რა არის GIFTO
გთავაზობთ ახალი ბლოკჩეინ პლატფორმის, GIFTO-ს, მოკლე მიმოხილვას ჩვენი ერთგული მომხმარებლის თხოვნით.
GIFTO პროტოკოლი ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც Youtube-ის, Uplive-ის, Instagram-ის ან ნებისმიერი სხვა სოციალური მედიის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, კონტენტის შემქმნელებს ფასიანი ვირტუალური საჩუქრები გაუგზავნონ.
პლატფორმა აზიაშია დაფუძნებული და როგორ მათ white paper-ში ვკითხულობთ, კარგი კონტენტის შემქმნელების ფულადი ჯილდოების გაზრდას ისახავს მიზნად. მათი თქმით, Youtube-ზე ვიდეოების შემქმნელთა მხოლოდ 0.3%-ს ჰყავს მილიონზე მეტი მაყურებელი და, შესაბამისად, ყველაზე მეტ ანაზღაურებას - საშუალოდ 2,000 დოლარს - სწორედ ისინი აკეთებენ. Gifto-ს უნდა, შეცვალოს ეს და ყველას მისცეს ანაზღაურების მიღების თანაბარი შესაძლებლობა.
ამისათვის, აზიის ინოვაციურმა ჯგუფმა (AIG) შექმნა Gifto, ვირტუალური საჩუქრების პროტოკოლი. როდესაც, მაგალითად, Youtube-ის მომხმარებელი საინტერესო ვიდეოს გადააწყდება, მას შეუძლია შევიდეს ვიდეოს ქვემოთ მითითებულ ლინკზე, აარჩიოს სასურველი საჩუქარი, შეიძინოს ის და გაუგზავნოს ვიდეოს შემქმნელს. თავის მხრივ, ვიდეოს შემქმნელს შეუძლია შეინახოს ეს საჩუქარი და გადაუცვალოს, ან აჩუქოს სხვას, ან გადაცვალოს ის Gifto მონეტებში და შემდეგ ტრადიციულ ფულში.
ვირტუალური საჩუქრები ორიგინალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ვიზუალურად, ისევე ფასშიც და მახასიათებლებშიც. საჩუქრის ფასი ვარირებს 0.3 აშშ დოლარიდან 1,471 აშშ დოლარამდე. რაც შეეხება მახასიათებლებს, საჩუქარი შეიძლება იყოს მოულოდნელი, ანუ მყიდველმა არ იცოდეს, ზუსტად როგორ გამოიყურება საჩუქარი, შეიძლება იყოს შეგროვებადიც, მაგალითად, ჰოროსკოპის ნიშნები, ან იყოს სპეციალური გამოშვება, შეერთებადი, ანუ უერთდებოდეს სხვა საჩუქარს ახალი და უფრო ძვირადღირებული საჩუქრის შექმნის მიზნით, იყოს ინტერაქტიული, ან გაცვლადი. საჩუქრების ასეთი მრავალფეროვნება მათ ყიდვასა და ჩუქებას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
კონტენტის შემქმნელი თავად ირჩევს სასურველი საჩუქრების ჩამონათვალს და განათავსებს ამ საჩუქრების ლინკს თავის გვერდზე. მსურველი შემდეგ ამ ლინკზე გადასვლით არჩევს იმ საჩუქარს, რომელიც უნდა, რომ კონტენტის შემქმნელს გაუზიაროს და ყიდულობს მას.
Gifto-ს გუნდმა პროექტი Uplive-ზე დატესტა, სადაც დიდ წარმატებასაც მიაღწია. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებლები ყიდულობდნენ ისეთ ძვირიან საჩუქრებსაც კი, როგორიცაა 1,471 დოლარიანი “Around the World“ ანიმაცია. ასეთი წარმატების გამო, მათ გადაწყვიტეს, აპლიკაცია ბლოკჩეინ პლატფორმაზე გადაეტანათ და სხვა სოციალურ ქსელებშიც გაევრცელებინათ.
პლატფორმის მთავარი ვალუტა GIFTO მონეტებია, რომელთა მეშვეობითაც მომხმარებლები ვირტუალურ საჩუქრებს ყიდულობენ. GIFTO მონეტების მიღება შესაძლებელია საჩუქრების გადაცვლით, ახალი საჩუქრების მოფიქრებისთვის ჯილდოდ მიღებით და უბრალოდ მატი შეძენით.
პროტოკოლის ICO უკვე დასრულებულია და დიდი წარმატებითაც - გუნდმა საჭირო დაფინანსება, 10 მილიონი დოლარი მალევე მოაგროვა. ახლო მომავალში ვნახავთ, როგორ განვითარდება პლატფორმა და რა წარმატებას მიაღწევს იგი.
წყარო: gifto white paper