top of page

სამხრეთ კორეელ მაღალჩინოსნებს აეკრძალათ კრიპტოვალუტების ფლობა და ვაჭრობა



MBN, სამხრეთ კორეის ძირითადი საინფორმაციო საშუალება, იუწყება, რომ სამხრეთ კორეის მთავრობამ ოფიციალურად აუკრძალა ქვეყნის მაღალჩინოსნებს კრიპტოვალუტების ფლობა და ვაჭრობა.


MBN-ის მოხსენების მიხედვით, ეთერეუმის, ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფლობა ეკრძალებათ არა მხოლოდ სტრატეგიისა და ფინანსების სამინისტროში მომუშავე თანამდებობის პირებს, არამედ ნებისმიერ უწყებაში მომუშავე საჯარო პირს. ამ აკრძალვის მიზანია, რომ არცერთ ინსტანციაში არ გაჩნდეს ინტერესთა კონფლიქტი, როდესაც სამხრეთ კორეის ადგილობრივი კრიპტობაზრის დარეგულირებაზე იქნება მსჯელობა.


გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მაღალჩინოსნებს უნდა აეკრძალოთ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა, სამხრეთ კორეის მთავრობამ მას მერე მიიღო, რაც გამოაშკარავდა, რომ ადგილობრივი ფინანსური კომისიის თანამდებობის პირები, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კრიპტოვალუტებით ვაჭრობდნენ. მაგალითად, მათ გაყიდეს კრიპტოვალუტები მანამ, სანამ სამხრეთ კორეის იუსტიციის მინისტრი, პარკ სანგ-კი, მცდარ ინფორმაციას გაავრცელებდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლება მათ აკრძალავდა 2017 წლის ბოლოს.


მას შემდეგ, რაც სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ, კრიპტოვალუტების სრულად აკრძალვისა და იაპონიისა და ამერიკის ეკონომიკებთან ჩამორჩენის მაგივრად, ბაზრის გონივრულ დარეგულირებაზე და ინვესტორებისა და ბიზნესების ინტერესების დაცვაზე იქნებოდა ორიენტირებული, იუსტიციის მინისტრმა კრიპტოვალუტების მიმართ გაკეთებული მკაცრი განცხადებების ტონი შეარბილა.

„სამხრეთ კორეის ყველა ოფიციალური პირი თანხმდება იმაზე, რომ კრიპტოვალუტების ბაზრის გადახურებასა და სპეკულაციურ ტალღებს გარკვეული საპასუხო რეგულაციები სჭირდება ჩვენი მხრიდან“ - განაცხადა პარკმა იანვარში. ამ განცხადებით, მან ერთგვარად უკან დაიხია თავისი წინა პოზიციისგან, რომელიც გულისხმობდა კრიპტოვალუტების აკრძალვას მთელი ქვეყნის მასშტაბით.


ოპოზიციის წარმომადგენელმა, კიმ სეონგ-ტაეს, განცხადებით, ზოგიერთ მაღალჩინოსანს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის მინისტრი პარკი ნაჩქარევ განცხადებას გააკეთებდა კრიპტოვალუტების აკრძალვის შესახებ. ამ ინფორმაციამ კი გამოიწვია ინსაიდერული ვაჭრობა, ანუ, ვაჭრობა იმ ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ხალხის უმეტესი ნაწილი არ ფლობს.

წარმომადგენელმა კიმმა შემდგომი განცხადება გააკეთა:

„ძალიან ბევრი წყარო არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ მუნ ჯაე-ინის მთავრობის პირები ჩართულები იყვნენ კრიპტოვალუტებით ვაჭრობაში. იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური პირები სარგებელს ღებულობდნენ კრიპტოვალუტებით განხორციელებული ტრანზაქციების წყალობით და ეს ტრანზაქციები ეყრდნობოდა შიდა ინფორმაციას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისინი ეწეოდნენ ინსაიდერულ ვაჭრობას.“


ბრალდებების საპასუხოდ, მთავრობამ შემოიღო აკრძალვა, რომელიც ნებისმიერ მაღალჩინოსანს შეუზღუდავს უფლებას, ივაჭროს კრიპტოვალუტებით.


პირველ მარტს, სამხრეთ კორეის პერსონალის ინოვაციის დეპარტამენტმა ოფიციალურად მიმართა ლურჯ სახლსა (სამხრეთ კორეის პრეზიდენტის აღმასრულებელ ოფისს) და ყველა სხვა დეპარტამენტს, რომ შეაჩერონ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იარსებებს სასჯელი, რომელიც კრიპტოვალუტაში ინვესტორ დეპარტამენტს დაეკისრება.


სამხრეთ კორეის თავისუფალი ვაჭრობის კომისია, ფინანსური სერვისების კომისია და სტრატეგიისა და ფინანსების სამინისტრო ერთსულოვნად დაეთანხმნენ სამხრეთ კორეის პერსონალის ინოვაციის დეპარტამენტის წინადადებას მაღალჩინოსნებს შორის კრიპტოვალუტების აკრძალვის შესახებ. ეს აკრძალვა განაპირობებს იმას, რომ ოფიციალური პირები მომავალში აღარ იქნებიან ჩართულები უსამართლო ვაჭრობაში.


რაც შეეხება კრიპტოვალუტების ბაზარს, სამხრეთ კორეის მთავრობა მას აკონტროლებს იმ დონეზე, რომ ბაზრის ახალ მოთამაშეებსა და ჩვეულებრივ ინვესტორებს კრიპტოვალუტებში ინვესტირების დროს არ გაუჩნდეთ კითხვები რეგულატორულ მექანიზმებსა და პოლიტიკის სიმკაცრის შესახებ. ადგილობრივ ბაზრებზე ახლაც ყოველდღიურად ჩნდებიან ახალი პირები.

წყარო: ccn.com

bottom of page