top of page

რა არის ნანო?


2018 წლამდე ნანო კრიპტოსამყაროსთვის Raiblocks-ის სახელით იყო ცნობილი, რებრენდინგის შემდეგ კი მას Nano (NANO) ეწოდა. იგი ე.წ. ბადური ბლოკის (block-lattice) სტრუქტურას იყენებს, რაც გულისხმობს, რომ თითოეულ ანგარიშს აქვს თავისი პირადი ბლოკჩეინი. ნანოს მომხმარებლები სარგებლობენ გადარიცხვების ულიმიტო მასშტაბით და არ იხდიან ტრანზაქციის გადასახადს. ტრანზაქციული ხარჯების არარსებობა, ძირითადად, გამოწვეულია იმით, რომ ნანოს ქსელი არ მოითხოვს დიდი რაოდენობით რესურსს, მათ შორის, არ საჭიროებს მძლავრ მაინერებს. კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვებსაიტს თუ დავუჯერებთ, ამ დროისთვის ქსელში განხორციელებულია 4 მილიონზე მეტი ტრანზაქცია.


რა უპირატესობები აქვს ნანოს?


ბადური ბლოკის სტრუქტურა განასხვავებს ნანოს სხვა კრიპტოვალუტებისგან. თითოეულ ანგარიშს აქვს თავისი ბლოკჩეინი, რაც მოიცავს მის ბალანსსა და ტრანზაქციების ისტორიას. მხოლოდ ანგარიშის მფლობელს შეუძლია განაახლოს საკუთარი ბლოკჩეინი, რაც ნიშნავს, რომ განახლება არ მოითხოვს ბევრი სხვა კომპიუტერის თანხმობას და არის სწრაფი. ამ სტრუქტურის გათვალისწინებით, თითოეული გადარიცხვა მოითხოვს ორ ტრანზაქციას ერთის ნაცვლად. კერძოდ - გამგზავნმა უნდა დააფიქსიროს გაგზავნის ტრანზაქცია, ხოლო მიმღებმა - მიღების.


რატომ უნდა გამოვიყენოთ ნანო?


ნანოს ყველაზე დიდ უპირატესობას ტრანზაქციული ხარჯების არარსებობა, მასშტაბურობა და სისწრაფე წარმოადგენს. ინდივიდუალური ბლოკჩეინის წყალობით, თითოეული ტრანზაქცია ეტევა UDP პაკეტში და ადგილი არ აქვს ბლოკის სიდიდესთან დაკავშირებულ პრობლემებს. ერთადერთი, რამაც შეიძლება შედარებით შეანელოს ტრანზაქციების სიჩქარე, არის ანტი-სპამ სისტემა (PoW), თუმცა ნანოში განხორციელებული გზავნილები სხვა ვალუტებთან შედარებით მაინც სწრაფია.


როგორ შეუძლია ნანოს არსებული კრიპტოვალუტების გაუმჯობესება?


ბიტკოინთან შედარებით, რომელიც ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტაა, ნანოს აქვს საგრძნობი უპირატესობა ტრანზაქციის დროის მიხედვით. ბიტკოინში განხორციელებული ჩვეულებრივი ტრანზაქცია მოითხოვს შეკვეთების გადამუშავებას, ამასთან თითოეული ბლოკის გადამუშავების საშუალო დრო 10 წუთია. როგორც წესი, რამდენიმე ბლოკის დამატებაა საჭირო ტრანზაქციის სრულად შესასრულებლად. შედარებისთვის, ნანოში განხორციელებული ყოველი ტრანზაქცია არის ცალკე აღებული ბლოკი და ქსელს შეუძლია მისი სწრაფად გადამუშავება.


ამასთან, ნანოზე თავდასხმის შემთხვევაში, საჭიროა ხმების 50%-ზე მეტი. ეს კი მოითხოვს დიდ ფინანსურ რესურსს, რაც არის XRB-ს (ნანოს მონეტების) კაპიტალის ნახევარზე მეტის ფლობა.


როგორ მუშაობს ხმები?


რაც უფრო დიდია თქვენი ბალანსი ნანოში, მით უფრო მეტი წონა აქვს თქვენი ანგარიშის ხმას, რასაც voting power ეწოდება. ამას ემატება სპეციალური PoS (წილის მტკიცებულების) სისტემა, რომელიც მინიმალური ენერგიის დანახარჯით და იაფიანი hardware-ით უზრუნველყოფს ნანოს გამართულ ფუნქციონირებას.


ნანოს საფულეები


ნანოს ოფიციალური ვებსაიტიდან მსურველებს შეუძლიათ რამდენიმე საფულის გადმოტვირთვა ანდროიდის, iOS-ის და ვინდოუსისთვის.


როგორ შევიძინოთ ნანოს მონეტები (XRB)?


ყველაზე მარტივი გზა, როგორც შეგიძლიათ მათი შეძენა, არის ბიტკოინის ან/და ეთერეუმის საშუალებით Coinbase-ზე. თავად ამ ვალუტების შეძენა კი Coinbase-ზე საკრედიტო ბარათითაა შესაძლებელი. შემდეგ, მათ გადაცვლით XRB-ში.


ნანოს ფასი


ნანოს ფასი შექმნის პერიოდიდან საკმაოდ სტატიკური იყო, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს კი, ბევრი სხვა ვალუტის მსგავსად, მკვეთრად გაიზარდა. 20 ცენტიდან ჯერ 1 დოლარს ასცდა, 12 დეკემბერს კი $4,02 -ს მიაღწია, კიდევ უფრო საგრძნობი ზრდა 2018 წლის იანვარში ჰქონდა, როცა მცირე პერიოდით $36-საც ასცდა. წერის მომენტში მისი ფასი $8,85-ია. რაც, ბოლო 3 თვის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 215%-იანი ზრდაა. უკანასკნელ თვეში მისმა ფასმა 8,9%-ით დაიკლო.



bottom of page