top of page

ბრაზილიის ოფიციალური პირები თაღლითობაში ამხილეს


Agencia Brasil-ის ცნობით, რიო დე ჟანეიროში ახლახანს გამოააშკარავეს ფულის გათეთრების სქემა, რომელშიც ციხის მაკონტროლებელი პირები იყვნენ ჩართულნი. ეს პირები არასწორად აღრიცხავდნენ ციხის საჭმელზე დახარჯულ ფულს, რამაც, საერთო ჯამში, 22.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ამ სქემის განხორციელების ზოგ ეტაპზე ბიტკოინი გამოიყენებოდა.


სქემის აღმოჩენის შემდეგ გაიცა ძიების ორდერი 28 სხვადასხვა ადგილზე. ამ დროისთვის, დაკავებულია 7 პირი. დაკავებულებს შორის არის ყოფილი სახელმწიფო მდივანი სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის საკითხებში, კორონელი სეზარ რუბენს მონტეირო. აგრეთვე, დელეგატი მარსელო მარტინსი, სპეციალიზირებული პოლიციის დეპარტამენტის უფროსი.


ლუიზ ენრიკე კაზემირომ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელმა, განაცხადა, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც, ასეთი ტიპის ოპერაციაში კრიპტოვალუტები გამოიყენეს. მან განაცხადა: „ეროვნული შემოსავლების სამსახურმა ამ საკითხზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, რადგან საქმეში ფიგურირებს ბიტკოინი. ეს სიახლეა. გამოჩნდა, რომ ხალხი ცდილობს დახვეწოს თაღლითობის გზები. ამ გზით კი ცენტრალური ბანკისა და შემოსავლების სამსახურის რადარებზე მოხვედრა შეუძლებელია“.


როგორც მინიმუმ, ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ოპერაცია დაგეგმილი იყო სერჟიო კაბრალის მიერ. სერჟიო კაბრალი არის რიო დე ჟანეიროს ყოფილი გუბერნატორი, რომელიც 14 წლიან სასჯელს იხდის კორუფციული სქემებისა და ფულის გათეთრების გამო.


ფულის გათეთრების სქემა.


როგორც ირკვევა, ფულის გათეთრების სქემა მოქმედებს 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციხეების საჭმლით მომარაგების სერვისი ჩააბარეს ინდუსპანს, კომპანიას, რომლის მმართველი იყო ფილიპე პაივა. კომპანიასთან კონტრაქტი გაწყდა 2010 წელს, როცა გაირკვა, რომ ინდუსპანი საბაზრო ფასზე ძვირად ყიდდა პროდუქტს, მაშინ, როდესაც დასაქმებულ პატიმრებს ძალიან ცოტა ფულს უხდიდა.

მას შემდეგ, რაც ინდუსპანს კონტრაქტი შეუწყდა, პაივამ დააარსა არამომგებიანი ორგანიზაცია - პრიმუს ინიციატივა. პრიმუსმა დაიწყო ციხეებისთვის საჭმლის მიწოდება იგივე ფასების დონეზე, როგორსაც ინდუსპანი იყენებდა.


სახელმწიფო, ანტიკორუფციული ქმედების ჯგუფის, პროკურორმა, სილვიო ფერეირა დე კარვალიო ნეტომ განაცხადა, რომ პურზე ფასი იწევდა კონტრაქტის ყოველი განახლების შემდეგ და 13 წელიწადში, დაახლოებით, 1000 პროცენტით გაიზარდა. გარდა ამისა, ყოველდღიურად მიწოდებული საკვების ჯამური რაოდენობა გაიზარდა 55600-დან 83600-მდე, მაშინ, როდესაც პატიმართა რაოდენობა, დაახლოებით, იგივე დარჩა.


კარვალიო ნეტოს მიხედვით, ამ სქემით პრიმუსმა, დაახლოებით 22.4 მილიონი დოლარი იშოვა 2010-დან 2015-მდე. მინიმუმ 13.7 მილიონი დოლარი გაათეთრეს ყალბი ტურიზმისა და გაცვლითი კომპანიების საშუალებით.


წყარო: ccn.com

bottom of page