top of page

WanChain ICO-ს მიმოხილვა


დასაწყისში მინდა გითხრათ, რომ ეს არის ვალუტა, რომელმაც საჯარო გაყიდვის დაწყებიდან 6 წუთში შეძლო გასაყიდად გამოტანილი ტოკენების მთლიანად რეალიზება; საუბარია 34.5 მილიონ დოლარზე. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, 2015 წელს თბილისში გასამართ სუპერ თასზე (სევილია-ბარსელონა) ათიათასობით ადამიანი 2 დღე ბილეთების რიგში რომ იდგა. შედარებისთვის გეტყვით, რომ საშუალოდ საჯარო გაყიდვის პროცესი 1-დან 2 კვირამდე გრძელდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ვენჩეინის საჯარო გაყიდვებში ჩართვა არ შეეძლოთ ამერიკის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის რეზიდენტებს. ახლა კი, ვენჩეინის პოპულარობის მასშტაბის შეფასება თქვენთვის მომინდია..

დღეისათვის ბანკებში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგია და ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურა, რომელიც ასოცირდება ფინანსურ სერვისებთან, საჭიროებს შერწყმას და შეთანხმებულ მუშაობას. სწორედ ამ პრობლემას ეჭიდება ვენჩეინი (Wanchain).

რა არის ვენჩეინი?

ვენჩეინი მიზნად ისახავს , შექმნას მომავლის „ბანკი“, რომელშიც ნებისმიერ ინსტიტუტს თუ ინდივიდს ექნება შესაძლებლობა, გახსნას საკუთარი „მოლარის ფანჯარა“, რაც გულისხმობს ფინანსური აქტივების დამოუკიდებლად, მესამე პირის ჩარევის გარეშე, მართვას. როგორც ბანკი წარმოადგენს ტრადიციული ფინანსური სისტემის ინფრასტრუქტურას, ასეთივე იქნება ვენჩეინი ციფრული ფინანსური სისტემისთვის.

ვენჩეინი საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ ისეთი სერვისებით, როგორიცაა :

  • ვალუტების გაცვლა - ვენჩეინის გამოყენებით მომხმარებლებს შეეძლებათ მრავალი სხვადასხვა ტოკენის გაცვლა-გამოცვლა.

  • კრიპტო სესხები - მომხმარებლები შეძლებენ როგორც თავისუფალი ფულის გასესხებას, ასევე სესხებას.

  • კრიპტო ინვესტიციები - ვენჩეინის დახმარებით შესაძლებელი იქნება საკუთარი საინვესტიციო შეთავაზებების გავრცელება.

ვენჩეინის ძლიერი მხარეები :

  • არის ძალიან ამბიციური პროექტი და თუ ის წარმატებას მიაღწევს, მას ექნება უდიდესი გავლენა ბლოკჩეინის ფინანსურ სექტორზე. მას უკვე აფასებენ, როგორც მომავალი ტოპ-10-ის ვალუტა;

  • ძალიან ძლიერი გუნდი. ჰყავთ საუკეთესო ექსპერტები კრიპტოგრაფიული მატემატიკის სფეროდან, ინჟინრები და დეველოპერები ძალიან ძლიერი კომპანიებიდან და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებიდან;

  • ძალიან ინფორმაციული და დაწვრილებითი white paper;

  • ჯეკ ლუ - ვენჩეინის დამფუძნებელი და ასევე პროექტ Factom-ის თანადამფუძნებელი. როგორც იცით, Factom-ის ვალუტა გამოშვებიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა და ამჟამად ICO-ში მონაწილე მომხმარებლებს გაორასმაგებული თანხა უდევთ ანგარიშზე. ანუ, თქვენ რომ Factom-ის ICO-ში 100 დოლარის ინვესტიცია განგეხორციელებინათ, ამჟამად ანგარიშზე 20 000 დოლარი გექნებოდათ.

რაც შეეხება სისუსტეებს :

  • იმის გამო, რომ ვენჩეინამდე მსგავსი ტიპის პროექტები უკვე არსებობს, შესაძლოა მათ გაუჭირდეთ ხალხის ნდობის მოპოვება;

  • მათი მოქმედების გეგმა არ არის დაწვრილებით აღწერილი და ასევე საკმაოდ მოკლეა - 2019 წლის ბოლომდე;

  • კრიტიკოსების აზრით, მათ არ ჰყავთ საკმარისად კარგი მარკეტერები, რაც ხელს შეუშლის მათი პოპულარობის ზრდას.

კრიპტოვალუტის სფეროში ინვესტირებისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უსაფრთხოება. სწორედ ამ უსაფრთხოების უკან იგულისხმება ის გუნდი, რომელიც პროექტს მართავს. აუცილებელია, კრიპტოვალუტაში ინვესტირებამდე, კარგად გავეცნოთ მათ პროექტს და ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ გუნდს, კერძოდ კი : გადავამოწმოთ მათი პირადი გამოცდილება, უმუშავიათ თუ არა წარმატებულ კომპანიებში და რამდენი ხნით, აქვთ თუ არა გამოცდილება კრიპტო/ბლოკჩეინ სფეროში, რამდენი წევრისგან შედგება გუნდი და ა.შ. რაც შეეხება ვენჩეინის პროექტს, ისინი ნამდვილად არ განიცდიან პროფესიონალების ნაკლებობას და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდი ჰყავთ კრიპტო სფეროში. მათი გადამოწმება ნებისმიერ მომენტში ძალიან მარტივად შეგიძლიათ.

ჯამში არსებობს 210 000 000 WANcoin, რაც საკმაოდ კარგი რაოდენობაა; აქედან 51% გაიყიდა საჯარო გაყიდვის პროცესში. ე.წ. ჰარდ ქეფი (hard cap) მიღწეულია და ის 34 500 000$-ს შეადგენს. ერთი ვენქოინი = 0.32$.

მხოლოდ ერთი დასკვნა შეიძლება არსებობდეს: ვენჩეინს თვალი უნდა ვადევნოთ. ის ჯერ კიდევ არ გამოჩენილა ბირჟებზე და საწყის სტადიაზე მათი ტოკენების შეძენას კიდევ ბევრი ადამიანი აპირებს, რაც ფასის ზრდას გამოიწვევს. მართალია, ყველა ახალი პროექტი რისკის შემცველია, მაგრამ მათი გუნდი და ასეთი პოპულარობა ნამდვილად იმედის მომცემია.

წყარო : blockdiscover.com

bottom of page