ის პროფილის მართვა.


Steemit-ის მოხმარება საკმაოდ მარტივია და ვისაც რედიტი, მედიუმი ან ქუორა ჰქონია, არ გაუჭირდება მისი გამოყენება. ერთი განსხვავება Steemit-ის გამოყენებისას ისაა, რომ, როდესაც მეილითა და ტელეფონის ნომრით რეგისტრირდები, ხვდები მოლოდინის სიაში. ადმინისტრატორმა უნდა დაადასტუროს შენი პროფილი. ამ პროცესს რამდენიმე საათი ან დღე შეიძლება დასჭირდეს.


არ დაგავიწყდეთ, რომ Steemit-ი არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული, შესაბამისად, მეტი სიფრთხილე გმართებთ თქვენს პაროლებთან. გაითვალისწინეთ, რომ რასაც დაპოსტავთ, ყველაფერი, განუსაზღვრელი ვადით, შეინახება ბლოკჩეინში.


ამ პრაქტიკული დეტალების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც გასათვალისწინებელია.

  • Steemit-ი არის მცირე ჯგუფებისა და სუბკულტურების გაერთიანება. რედიტის მსგავსად, აქაც ძალიან ბევრი ტაგი და თემაა, რომლებიც ინდივიდუალურ წყაროებამდე მიდის. იმისათვის, რომ მიიღოთ საკმარისი მოწონება, უნდა გაიცნოთ ეს სუბკულტურები და ის, რაც მათ აინტერესებთ.

  • კარგი ტაქტიკაა, თუ შეისწავლით ძველ პოსტებს, რომელთაც პოპულარობა მოიპოვეს. მინი-ჯგუფებისა და წარსული პოსტების გაცნობით, თქვენ გაცილებით გაგიადვილდებათ იმ პუბლიკაზე გასვლა, რომელსაც თქვენი პოსტები დააინტერესებს.

  • ორი ტიპის პოსტები, რომლებიც კარგად „მუშაობენ“ არიან: ძალიან მცირე კომენტარები მიმდინარე მოვლენებზე და გრძელი, სიღრმისეული ანალიზი რამე სერიოზულ თემაზე. სანამ დაიწყებთ, ალბათ, უმჯობესი იქნება იპოვოთ თქვენი ნიშა და აირჩიოთ, რომელ მიმართულებას გაყვებით.

არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ერთ თემაზე წეროთ. შეგიძლიათ დაწეროთ სხვადასხვა პოსტები და ყველას თავისი ტაგი მიაბათ, რათა ის ადვილად მივიდეს დაინტერესებულ პირებამდე. თუ თქვენი პოსტები და კომენტარები არის სახალისო, ინფორმატიული, ან უბრალოდ ყურადღებას იქცევს, შედეგებს მალევე იგრძნობთ, ამას მხოლოდ დრო დასჭირდება.


Steem-ში ინვესტირება


Steem-ის პირველი გაშვების შემდეგ, ხალხმა უცებ აიტაცა იდეა. Steem-ის მონეტის ფასი უცებ ავარდა და, 2016 წლის ივლისის შუაში, მიაღწია საბაზრო კაპიტალიზაციას - 400 მილიონ დოლარს.


თუმცა, ამ აფეთქებას მოყვა სისტემის ხარვეზები. მაგალითად, რამდენიმე დიდ ინვესტორს ისეთი რაოდენობის SP ჰქონდა, რომ თითქმის ულიმიტო კონტროლი ჰქონდა იმაზე, თუ ვინ მიიღებდა „გასამრჯელოს“ დაწერილი პოსტისთვის (რომელთა უმრავლესობა თვითონ ეკუთვნოდათ).


ასეთმა ვითარებამ გამოიწვია ფასის ვარდნა. ეს ტრენდი არ შეცვლილა 2017 წლის შუამდე, როდესაც Steem-მა დაიჭირა სხვა კრიპტოვალუტების მიერ გამოწვეული იმპულსი და თავისი უდაბლესი ფასიდან (0.07 დოლარი) ავიდა დღევანდელ ფასამდე. Steem-ი წერის მომენტში ღირს 2.01 დოლარი და ის, თუ როგორი საინვესტიციო პოტენციალი აქვს მას, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს შეხედულებებზე.


თუ დაუჯერებთ სკეპტიკოსებისა და კრიტიკოსების შეხედულებებს, Steem-ში დიდ მომავალს ვერ დაინახავთ. ვერ დაინახავთ Steem-ის ფასის ზრდის პერსპექტივას და გულგრილად ჩაუვლით ამ მონეტას.

თუ Steem-ს უყურებთ, როგორც მომავლის სოციალურ ქსელს, მაშინ „აქციის“ ყიდვა, რომლის ფასი 2.01 დოლარია, იდეალური ინვესტიციაა.


გაითვალისწინეთ შემდეგიც:

  • Steem-ის ბლოკჩეინი შედარებით კარგად ფუნქციონირებს - მას აქვს 3 წამიანი ბლოკტაიმები და არანაირი საკომისიო.

  • ყველა, ვისაც წვლილი შეაქვს ბლოკჩეინში, იღებს თანხას (ეს თანხა მხოლოდ 0.01 დოლარია, თუმცა, ეს მეტია, ვიდრე ნებისმიერ სხვა პლატფორმაზე)

  • Steemit-ს ჰყავს ძლიერი პლატფორმა, რომელიც მუდმივად ზრდადია. არის იმედი, რომ ცნობადი პირები უფრო ხშირად დარეგისტრირდებიან Steem-ზე და ამით მოიყვანენ თავიანთ subscriber-ებს და თაყვანისმცემლებსაც.

  • რეგისტრაცია უფასოა. არანაირი რეკლამები საიტზე არაა. ეს არის მშვენიერი ალტერნატივა სოციალური მედიის გიგანტების, ფეისბუქისა და ტვიტერის, საწინააღმდეგოდ.

  • Steemit-ი ინოვაციური საიტია და არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული სოციალური მედიის პლატფორმა.[G1]

ნამდვილად არაა საჭირო დიდი ძებნა, თუ ვინ გადმოდის Steemit-ზე, მას შემდეგ, რაც სხვა პლატფორმებზე უარყოფით ნიშნებს პოულობენ.


ყველაფერი ზემოჩამოთვლილი არის პოზიტიური ნიშანი და შეგვიძლია დავასკვნათ, რომ Steem-ში ინვესტირება კარგი იდეაა. გავიმეორებთ, რომ ნებისმიერი ინვესტიციის განხორციელების დროს, უნდა გქონდეთ რისკის მართვის სტრატეგია. როგორც ყოველთვის, მოგიწოდებთ, გამოიკვლიოთ სივრცე თქვენით.


Steem-ით ვაჭრობა შეგიძლიათ ბევრ საიტზე, მაგალითად: Binance, Bittrex, და Poloniex.

დასკვნები


Steem-ი და მისი ყველაზე ცნობილი პლატფორმა, Steemit.com, წარმოადგენს საკმაოდ პრაქტიკულ სივრცეს, რომელიც აგრძელებს ზრდას. Steemit-ის მიერ ბლოკჩეინის გამოყენება არის ძალიან სასარგებლო, ვინაიდან, მსოფლიოს დიდხანს სჭირდებოდა რედიტის/მედიუმის დეცენტრალიზებული ვერსია, სადაც ბლოგერები ფულს იღებენ თავიანთი შემოქმედების მიხედვით.


ნებისმიერს, ვისაც აქვს ცოდნა ან სურვილი, რომ წეროს ბლოგები, შეუძლია შეუერთდეს ასეულობით ათას Steemit-ელს. ვინც ახლა იწყებს, უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ მოუწევს მძიმე გზის გავლა საწყისი წერტილიდან მაღალი შემოსავლის წერტილამდე. საერთო აზრი ასეთია: Steemit-მა უნდა გამართოს სისტემა ისე, რომ ხალხი, ვინც რეალურად სასარგებლო და კარგ პოსტებს წერს, უყურადღებოდ არ გაქრეს. კარგი ინფორმაცია ისაა, რომ Steemit-ის გუნდი იღებს შენიშვნებს და ახალ-ახალ იდეებს გვთავაზობს.


მართალია, Steemit-ის გადახდის სისტემა კარგია, მაგრამ ის არაა უნაკლო. გადახდები დამოკიდებულია ძლიერად მერყევ კრიპტობაზარზე და ახალი მომხმარებლები ხშირად იბნევიან, თუ როდის და რამდენ თანხას მიიღებენ სხვადასხვა ქმედების განხორციელების შემდეგ. Steemit-ს ჰყავს კონკურენტები: E-chat, Akasha, Golos და ა.შ. Steem აღარაა უცხო ხილი, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სივრცე აქვს, რათა გაიზარდოს.

ყველაფრის გათვალისწინებით, ეს კონცეპტი ნამდვილად საჭიროა


დეცენტრალიზებული სოციალური ქსელი, როგორიც Steemit-ია, შეიძლება არ იყოს ისეთი პოპულარული, როგორც მისი ტრადიციული კონკურენტები, მაგრამ ასეთი პროექტები ცხადყოფს ბლოკჩეინის სასარგებლო მხარეებს. ეს არის უსაფრთხო, მდგრადი და პროგრესული. ეს სივრცე არ ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და, თუ საკმარისად განვითარდა, განვითარდება პროდუქტის ხარისხიც. თუ Steemit-ი გააუმჯობესებს საკუთარ ფუნქციებს და „ჯანმრთელად“ განვითარდება, მის პოტენციალს საზღვრები არ უჩანს.


წყარო: investinblockchain.com

bottom of page