არის Aisi Coin პირველი ქართული სრულყოფილი კრიპტოვალუტა?!
ალბათ, გსმენიათ ბოლო დროის პოპულარული ფრაზა „ქართულია და კარგია“. სამწუხაროდ ეს ფრაზა ძალიან შორსაა ახალი ქართული ფსევდო კრიპტოვალუტისგან. ფსევდო იმიტომ, რომ AISI coin-ს არაფერი აქვს საერთო კრიპტოგრაფიასთან (ყოველ შემთხვევაში ეს მათ white paper-ში არ ჩანს). როგორც მათ Facebook გვერდზე ვკითხულობთ, AISI coin პირველი სრულყოფილი ქართული კრიპტოვალუტაა. სინამდვილეში კი, მათ არ გააჩნიათ კრიპტოგრაფიული მისამართი,რისი მეშვეობითაც მომხმარებლები შეძლებდნენ ვალუტის შესყიდვას, გაგზავნას, ვაჭრობას და ა.შ. ასევე არ აქვთ კრიპტოგრაფიულად დაცული პლატფორმა და, შესაბამისად, მათი ბლოკჩეინთან კავშირი საერთოდ გამორიცხულია. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია, თუმცა გავაგრძელოთ მიმოხილვა. როგორც წესი, როდესაც კრიპტო პროექტი იქმნება, მას წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი კვლევები, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია განთავსებულია შემქმნელების ვებ-გვერდზე. AISI coin-ის გუნდს მსგავსი კვლევები დიდი ალბათობით არ ჩაუტარებია, რადგან ეს მათ ვებ-საიტზე საერთოდ არ ჩანს.
ახლა კი, ვნახოთ მათი white paper. დასაწყისში გეტყვით, რომ AISI coin-ის ყველაზე მთავარი დოკუმენტი არის ძალიან ზოგადი და კრიპტოსფეროში ჩახედული ადამიანისთვისაც კი დამაბნეველი. ამის მიზეზია ტექსტში მოცემული რეალობასთან შეუსაბამო ბევრი კომენტარი და არანაირი კონკრეტიკა. არასანდოობის განცდას ამძაფრებს ის შემთხვევაც, რომ ვალუტის გაყიდვის დაწყებამდე პოტენციურ მომხმარებლებს არ ჰქონდათ წვდომა ვებ-საიტსა და white paper-ზე მაშინ, როცა სხვა პროექტების შემთხვევაში, ორივე ზემოთ აღნიშნული გაყიდვების დაწყებამდე თვეებით ადრე ხდება ხელმისაწვდომი.
ვეცდები, white paper-ში არსებულ ყველაზე მთავარ ხარვეზებზე ვისაუბრო :
შესავალში ვკითხულობთ მსოფლიოს განვითარების ბოლო 30 წლის სრულიად შეუსაბამო და არაფრისმთქმელ ისტორიას. სრულიად გაუგებარია, რისთვის გახდა საჭირო მსგავსი მიმოხილვა, როდესაც ყველა ნორმალური white paper-ის შესავალში ვხვდებით უშუალოდ პროექტის მიმოხილვას და იმ პრობლემას, რომელთან საბრძოლველადაც იქმნება ეს პროექტი. ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, ინფორმაციულ და გრამატიკულ შეცდომებს თავი დავანებოთ და შესავალი არაფრის მთქმელია.
მათი მისიის აღწერა იწყება სრულიად გაუგებარი ფრაზით, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არანაირ კავშირში არ არის. გთავაზობთ მას უცვლელად : „ჩვენ, პროექტის ავტორებს გვჯერა, რომ „ქვის ხანა დასრულდა, არა იმიტომ,რომ ქვები გაქრა, არამედ იმიტომ, რომ გაჩნდა ახალი ტექნოლოგიები““.
რაც ყველაზე მთავარი და სრულიად ალოგიკურია, მათ პრეტენზია აქვთ, შექმნან სრულყოფილი კრიპტოვალუტა მისიაში კი უწერიათ, რომ მათ შექმნეს ICO პლატფორმა. ეს ისეთი შეუსაბამობაა, რომ ჩემთვის მხოლოდ ამ ფრაზის წაკითხვაც საკმარისი იქნებოდა, ამ პროექტისკენ საერთოდ რომ აღარ გამეხედა. აქვე განვმარტავ, რომ ICO ( Initial Coin Offering) არის კრიპტო ვალუტის წინასწარი გაყიდვების და ფულადი სახსრების მოზიდვის საშუალება. ასე რომ, მას არ სჭირდება შექმნა, ის ვერ იქნება პლატფორმა და, მითუმეტეს, როგორც white paper-ში წერია, მომხმარებლები ამით ვერ დააფინანსებენ ბიზნეს იდეებს. მოკლედ, მისიის ნაწილი უბრალოდ სიცრუეა.
რაც შეეხება მათ მთავარ მიზანს, დოკუმენტში ვკითხულობთ : „უპირველეს ყოვლისა პროექტის მიზანი არის, არსებული ვალუტების, აქციების, ბირჟის გაციფრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცილებით უფრო მარტივი გახდება სხვადახვა ტრანზაქციების განხორციელება.“ ეს ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა. ფინანსური სფერო უკვე გაციფრულებულია და როგორც ჩანს, ეს ყველამ იცის, AISI-ს გუნდის გარდა. პროექტის შემქმნელებს რომ მეტი წაეკითხათ დეცენტრალიზაციაზე, ცოტა დამაჯერებელი ტყუილი მაინც გამოუვიდოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, ესეც არ გამოსდით.
დოკუმენტის მეოთხე ნაწილში ვხვდებით AISI coin-ის აღწერას : „Aisi coin-ი არის გაციფრულებული, ტექნოლოგიურად დაცული კრიპტოვალუტა, რომლსაც აქვს უნიკალური შესაძლებლობა გამოყენებულ იქნას უნევერსალურ საგადახდო საშუალებად.“ მოცემულ ციტატაშიც იგივე შეუსაბამობაა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. მათ უწერიათ გაციფრულებული კრიპტოვალუტა, რაც სრულიად ალოგიკურია და საქმეში ჩახედული ადამიანისთვის, სასაცილოც კი. თუ მათ კრიპტოვალუტის შექმნა სურთ, უნდა ეწეროთ დეცენტრალიზებული ვალუტა, ნაცვლად გაციფრულებულისა. ასევე დიდი შეცდომაა, როდესაც ვხედავთ ტერმინს ტექნოლოგიურად დაცული. აქაც იგივეს გავიმეორებდი, სულ ცოტა მეტი რომ წაეკითხათ, შეეძლოთ გამოეყენებინათ ფრაზა „კრიპტოგრაფიულად დაცული“, რადგან დღეს ყველა ონლაინ პლატფორმა ტქნოლოგიურად , გარკვეულ დონეზე, დაცულია. კრიპტოვალუტის ყველაზე მთავარი უპირატესობა სწორედ მის რთულ ალგორითმულ, დაშიფრულ და კრიპტოგრაფიულად დაცულ სისტემაშია, რაც მისი უსაფრთხოების მყარი გარანტია. თუმცა, როგორც ჩანს, AISI-ს შემქმნელებს არც ამის შესახებ სმენიათ, თორემ აუცილებლად დაწერდნენ.
დოკუმენტის ბოლო ნაწილში ვხვდებით კიდევ ერთ დიდ სიცრუეს. white paper-ში ვკითხულობთ : „Waves წარმოადგენს ყველაზე სწრაფ ბლოკჩეინს, რომელსაც შეუძლია რამდენიმე ათასი ტრანზაქციის დამუშავება წუთში“.
როგორც AISI-ს შემქმნელები ამბობენ, მათი პლატფორმა დაფუძნებულია Waves-ის ბლოკჩეინზე, რომელიც ყველაზე სწრაფი კრიპტოვალუტაა მსოფლიოში.სამწუხაროდ, მათ არ სმენიათ, რომ ტრანზაქციები იზომება წამებში და არა წუთებში. მეორეც, ალბათ იმედი გაუცრუვდებათ, როდესაც გაიგებენ , რომ Wave-ის ბლოკჩეინი თითქმის 15 ჯერ ნელია, Ripple-ის ბლოკჩეინთან შედარებით. Wave – საშუალოდ 100 ტრანზაქცია წამში. Ripple – საშუალოდ 1500 ტრანზაქცია წამში.
შევეცადე, მაქსიმალურად მოკლედ გადმომეცა მათი white paper-ის ხარვეზები, თუმცა კიდევ ბევრი სხვადასხვა დეტალია განსახილველი, მაგალითად: სრულიად შეუსაბამო, გაუფორმებელი და ხარვეზებიანი ვებ-საიტი, ფაბრიკაში გამართული პრეზენტაცია და სხვა, რომელსაც ერთი სტატია ვერ დაიტევს. ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, მიუთითებს AISI-ის გუნდის არაპროფესიონალიზმსა და არაკვალიფიციურობაზე. ასევე არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია უშუალოდ გუნდში შემავალ წევრებზე. არ იძებნება არანაირი ინფორმაცია. არ ვიცით სად სწავლობდნენ, სად მუშაობდნენ და ა.შ.. პირველ რიგში, ნებისმიერი კრიპტო პროექტის სანდოობის განმსაზღვრელი არის გუნდი; ის, თუ სად აქვთ განათლება მიღებული, სად უმუშავიათ და რა სპეციალობით, ჰქონიათ თუ არა შეხება ბლოკჩეინ სფეროსთან ან კრიპტოგრაფიასთან. ნებისმიერი ამბიციური კრიპტო პროექტის გუნდზე ინფორმაცია განთავსებულია მათ ვებ-გვერდზე, რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეს ფაქტორი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ადამიანებს ჩვენ საკუთარ ფინანსებს ვანდობთ. შესაბამისად, პოტენციური ინვესტორისთვის, AISI-ის გუნდი და პროექტი მიუღებელი და არასანდო უნდა ჩანდეს. შევეცადე, რაიმე დადებითი მომეძებნა მათ პროექტში, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი ვერაფერი შევნიშნე, გარდა მათი მზაკვრული ჩანაფიქრისა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ვიცით მაგალითები შედარებით არასანდო კრიპტოვალუტების ბაზრიდან საერთოდ გაქრობის ან ფულადი სახსრების დაკარგვის და შემდეგ ამის ჰაკერებზე გადაბრალებისა.
ასევე გთავაზობთ ქართველი იუთუბერის და კრიპტო ენთუზიასტის ''ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები''-ს დაწვრილებით ვიდეო ბლოგს .