top of page

"ჩემი ორი ცენტი ყველა დაპანიკებულ ინვესტორს"


გთავაზობთ Reddit-ის ერთ-ერთი მომხმარებლის, altcoindoctor-ის რჩევას კრიპტოვალუტებში ინვესტირების შესახებ.


კრიპტოვალუტებში დიდი ხანია ჩართული ვარ. ყველაფერი გამომიცდია, მკვეთრი ვარდნაც და მომგებიანი დღეებიც. მინდა, რაღაც ვურჩიო მათ, ვინც ფასის მცირე ვარდნაზეც კი პანიკაში ვარდება და ფული გამოაქვს თავისი ინვესტიციიდან.


პირველ რიგში, ინვესტირებას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ ფულის დასაკარგადაც მზად ხართ.


დავიწყოთ.


ბევრი ადამიანი (ექსპერტი) კრიპტოვალუტების ბუშტსა და dot.com-ის ბუშტს ერთმანეთს ადარებს და მეც ნაწილობრივ ვეთანხმები. მართლა არსებობს ბევრი უსარგებლო მონეტა, რომლებიც ადრე თუ გვიან ჩავარდება და ფული მართლაც ინოვაციურ პროექტებში ჩაიდება.


კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი იმდენად ინოვაციური სისტემებია, რომ შეიძლება ინტერნეტზე დიდი აღმოჩენაც იყოს. ეს ტექნოლოგია ძირეულად შეცვლის ჩვენს სამყაროს. როდესაც აქციები და ფასიანი ქაღალდები შემოდის ბაზარზე, ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ ისინი არაა სანდო. ასეა კრიპტოვალუტების შემთხვევაშიც. ეს ბუნებრივია და ადამიანის ხასიათშია, რომ არ ენდოს ისეთ რამეს, რისიც არ ესმის. როდესაც dot.com-ის ფინანსური ბუშტი გასკდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ იფიქრებდა, რომ ბუშტის ერთ-ერთი კომპანია წარმატებას მიაღწევდა, ხოლო მისი მფლობელი, ჯეფ ბეზოსი, დღეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ კრიპტოვალუტებზეც ასე ვიტყვით მალე.


თუმცა, უნდა ვიყოთ რეალისტები. კრიპტოვალუტების 99% არის მხოლოდ კეთილი მომავლის იმედი. ერთი გამონაკლისია რიპლი, რომლის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება, თუმცა ის არაა ბოლომდე კრიპტოვალუტა. ბიტკოინიც, ძირითადად, მხოლოდ იმისთვის გამოიყენება, რომ ახლო მომავალში უფრო მაღალ ფასად გაყიდო და ნაღდი ფული მიიღო. ეს ფასები წმინდა სპეკულაციაა და მეტი არაფერი. რეალურ გამოყენებაზე სანამ არ გადავალთ, მონეტის ფასს ვერ დავადგენთ.


რამდენიმე წელიღა რჩება, სანამ ბიტკოინის უშუალო გამოყენებაზე გადავალთ და დღევანდელი ფლუქტუაციები მომავალ სურათზე დიდად ვერ იმოქმედებს.


ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი მოთამაშეები, გვჭირდება რეგულაციები. გვჭირდება, ხალხი მიხვდეს, რომ ბიტკოინის გადახდისუნარიანობის მიღმა გაცილებით დიდი რამე იმალება.


მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ისტერია დაცხრეს და გაქრეს სტატიები სათაურებით: „ბიტკოინი რომ 2010-ში შეგეძინათ, დღეს მილიონერი იქნებოდით“. ამის გამო, ბევრი ადამიანი ჩაერთო სპეკულაციაში იმ იმედით, რომ 2 კვირაში გამდიდრდებოდნენ. თუ იმედი გაქვთ, რომ ბიტკოინით ისე გამდიდრდებით, რომ მუშაობა არ დაგჭირდებათ, გთხოვთ, გაყიდეთ ყველაფერი, რადგან ასე გამდიდრების შანსი 0.5%-ია.


ყურადღებით აარჩიეთ პროექტები, რომლებშიც ახორციელებთ ინვესტიციას. პანიკას არ აყვეთ, თუ მისი ფასი დაიკლებს და დიდად არ იზეიმოთ, თუ ფასი მაღლა წავა. სანამ ყოველდღიურ გამოყენებაში არ ვნახავთ კრიპტოვალუტებს, მანამდე არაფერზე მსჯელობა არ შეიძლება. როდესაც პროექტი ყოველდღიურ გამოყენებაში დაინერგება, მერე იამაყეთ იმით, რომ მისი ნაწილი ხართ. არ მოუსმინოთ არც უორენ ბაფეტს, არც Mcafee-ს. ბაფეტმა ადრე თქვა, რომ ამაზონი ბუშტი იყო, მაგრამ დღეს ყველა ვხედავთ, სადაა ეს კომპანია.


ეს არაა ფინანსური რჩევა, მხოლოდ მეგობრულად მოგიწოდებთ: მხედველობაში იქონიეთ დიდი სურათი და არ გაყიდოთ ვალუტა მცირე ვარდნის დროს!


წყარო: reddit.com

bottom of page