რა არის Cindicator ?
Cindicator ბლოკჩეინ პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს Machine Learning-ს (ML) და ბაზრის ანალიზს აქტივების მენეჯმენტისა და ფინანსური ანალიზისთვის. მისი ვალუტაა CND მონეტები. Artificial Intelligence-ისა (AI) და ანალიტიკოსების მეშვეობით, სინდიკატორი ადგენს წინასწარმეტყველებებს კრიპტოვალუტების ფასების მერყეობაზე, საფონდო ბირჟებზე და ბაზრებზე.
პლატფორმაზე მუშაობს დაახლოებით 50,000 ფინანსური ანალიტიკოსი, რომელთა წინასწარმეტყველებებსაც იყენებს სინდიკატორი, აერთიანებს AI-თან და ML-ის მეშვეობით ცდილობს, რაც შეიძლება ზუსტი ანალიზი ჩაატაროს.
50,000 ფინანსური ანალიტიკოსიდან თითოეულს ყოველდღიურად მისდის კითხვები იმისდა მიხედვით, თუ რომელ სფეროში არიან ისინი სპეციალისტები. მაგალითად, საფონდო ბირჟის ბროკერს მოუვა დაახლოებით ასეთი კითხვა: „Netflix-ის ფონდი დაეცემა 250$-ზე ქვემოთ, სანამ 255$-ს მიაღწევს?“, კრიპტოვალუტებით მოვაჭრეს კი დაახლოებით ასეთი: „ეთერიუმის ფასი 10%-ით დაეცემა ან აიწევს მომდევნო ორ დღეში?“
სინდიკატორის პლატფორმა მიღებულ მონაცემებს ამუშავებს. AI ამოწმებს პასუხების მეტ-ნაკლებ კომპეტენტურობას და, ამასთან, წინასწარმეტყველებები იყოფა ჯგუფებად, მაგალითად, ისინი, ვინც ფუნდამენტალურ ანალიზს იყენებენ და ისინი, ვინც ტექნიკურს და ა.შ. პლატფორმა შედეგად რამდენიმე მოდელს აგებს და არგებს ნამდვილი დროის ბაზრის მდგომარეობას გრაფიკებისა და ამ წინასწარმეტყველებების გამოყენებით.
საბოლოოდ, საზოგადოება, რომელიც იყენებს სინდიკატორის პლატფორმას, სარგებლობს მიღებული შედეგით. მათ ხელი მიუწვდებათ პლატფორმის ანალიტიკურ პროდუქტებზე, ინდიკატორებზე, ვაჭრობის სიგნალებზე და შეფასების სისტემაზე იმის მიხედვით, თუ რამდენი CND მონეტა აქვთ წილში. მომხმარებლების მიერ გამოყენებული მონაცემებით მოგებული თანხის ნაწილი საკომისიოს სახით გროვდება დაფინანსების ავზებში, აქ თავმოყრილი თანხა კი ჯილდოს სახით მისდის ფინანსურ ანალიტიკოსებს, რომლებიც პლატფორმას სწორი მონაცემების შემუშავებაში ეხმარებიან. სისტემა ისეა აწყობილი, რომ უზრუნველყოფს მაქსიმალურად ზუსტი და სანდო პასუხების მიღებას: ანალიტიკოსები ერთი თვის განმავლობაში აგროვებენ შეფასებებს იმის მიხედვით, თუ რამდენად ზუსტი იყო მათი წინასწარმეტყველება. ისინი, ვინც მეტ შეფასებას დააგროვებენ, თვის ბოლოს უფრო მეტ ჯილდოს იღებენ. შესაბამისად, ანალიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანია აუცილებლად სწორი წინასწარმეტყველების გაკეთება.
მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა ამჟამად მხოლოდ ბაზრის ანალიზს გვთავაზობს, როგორც მათ white paper-ში ვკითხულობთ, Cindicator-ს თეორიული შესაძლებლობა აქვს, აწარმოოს სამეცნიერო ანალიზები, კორპორაციული და ბიზნეს გამოსავლები და პოლიტიკური მოვლენების წინასწარმეტყველებები.
Cindicator-მა უკვე დიდ წარმატებას მიაღწია. როდესაც პლატფორმა გამოვიდა 2017 წლის მეოთხე კვარტალში, СND მონეტის ღირებულება 0.01 აშშ დოლარი იყო, 2018 წლის იანვარში კი ფასმა 0.30 აშშ დოალრს მიაღწია. ახალი წლის შემდეგ გამოწვეული წითელი დღეების გამო, ამჟამად ფასი ისევ დავარდნილია და წერის მომენტში ის 0.18 აშშ დოლარს შეადგენს. ვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია 285,4 მილიონი აშშ დოლარია, დღიური ვაჭრობის მოცულობა კი 12,2 მილიონი დოლარი. ამჟამად ბრუნვაშია 1,4 მილიარდი მონეტა, საერთო მარაგი კი 2 მილიარდი CND მონეტაა.
წყარო: coincentral.com