სამხრეთ აფრიკელებმა 50 მილიონამდე დაკარგეს „BTC Global“-ში ინვესტიციით
ყალბი Twitter-ის ანგარიშებიდან დაწყებული, რომლებიც უფასო ბიტკოინებსა და ეთერს იპირება, ინვესტორებისთვის ყალბი იმეილების გაგზავნით დამთავრებული - კრიპტოვალუტებით თაღლითობის რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა. Apple-ის თანადამაარსებელმა, სტივ ვოზნიაკმაც კი დაკარგა 7 ბიტკოინი ონლაინ თაღლითობის გამო. ერთ-ერთი ყველაზე ახალი კომპანია, რომელიც თაღლითების სიას შეუერთდა, არის „BTC Global“. ორობითი სისტემით ვაჭრობის შესაძლებლობამ ანკესზე უამრავი ადამიანი წამოაგო სამხრეთ აფრიკაში, ამერიკაში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში და მათ ჯამში 50 მილიონი მოიპარეს. 27 500-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო საჩივარი ამ კომპანიის წინააღმდეგ. ისინი სამხრეთ აფრიკის დირექტორატს სთხოვენ, ეს საქმე პრიორიტეტად აირჩიონ. სპიკერმა, კაპიტანმა ლოიდ რამოვამ განაცხადა:
„მე ვესაუბრე ერთ-ერთ გამომძიებელს ჩვენს გუნდში და მან დამიდასტურა, რომ ეს საქმე დაახლოებით 2 კვირის წინ შემოვიდა. 27 500 საჩივრიდან, რომელიც მივიღეთ, ბევრი სამხრეთ აფრიკის საზღვებს სცდება. საუბარია 50 მილიონ დოლარზე. სიტუაცია დაზარალებულების რიცხვის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მწვავდება.“
რა არის BTC Global?
BTC Global-მა საქმიანობა 2017 წლის 25 სექტემბერს დაიწყო და მას სათავეში „ცნობილი ტრეიდერი“ სტივენ ტვეინი ედგა. მისმა წარმატებამ ორობითი სისტემით ვაჭრობაში ხალხი დააჯერა ამ პლატფორმის სანდოობაში. თუმცა, კომპანია მაშინვე მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როცა მისი თაღლითური მოქმედებები გამოაშკარავდა. ეჭვის ქვეშ დადგა იმ თანხის რაოდენობაც, რომელსაც კომპანია დაზარალებულებს სთავაზობდა.
BTC Global-მა თავდაპირველად ხალხს უფლება მისცა, ბიტკოინები შეეძინათ პლატფორმიდან, შემდეგ მათ მომხმარებლებს შესთავაზეს, ჩაედოთ ინვესტიცია და სანაცვლოდ კვირაში 2 დან 14 პროცენტამდე მოგებას დაჰპირდნენ. დაზარალებულებმა სამხრეთ აფრიკის გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს რომ მათი ჩადებული ინვესტიციების რაოდენობა 1341,92 დოლარიდან 100 000 დოლარამდე მერყეობდა.
დასაწყისშივე, ხალხმა დივიდენდები მიიღო, რაც მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, მაგრამ 2 კვირის წინ, ტვეინი გაუჩინარდა ონლაინ სივრციდან. ხალხმა მაშინვე დაიწყო კომპანიის წინააღმდეგ საჩივრების წერა და რამდენიმე დღეში გამოძიებაც დაიწყო. რამოვამ სიტუაცია შემდეგნაირად განმარტა:
„ გამოძიება ჯერ ახალი დაწყებულია. ჯერ არ შემიძლია იმის თქმა, მართლაც გამოგონილ კომპანიასთან გვაქვს საქმე, რომელიც ფულის უკანონო მითვისებისათვის შეიქმნა, თუ არა. BTC Global-ი ფინანსური მახინაციების გამო გამოძიების სამიზნეა.“
კომპანიის თნამშრომლებმა გამოაქვეყნეს განცხადება Facebook-სა და ოფიციალურ ვებ გვერდზე. BTC Global-ში მომუშავე გუნდის თქმით, გადახდის დეტალები ტვეინისათვის იქნა გაგზავნილი 2017 წლის 18 თებერვალს, მაგრამ გუნდს მისგან პასუხი არ მიუღია. მას შემდეგ, არც ლიდერებს და არც გუნდის ადმინისტრატორებს ტვეინისგან არაფენი სმენიათ. განცხადებაში ასევე ნათქვამია:
„ადმინისტრატორების გუნდი ვერ ახერხებს მისი ადგილმდებარეობის დადგენას. თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას, როგორ შეიძლება მისთვის ხმის მიწვდენა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ მუქარა, დაშინება და ძალადობა ლიდერებისა და ადმინისტრატორების მიმართ. წარმოუდგენელია, რომ ადამიანები ასე იქცევიან. თუ თვლით, რომ ამ საქმეში თქვენს მიმართ დანაშაული იქნა ჩადენილი, თქვენ უნდა მიჰყვეთ კანონის ძალით დადგენილ პროცედურებს. ჩვენ თქვენსავით შოკირებულები და გაბრაზებულები ვართ. თუმცა, ჩვენ ყველას გვესმოდა, რომ სტივენის ფონდთან საქმის დაჭერა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვიხიბლეთ სტივენის შემოთავაზებებით და ყველამ დაუყოვნებლივ ჩავდეთ ინვესტიცია მის ფონდში. მანამ, სანამ სტივ ტვეინი არ გამოჩნდება ან იპოვნიან, ადმინისტრატორების გუნდს არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.“
გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, შერი ვარდმა, ბრალდება წაუყენა ადამიანს, რომელიც მას საკუთარი სახლის წინ დაემუქრა და დააშინა. სხვა თანამშრომლებიც ღელავენ ამ საკითხზე, რადგან გაბრაზებული ინვესტორების მიერ მათი სახლის მისამართებმა და ტელეფონის ნომრებმა ინტერნეტში გაჟონა.
წყარო: ccn.com