''ბიტკოინის ფასის 100 დოლარამდე დავარდნა გაცილებით სავარაუდოა, ვიდრე....''
ჰარვარდის პროფესორმა და ცნობილმა ეკონომისტმა, კენეტ როგოფმა, რომელიც ცნობილია იმით, რომ ფიზიკური ქეშის შემცირების მომხრე იყო, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასის 100 დოლარამდე დავარდნა გაცილებით სავარაუდოა, ვიდრე მისი 100 000-მდე გაზრდა.
CNBC-სთან საუბრისას, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილმა მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტას მალე აღარ გამოიყენებენ ფულის გასათეთრებლად და გადასახადების თავიდან ასაცილებლად. სხვა მხრივ, კრიპტოვალუტის ტრანზაქციებში გამოყენებას განსაკუთრებული ღირებულება არ გააჩნია.
მან განაცხადა: „მე ვთვლი, რომ ბიტკოინი დღევანდელი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს შეინარჩუნებს. თუ 10 წლის მომავალზე ვსაუბრობთ, ვიტყოდი, რომ ბიტკოინის ფასის 100 დოლარამდე ჩამოსვლა უფრო სავარაუდოა, ვიდრე 100 000 დოლარამდე აწევა“.
ბიტკოინი მართლაც ხშირად ასოცირდება ისეთ უკანონო საქმიანობასთან, როგორიც ფულის გათეთრება და გადასახადების დამალვაა. ექსპერტების შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ერთგვაროვანი. CCN-ის ცნობის მიხედვით, 2016 წლის ევროპოლის კვლევამ ვერ იპოვა სარწმუნო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბიტკოინს ტერორისტები იყენებდნენ.
გარდა ამისა, ევროპის კომისიისა და ევროპარლამენტის კვლევების მიხედვით, ტერორისტები ძალიან იშვიათად იყენებენ ბიტკოინსა და ეთერეუმს. მოხსენების მიხედვით, ბიტკოინის გამოყენება ტერორიზმის დაფინანსებაში შეფასებულია, როგორც „საშუალოდ მნიშვნელოვანი“.
როგოფის მიხედვით, სამთავრობო რეგულაციები იქნება ის ფაქტორი, რომელიც ბიტკოინს წარსულს ჩააბარებს. მან ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეგულატორული სისტემის შექმნას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება: „საჭიროა, რომ არსებობდეს გლობალური რეგულაცია. თუ ამას მოახერხებს ამერიკის შეერთებული შტატები და ჩინეთი და ვერ მოახერხებს იაპონია, ხალხი მაინც მოახერხებს ფულის გათეთრებას და გადასახადებისგან დამალვას იაპონიაში.“
მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნები ინდივიდუალურ პოლიტიკას ატარებენ კრიპტოვალუტების მიმართ. მაგალითად, შარშან იაპონიამ ლეგალური გახადა ბიტკოინის, როგორც მსყიდველობითი უნარის მქონე ვალუტის, გამოყენება.
მექსიკამაც მიიღო კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელთაც მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა სჭირდება რატიფიცირებისთვის. მექსიკის მსგავსად, ფილიპინების ფასიანი ქაღალდების რეგულატორმა ორგანომაც გამოაცხადა, რომ მიიღებს გარკვეულ წესებს კრიპტოვალუტების ტრანზაქციებისა და ICO-ების შესახებ.
როგოფის მიხედვით, ხელისუფლებები მერყეობენ კრიპტოვალუტების რეგულაციასთან დაკავშირებით, რადგან ელოდებიან ტექნოლოგიურ განვითარებას, რომელიც თან სდევს მათ გამოჩენას. მისი თქმით, მთავრობებს სურთ ტექნოლოგიის განვითარება, რადგან აქამდე კერძო სექტორმა მოიტანა ყველა პროგრესი, რომელიც ვალუტებს შეეხება.
აღსანიშნავია, რომ როგოფის ასეთი დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ არაა ახალი. შარშან ოქტომბერში, მან განაცხადა, რომ ბიტკოინის ღირებულება მალე დავარდება, რადგან: „ინოვაციურ ვალუტებს, რომელთაც ქმნის კერძო სექტორი, ადრე თუ გვიან, არეგულირებენ და აწესრიგებენ მთავრობები“.
წყარო: ccn.com