top of page

ბლოკჩეინ სისტემის საფრთხე


ბლოკჩეინის ამონახსნების არაპირდაპირი ცენტრალიზაცია ნელ-ნელა ტრენდად ყალიბდება და მას ყურადღება უნდა მიექცეს, სანამ ეს მთლიანად ბლოკჩეინ სისტემას მოიცავს. ეს ტრენდი ჰგავს სარეველას, რომელიც ნორჩ მცენარეს იპყრობს და პოტენციალის გამოვლენის საშუალებას არ აძლევს. ბლოკჩეინ სისტემის ცენტრალიზებულმა დანამატებმა შეიძლება შეაფერხოს მთელი ქსელი. ეს მოიცავს ცენტრალიზებულ API-ს, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას ბლოკჩეინზე, ვალუტის ცენტრალიზებულ გაცვლას და ა.შ.


შუამავლები უნდა გაქრნენ


როდესაც ვხედავთ, თუ რა პრობლემები მოუტანა ბლოკჩეინ სისტემას ცენტრალიზაციის პროცესმა, ვხვდებით, თუ როგორ ძლიერ სჭირდება სისტემას დეცენტრალიზაცია. მცირე ცენტრალიზებული ნაწილების დამატებაც კი საკმაოდ დიდი რისკის შემცველია მთლიანი სისტემისთვის.


ინტერნეტი უნდა იყოს დეცენტრალიზებული. კრედიტების ინდუსტრია უნდა იყოს დეცენტრალიზებული. P2P ბაზარი უნდა იყოს დეცენტრალიზებული. სესხები უნდა იყოს დეცენტრალიზებული. ნებისმიერი რამ, რასაც გააჩნია მესამე, შუამავალი პირი, უნდა ჩანაცვლდეს დეცენტრალიზებული სისტემით.


იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რატომაა ცენტრალიზაცია საფრთხე, უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ ბლოკჩეინ სისტემის დეცენტრალიზებული ბუნება. სანამ ამას გავიგებთ, უნდა გვესმოდეს ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ვალუტებსა და ტრადიციულ ფულს შორის განსხვავება.


მელბურნის ტექნიკურ ცენტრში ლექციისას, ანდრეას ანტონოპულოსმა თქვა: „ფინანსებში არსებულ ყველა პრობლემას აქვს მარტივი გადაწყვეტა. ეს გადაწყვეტა კი არასწორია და ის ცენტრალიზებულია“.


ტრადიციული ფული


ფული ადრე მიბმული იყო ოქროს სტანდარტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ბანკნოტების ოქროზე გადაცვლა იყო შესაძლებელი. ამერიკის დოლარი იყო: „გადაცვლადი ამერიკის ფინანსთა სამინისტროს რეზერვების ოქროში, სხვა კანონიერ ფულში, ან ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალური ბანკში არსებულ ოქროში“.


1971 წელს ნიქსონმა გააუქმა დოლარის ოქროში გადაცვლა. ეს ითვლება ამერიკული დოლარის ოქროს სტანდარტის დასასრულად. ამერიკული დოლარი გახდა: „გამოყენებადი ნებისმიერი ხელშეკრულების დადების დროს ტრანზაქციის განხორციელების საშუალებად, იქნებოდა ეს ტრანზაქცია კერძო თუ პირადი“.


დოლარი უკვე აღარ იცვლებოდა ოქროში. ის გახდა ერთგვარი ფასიანი ქაღალდი, რომელიც მთავრობამ გამოსცა. ის აღარ იყო გამყარებული ოქროთი, არამედ მთავრობის არსებობით. დღეს ვხედავთ, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყანა ამ მოდელს იყენებს.


ფული აღარაა გამყარებული არაფერი რეალურით. მას მხოლოდ ამყარებს ხალხის ურთიერთნდობა და ნდობა მთავრობის მიმართ.


ბანკომატის ეკრანზე გამოსახული რიცხვები არაა ციფრული ვალუტა. ეს არის უბრალოდ რიცხვები, რომლებიც ინახება ბანკის მონაცემთა ბაზაში. ცენტრალური ბანკი ამ რიცხვებს ზედამხედველობს. მის მონაცემთა ბაზაში ავტომატურად იცვლება რიცხვები, როცა ფულს ანგარიშზე ვამატებთ, ან გამოგვაქვს იქიდან. როდესაც ბარათით ვიხდით რამეს, ქეში არ მოძრაობს უმრავლეს შემთხვევებში. ეს ძალიან დიდ დანახარჯთან იქნებოდა დაკავშირებული. უბრალოდ, ბანკში, ჩვენი ტრანზაქციების მიხედვით, ყოველდღიურად იცვლება მონაცემები.


ვალუტის დეცენტრალიზაცია ნიშნავს, რომ არ არის საჭირო შუამავალი, რომელიც უზრუნველყოფს ორ პირს შორის ტრანზაქციას.


ვალუტის დეცენტრალიზაცია და შუამავლის გაქრობა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბლოკჩეინ სისტემისა. განვიხილოთ ის უფრო დეტალურად.


ბლოკჩეინი


ბლოკჩეინ სისტემა არის უბრალოდ მონაცემთა ბაზა.


ბლოკჩეინ სისტემა არის ბაზა, რომელშიც შენახულია ინფორმაცია, თუ რა ღირებულება აქვს თითო რგოლს (ანგარიშს). როდესაც ბობი ფულს უგზავნის ელისს, ბობის ხელთ არსებული თანხა მცირდება, ელისის კი - იზრდება.


ცენტრალიზებულ ბანკებსაც ასეთი სისტემა აქვთ, მაგრამ განსხვავება ისაა, თუ ვინ აკონტროლებს ამ სისტემას.


ბანკების შემთხვევაში, თვითონ ბანკია ის შუამავალი, რომელიც ინახავს ტრანზაქციების ისტორიას. ბობს არ შეუძლია უფრო მეტი ფული დახარჯოს, ვიდრე აქვს, რადგან ბანკი აკონტროლებს მის ანგარიშს. ბანკომატში გამოსახული რიცხვი არის ის რიცხვი, რომელიც ბანკის მონაცემთა ბაზაში არის ასოცირებული კონკრეტულ ანგარიშთან.


ბლოკჩეინის შემთხვევაში, მთელი მონაცემთა ბაზა ზიარდება თითოეულ მომხმარებელთან. ყველა კომპიუტერი, რომელიც ჩართულია სისტემაში, ხედავს ერთსა და იმავე მონაცემთა ბაზას, ამოწმებს და ადასტურებს ყოველ ტრანზაქციას. ბობი ვერ დახარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე აქვს, რადგან ყველა, ვინც ბლოკჩეინშია ჩართული, აკონტროლებს მის ანგარიშს. ბლოკჩეინის ყველა მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი ანგარიშისა თუ ტრანზაქციის ნახვა. თუმცა, კრიპტოგრაფიის წყალობით, ეს ანგარიშები რჩება ანონიმური.


კრიპტოგრაფიისა და „ერთობლივი მონიტორინგის“ წყალობით, იქმნება დეცენტრალიზებული მედიუმი, რომელშიც შესაძლებელია ღირებულების გადაცემა. ბიტკოინი, მაგალითად, არის მხოლოდ სია, რომელიც ამბობს, რომ ბობს აქვს 5 მონეტა, ხოლო ელისს - 10. როდესაც ბობი მონეტას უგზავნის ელისს, სია განახლდება და ბობს ექნება 4 მონეტა, ხოლო ელისს - 11.


კრიპტოგრაფიული კოდი უზრუნველყოფს იმას, რომ მხოლოდ ბობს შეუძლია, თავისი უნიკალური „გასაღების“ მეშვეობით, საკუთარ ანგარიშზე შესვლა და ფულის გადარიცხვა. ბანკის შემთხვევაში, საკუთარ პირად ინფორმაციას ანდობ ბანკს და საკუთარ ვინაობას ადასტურებ პასპორტით, პირადობის მოწმობით და ა.შ. ბლოკჩეინის შემთხვევაში, საჭიროა მხოლოდ პირადი „გასაღები“, რათა შეგეძლოს ტრანზაქციების განხორციელება. ეს ანონიმურობის გარანტიაა, რადგან შენი ანგარიში არ არის ასოცირებული სახელთან ან გვართან. ანგარიშზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ უნიკალური გასაღების მეშვეობით.


ღირებულება ბლოკჩეინზე


მაშ რატომ რჩება ხალხი პატიოსანი და რატომ ფართოვდება ბლოკჩეინი?


ალბათ გაგიგიათ ტერმინი „მაინინგი“. მაინინგი არის ტრანზაქციების ჩაწერისა და ახალი ბლოკების შექმნის პროცესი. ბლოკი არის ბლოკჩეინის ერთეული. თითოეული ბლოკი შეიცავს ბლოკჩეინის რამდენიმე ტრანზაქციას. ყოველი ახალი ტრანზაქცია ჯგუფდება ახალ ბლოკში, რომელიც, თავის მხრივ, ემატება უკვე არსებულ სისტემას. თითოეული ბლოკი შეიძლება შეიცავდეს როგორც ანგარიშების შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე ტრანზაქციების ისტორიასაც. ამიტომ არ არის საჭირო, არსებობდეს მესამე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გამართულობას. მაინერი არის ის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ბობსა და ელისს შორის არსებული ტრანზაქცია დავთარში ჩაიწეროს.


ალბათ ფიქრობთ, არის თუ არა ბლოკჩეინი გზა, რომელიც ჩაანაცვლებს ტრადიციულ ფულს?


თქვენ ალბათ გაგიგიათ ეთერეუმის შესახებაც. ეთერიუმმა მნიშვნელოვნად გაზარდა ბლოკჩეინის გამოყენების გზები. ეთერიუმი საშუალებას იძლევა, რომ ბლოკჩეინ სისტემაში, ციფრული ვალუტის გარდა, სხვა რამეებიც დავამატოთ. „მონეტა“ არის ყველაფერი, რაც პროგრამულად იხსნება. ეთერიუმი აღჭურვილია სრულყოფილი პროგრამული ენით. ეს იძლევა საშუალებას, რომ ნებისმიერი რამ (ვალი, საკუთრება, პირადობა) ჩაიწეროს მონეტის სახით.


შეგიძლია, ფლობდე მონეტას, რომელიც შეიცავს ყველანაირ ციფრულ მონაცემს რომელიმე ქონებაზე. ყველაფერი, რასაც ღირებულება გააჩნია, შეიძლება გარდაიქმნას მონეტად და იქცეს ციფრულ აქტივად, რომელიც მდებარეობს ბლოკჩეინის ქსელში. ეს შეიძლება ადამიანის ვინაობასაც კი გულისხმობდეს.


ეთერიუმი “Smart Contract”-ების განხორციელების შესაძლებლობასაც იძლევა. ეს არის კონტრაქტი, რომელიც ციფრულადაა ჩაწერილი და შეიცავს ყველა ლოგიკას, რომელიც წერილობით კონტრაქტში გვხვდება.


ბობს შეუძლია, დააპროგრამოს 5 მონეტა და გაუგზავნოს ელისს, მან კი ამ შეთანხმებას ელექტრონულად მოაწეროს ხელი.


ყველა ტრანზაქცია ხდება ბლოკჩეინ სისტემაში, რაც გულისხმობს დეცენტრალიზებულ ქსელს კონკრეტული შუამავლის გარეშე.


დეცენტრალიზაცია არის ის, რაც ბლოკჩეინ სისტემას უნიკალურს ხდის.


ცენტრალიზაციის წარუმატებლობები


კრიპტოვალუტების დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი დეცენტრალიზებულია. როდესაც ფულს დებთ ბანკში, ამისათვის საჭიროა პირადი ინფორმაცია ჩააბაროთ ბანკს, ანუ მესამე პირს. ეს ქმნის დამატებით ფენას, ფენას, რომელსაც თქვენ უნდა ენდოთ. ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაცია, რომელსაც გააჩნია კრახის წერტილი, უკვე აღარაა დეცენტრალიზებული.


ჩვენ გვჭირდება დეცენტრალიზებული გაცვლა. სწორედ ეს მოხდა, როდესაც პირველად გამოჩნდა ბიტკოინი. ეს ნამდვილად საოცარი სიახლე იყო მთელი მსოფლიოს მოსახლეობისთვის. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დამსახურებით, ჩვენ უკვე ყველაფრის დეცენტრალიზება შეგვიძლია.


პრობლემა ისაა, რომ Mt. Gox-მა სცადა ბიტკოინის რეცენტრალიზაცია. მათ, მართლაც, მოახდინეს ანგარიშის გასაღებებზე კონტროლის ცენტრალიზაცია. როდესაც დიდ რამეზე კონტროლი აქვს ერთ ადამიანს ან კომპანიას, საქმეები, ძირითადად, კარგად არ მიდის. ერთ მომენტში, Mt. Gox-ი მსოფლიო ბიტკოინების ტრანზაქციის 70%-ს აკონტროლებდა. ეს ცენტრალიზაციის საკმაოდ მაღალი დონეა, მაშინ, როცა ბიტკოინი იგულისხმება, როგორც დეცენტრალიზებული ვალუტა.


რა მოხდა? მათ დაკარგეს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ბიტკოინები.


რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ მათ მაოხდინეს ყველა გასაღების ცენტრალიზება.


აი რატომ არის საჭირო დეცენტრალიზებული გაცვლა. ის, რაც მოუვიდა Mt. Gox-ს, თითქმის შეუძლებელია დეცენტრალიზებულ სივრცეში. ასეთი პროექტები, შესაძლოა, უფრო ჩახლართული და რთულია აღსაქმელად, ვიდრე ცენტრალიზებული პროექტები (რომელთაც უკვე მივეჩვიეთ). მაგრამ დეცენტრალიზაცია გარდაუვალი და აუცილებელია.


დეცენტრალიზებული გამოსავალი


პროექტები, როგორებიცაა Stellar და waves, წარმოაჩენენ დეცენტრალიზაციის ღირებულებას. ეს საკმაოდ პერსპექტიული პროექტებია. როდესაც ბლოკჩეინზეა საუბარი, ცენტრალიზებული მოდელის ალტერნატივა ყოველთვის იარსებებს, მაგრამ ტექნოლოგიის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია დეცენტრალიზებული მოდელების დანერგვა.


ბლოკჩეინის ტიპები, რომლებშიც ინდივიდებს აქვთ ბლოკების 50%, მთლიანად უგულებელყოფს ტექნოლოგიის იდეას. სწორედ ასეთი კომპანიები იწვევს წუხილს არსებული ცენტრალიზაციის მიმართ.

ცენტრალიზებულ მოდელებში, მომხმარებელი მთლიანად ენდობა მესამე პირს. ეს მომხმარებელს აქცევს მოწყვლად არსებად, როგორც იყო Mt. Gox-ის შემთხვევაში. Mt. Gox-ი კი მხოლოდ ერთი მაგალითია. ცენტრალიზებული სისტემის ჩავარდნების მაგალითად Bitfinex-ი და Wells Fargo-ც გამოდგება. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო იყო Equifax-ის გატეხვა, რამაც უამრავი ამერიკელი რისკის ქვეშ დააყენა.


ბლოკჩეინ სისტემაში შესვლის დეცენტრალიზებული ვარიანტებიც არსებობს. MIMIR Blockchain Solutions-მა განაცხადა, რომ შექმნის ასეთ ვარიანტს. იმის სანაცვლოდ, რომ ბლოკჩეინ სისტემაზე წვდომა ცენტრალიზებული წყაროდან შეგეძლოთ, ეს წყარო დეცენტრალიზებული გახდება.


დეცენტრალიზაცია, მართლაც რომ, ბლოკჩეინ სისტემის საიდუმლო იარაღია. ევან ვან ნესი ამ ყველაფერს აჯამებს: „ცენტრალიზაცია არის ძალაუფლება. ხოლო ძალაუფლება - კორუფციის წყარო“.


ჩავარდნა შეუძლებელია


როდესაც ამატებ ცენტრალიზებულ ფენას, ჩნდება ყველა ის პრობლემა, რის გაქრობასაც ბლოკჩეინი გვთავაზობს. იქმნება სივრცე, რომელმაც შეიძლება კრახი განიცადოს. ასეთი სივრცე ქმნის აქტივების მოპარვის შესაძლებლობას.


მუსტაფა ინამულამ, MIMIR-ის კრეაქტიულმა დირექტორმა, განაცხადა: „არავინ უნდა იყოს დამოკიდებული მესამე პირის წყალობაზე. მითუმეტეს, რომ მესამე პირმა შეიძლება იხეიროს უკანონო და უსინდისო საქმიანობით. ცენტრალიზებული სისტემის შექმნისას არსებული განზრახვები შეიძლება კეტილი იყოს. ეს არარელევანტურია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, თუ რა არის ალბათობა იმისა, რომ მესამე პირმა ითაღლითოს“.


სავარაუდოდ, არ არსებობს სისტემის გატეხვის მარტივი გზა. თუმცა, სამწუხაროდ, ნებისმიერი ცენტრალიზებული ფენის გატეხვა შესაძლებელია. არც ერთ ინდივიდუალსა თუ ფირმას არ უნდა ჰქონდეს სისტემის სათავისოდ, ბოროტად, გამოყენების საშუალება. დეცენტრალიზაციაა გზა, რომელიც ცენტრალიზაციის დროს გამოჩენილი პრობლემების მინიმუმამდე დაყვანას გვთავაზობს.


ბლოკჩეინი ქმნის სივრცეს, რომლის მოტყუება სტატისტიკურად შეუძლებელია. ეს უნდა დავიმახსოვროთ. ცენტრალიზებულმა ორგანოებმა ძალიან ბევრი რამე გააკეთეს, მაგრამ თუ გვინდა, რომ ბლოკჩეინ სისტემა პროგრესისთვის გამოვიყენოთ, აუცილებელია დეცენტრალიზაცია.


ცენტრალიზაციის პირობებში ჩნდებიან ავტორიტეტები, რომელთაც შეუძლიათ წესების შეცვლა ნებისმიერად. შეუძლიათ ანგარიშის გაყინვა, შეცვლა და ა.შ. მეტიც, ჩნდება ადამიანური შეცდომის რისკიც. ეს უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ და მხარი დაუჭიროს დეცენტრალიზებულ სისტემას.


თუ შეგვიძლია, რომ სტატისტიკურად შეუძლებელი გავხადოთ ყველა ცდომილება, მაშინ რატომ არ ვაკეთებთ ამას? რატომ ვუშვებთ, თუნდაც მცირე შესაძლებლობას იმისა, რომ აქტივები მოიპარონ?


ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ხათრით, არ დაუჭიროთ მხარი ცენტრალიზებულ ვარიანტს. როდესაც არჩევანის წინაშე ხართ, ყოველთვის დაუჭირეთ მხარი დეცენტრალიზაციას!


წყარო: ccn.com, bitcoinist.com. coindesk.


bottom of page